Home » ეკონომიკა » რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და როგორია ენერგოსექტორში ინვესტიციების შესაძლებლობები
რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და როგორია ენერგოსექტორში ინვესტიციების შესაძლებლობები

რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას და როგორია ენერგოსექტორში ინვესტიციების შესაძლებლობები

ინტერვიუ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან, დავით წიკლაურთან  

ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს ეკონომიკური ამოცანებიდან ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. ენერგოდამოუკიდებლობის  მისაღწევად  კი  ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი ჰიდროპოტენციალის მაქსიმალური ათვისებაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი სიმძლავრეების მშენებლობას და ამ საკითხით უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას, რაზეც, თავის მხრივ, დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა.

ბოლო წლებში უცხოელ ინვესტორებთან ერთად ჰიდრო-ენერგეტიკული ობიექტების დაფინანსებისადმი ინტერესი ადგილობრივმა ბანკებმაც გამოხატეს. მათ შორის, აღსანიშნავია თიბისი ბანკი, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა სექტორში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებიც ამბიციური აქვს.

აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს ენერგეტიკის გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობის  დაფინანსების გარდა, სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხშიც დიდი წვლილი შეაქვთ.

საინტერესოა, როგორ წარიმართება საბანკო და ენერგეტიკის სექტორის ურთიერთთანამშრომლობა და რა დადებით შედეგებს უნდა ველოდოთ ეკონომიკაში ამ თანამშრომლობისგან?

ამ და სხვა საკითხებზე თიბისი ბანკის  კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორს, დავით წიკლაურს ვესაუბრეთ:

როგორია ახალი სიმძლავრეების მშენებლობის ტემპი საქართველოში და რამდენად რეალურია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს?

ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც იცით,  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ამოცანებიდან ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა ჩვენი საკმაოდ მდიდარი ბუნებრივი რესურსების ათვისებით არის შესაძლებელი. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ჩვენი ჰიდრორესურსები, რომლის  პოტენციალის მხოლოდ 40 პროცენტამდეა ათვისებული. ამ რესურსების ათვისება და ახალი სიმძლავრეების მშენებლობა, თავისთავად ეკონომიკისთვისაც უდიდესი სტიმული იქნება, რადგან ეს უკავშირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას.

ბოლო წლების განმავლობაში, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. მზარდ მოთხოვნას, სამწუხაროდ,  ჩამორჩება ახალი სიმძლავრეების მშენებლობის ტემპი.

ამის გამო, 2012 წლიდან ქვეყანა უფრო მეტი ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს, ვიდრე ექსპორტს. იმპორტირებული ელექტროენერგია კი, მოგეხსენებათ, ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებულთან შედარებით, უფრო ძვირია.

მომავალში,  ეკონომიკის ზრდასთან ერთად, დაგვჭირდება დამატებითი სიმძლავრეები, უფრო და უფრო მეტი ელექტროენერგია. აუცილებელია, მოიძებნოს ელექტროენერგიის საკმარისი სიმძლავრეები, რათა ეკონომიკამ შეძლოს განვითარება და ქვეყანაში იყოს ელექტროენერგიის საკმარისი რესურსი.

ზოგადად, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პირობებში, შექმნილი დეფიციტის შესავსებად  სამი ძირითადი წყარო არსებობს:  იმპორტი, რომელიც  ყველაზე ძვირი რესურსია; თბოელექტოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც ასევე არ არის იაფი რესურსი და ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე ხელმისაწვდომ რესურსს წარმოადგენს.

როგორც უკვე აღვნიშნე,  ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 40%-ია ათვისებული, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი რესურსის ათვისება შეგვიძლია.

როგორია ენერგეტიკის  სექტორის განვითარების დინამიკა? ბანკებისთვის რამდენად მიმზიდველია ამ სფეროში ინვესტირება?  

ენერგეტიკა საქართველოში საკმაოდ მზარდი და სტაბილური ბიზნესია.  გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, მას ზრდისა და განვითარების საკმაოდ მაღალი პერსპექტივა აქვს.

ბოლო 5 წლის განავლობაში ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება 27%-ით, ხოლო წარმოება 23%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოხმარებას, წარმოებასთან შედარებით, ზრდის უფრო მაღალი ტემპი აქვს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ახალი სიმძლავრეების მშენებლობა და ზოგადად სექტორის განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით მოხდება, ასევე გაგრძელდება სექტორში ინვესტიციების შემოდინების ტენდენცია. შესაბამისად, ბანკებიც უფრო მეტად იქნებიან დაინტერესებული ამ სფეროში ინვესტირებით.

რაც შეეხება თავად ენერგეტიკულ კომპანიებს, მოგეხსენებათ,  ენერგეტიკის სფეროში ნებისმიერი საშუალო თუ დიდი ზომის პროექტის წარმატებით განსახორციელებლად,  კერძო კაპიტალთან ერთად, სასესხო კაპიტალიც არის საჭირო. სწორედ ამით არის განპირობებული ბანკებისა და ენერგოკომპანიების აქტიური თანამშრომლობა.

დღეს ენერგეტიკა თიბისი ბანკის კორპორატიული საბაკო მომსახურების ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია. ენერგეტიკულ კომპანიებზე გაცემულ სესხებს ბანკის კორპორატიული სასესხო პორტფელის 12% უჭირავს. მომავალში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს.

რამდენად მნიშვნელოვანია ბანკის მონაწილეობა ახალი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებში?

დავიწყებ იმით, რომ კომერციული ბანკები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროექტს აფინანსებენ, რაც ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებას ეხმარება. ასევეა ენერგეტიკის  შემთხვევაშიც: ბანკებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს  ენერგოსექტორის განვითარებში.

2004-2012 წლებში ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა ძველი, არსებული სიმძლავრეების რეაბილიტაციამ და დანაკარგების შემცირებამ განაპირობა. ამ  პროცესში ბანკები აქტიურად იყვნენ ჩართული და სარეაბილიტაციო პროექტებს აფინანსებდნენ. შედეგად, სისტემა გაჯანსაღდა და ელექტროენერგიის გენერაციაც  გაიზარდა.

სექტორის განვითარების ამ ეტაპზე,  მზარდი მოხმარების დაკმაყოფილების მიზნით, საჭიროა ახალი სიმძლავრეების მშენებლობა. ბანკების მონაწილეობის გარეშე კი ახალი გენერაციის ობექტების მშენებლობა ალბათ წარმოუდგენელია:  ძირითადად,  ახალი პროექტების განხორციელება საბანკო სესხების ხარჯზე ხდება და ჰესების სრული დაფინანსებიდან მხოლოდ  30-50% წარმოადგენს კერძო კაპიტალს.

თიბისი ბანკს რა მოცულობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული ენერგეტიკაში?

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ათამდე ენერგეტიკული პროექტი გვაქვს დაფინანსებული, რაც თანხობრივად 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ნიშნავს. ამ წლების განმავლობაში თიბისი ბანკის მიერ განხორციელებული დაკრედიტების შედეგად ენერგეტიკამ  დაახლოებით 60 მეგავატი დამატებითი სიმძლავრე შეიძინა.

ჩვენ ვმონაწილეობდით როგორც არსებული სიმძლავრეების რეაბილიტაციის, ასევე ახალი, მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანსების პროცესში.

განსაკუთრებით გამოვყოფ ჩვენს ძალისხმევას  დამოუკიდებლობის შემდეგ აშენებული ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, 108 მეგავატიანი დარიალჰესის მშენებლობის დაფინანსებაში, რისთვისაც თიბისი ბანკმა 2015 წელს ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ჟურნალის  EMEA FINANCE -ის ჯილდოც მოიპოვა. პროექტი 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

კონკრეტული პროექტის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას რას ექცევა ბანკების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება?  ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას, რამდენად ხდება  გარემოსდაცვითი  სტანადრტების დაცვა?

იმისათვის, რომ ბანკმა დააფინანსოს ენერგეტიკული პროექტი, საჭიროა ის, როგორც ტექნიკურად, ისე ფინანსურად,  იყოს სრულყოფილი და გამართული. გვაქვს კონკრეტული სტანდარტი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს შეგვიძლია გავაცნოთ. ასევე უმნიშვნელოვანესია კონკრეტული პროექტის  გარემოზე ზემოქმედება  მაღალ დონეზე იყოს შესწავლილი და დასაბუთებული.

მიუხდავად იმისა, რომ ჰიდროენერგეტიკული პროექტები ე.წ. „მწვანე ენერგეტიკას“  ანუ განახლებად ენერგეტიკას მიეკუთვნება, გარემოზე გარკვეული ზეგავლენა  მაინც გააჩნია.

ამდენად,  პროექტის განხილვისას, ყველა დეტალს ექცევა ყურადრება: დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველა სტანდარტი დაცულია და მშენებლობა მინიმალურად იმოქმედებს  იმ რეგიონის მიკროკლიმატზე, სადაც პროექტი ხორციელდება.

ენერგეტიკის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ ბანკების  წვლილს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. გარდა დაფინანსებისა, რაში გამოიხატება თქვენი ძალისხმევა?

გარდა იმისა, რომ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური რესურსებით ვეხმარებით, გვაქვს სხვადასხვა არაფინანსური სახის ინიციატივები, რომლითაც სექტორის განვითარებას ვუწყობთ ხელს. კერძოდ, თიბისი ბანკის ორგანიზებით მუდმივად იმართება  სხვადასხვა საერთაშორისო თემატური ფორუმები და კონფერენციები.

ამ ინიციატივებს ორი მიზანი აქვს: ერთი, დავაინტერესოთ ინვესტორები ენერგოსექტორით, და მეორე, უკვე დაინტერესებულ ინვესტორებს მივაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია სექტორში ინვესტიციის შესაძლებლობების შესახებ.

ჩვენ, როგორც უცხოელ, ისე ქართველ ინვესტორებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.  შესაძლებლობა და სურვილიც გვაქვს, სტიმული მივცეთ სექტორის უფრო მეტად განვითარებას.  ახლახან,  თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანიამ, თიბისი კაპიტალმა მოამზადა და გამოაქვყნა ენერგეტიკის სექტორის კვლევითი ანგარიში, სადაც დეტალურად არის განხილული სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები. ამ ანგარიშის მიზანია, დავაინტერესოთ უცხოელი ინვესტორები საქართველოს ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია  და დავეხმაროთ სწორი საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში. ასეთი ტიპის ინიციატივები მომავალშიც გვექნება.

უნდა ელოდოს თუ არა ქართული ეკონომიკა მომავალშიც ბანკების აქტიურ მონაწილეობას ჰიდროპოტენციალის ათვისებისა და ახალი სიმძლავრეების შექმნის მიმართულებით?  

თიბისი ბანკს ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს: ვფიქრობთ, 2016 წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ენერგოპორტფელი. ამჯერადაც საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვიმყოფებით:  ხუთ მიმდინარე პროექტზე ვმუშაობთ, საიდანაც ქვეყანამ, შესაძლოა, ჯამში დამატებითი 100 მეგავატი სიმძლავრე მიიღოს. ერთი ნაწილი პირველადი შემოწმების ეტაპზეა, მეორე კი უკვე საინვესტიციო რისკების შეფასების პროცესში. ერთ-ერთს,  4 მეგავატი სიმძლვრის გენერაციის ობიექტის მშენებლობის პროექტს, უკვე ვაფინანსებთ. იმედი გვაქვს, ამ 5 პროექტიდან უმეტესობას წლის ბოლომდე დავაფინანსებთ.

 

Share