Home » მსოფლიო » რა მოცულობის თანხის გადახდას აპირებდა აშშ კუნძულ გრენლანდიის შესაძენად
რა მოცულობის თანხის გადახდას აპირებდა აშშ კუნძულ გრენლანდიის შესაძენად

რა მოცულობის თანხის გადახდას აპირებდა აშშ კუნძულ გრენლანდიის შესაძენად

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ორ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მრავალი კვირის განმავლობაში განიხილავდა დანიისგან კუნძულ გრენლანდიის ყიდვის საკითხს.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები განიხილავდნენ სცენარს, რომლის მიხედვითაც, კოპენჰაგენს გადაერიცხებოდა წლიური 600 მილიონი აშშ დოლარი.

გამოცემის ინფორმაციითვე, განიხილებოდა კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის თანახმადაც, დანიას ერთდროულად შეეძლო მსხვილი გადახდის მიღება.

გრენლანდიის ყიდვის თაობაზე ინფორმაცია 16 აგვისტოს გავრცელდა, რასაც დანიელთა დიდი ნაწილის მკვეთრი რეაქცია მოყვა. დანიელი და გრენლადნიელი მაღალჩინოსნები რამდენიმე დღის განმავლობაში აკეთებდნენ განცხადებას, რომ კუნძული არ იყიდება. რამდენიმე დღის შემდეგ დონალდ ტრამპმა თავად დაადასტურა, რომ აშშ-ს კუნძულის ყიდვა მართლაც სურდა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმაც დაადასტურა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა ტრამპის შეთავაზებას „აბსურდი“ უწოდა და განაცხადა, რომ „გრენლანდია აშშ-ზე არ იყიდება“, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ 2 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტის „სხვა დროისთვის გადადების“ გადაწყვეტილება მიიღო.

Share