Home » ეკონომიკა » რა მდგომარეობაა ტექნიკის მაღაზიებში საბანკო რეგულაციებიდან ერთი წლის თავზე
რა მდგომარეობაა ტექნიკის მაღაზიებში საბანკო რეგულაციებიდან ერთი წლის თავზე

რა მდგომარეობაა ტექნიკის მაღაზიებში საბანკო რეგულაციებიდან ერთი წლის თავზე

ტექნიკის მაღაზიები გაყიდვების შემცირებაზე მიუთითებენ სამომხმარებლო სესხები კი იზრდება

უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან, რომელიც სრულად 1 იანვარს ამოქმედდა და, რომელმაც, მთელი საფინანსო სექტორი მოიცვა. ჩვენი საფინანსო სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცხადია სებ-ის რეგულაციები, ყველაზე მეტად კომერციულ ბანკებს შეეხო.

კერძოდ, 1 იანვრიდან მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აიკრძალა. რეგულაციების სტრუქტურიდან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ცვლილებები მნიშვნელოვან წილად შეეხებოდა, ისეთ საბანკო პროდუქტებს როგორიც იყო სამომხმარებლო სესხები.

აღნიშნულ რეგულაციას კომერციული ბანკების გარდა, თავიდანვე სკეპტიკურად აფასებდნენ ტექნიკის მაღაზიები იმდენად, რამდენადაც სამომხმარებლო სესხების დიდი ნაწილი, სწორედ სწრაფ განვადებებზე მოდის. პირველი შეფასებებით რეგულაციები, სრულად ჩამოშლიდა ტექნიკის ბაზარს და მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკასაც.

ამის ფონზე, საინტერესოა რა მდგომარეობაა, რეგულაციების ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ. მართლაც შემცირდა თუ არა დაკრედიტების მაჩვენებელი და როგორ შეიცვალა, თავად კერძო სექტორის პათოსი ერთი წლის განმავლობაში.

მართლია როგორც ზოგადი დაკრედიტება, ისე თითქმის ყველა ტიპის სესხები გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენეთ, რეგულაციები ყველაზე მეტად სამომხმარებლო სესხებსა და განვადებებს შეეხო. სწორედ ამიტომ მოდით უშუალოდ სამომხმარებლო სესხების დინამიკას შევხედოთ, თუ როგორ შეიცვალა წინა წელთან შედარებით.

ასე მაგალითად, როგორც ყველა ელოდა, ფულად გამოსახულებაში სამომხმარებლო სესხები, სულაც არ შემცირებულა. სებ-ის მონაცემებით, თუ სამომხმარებლო სესხებმა 2018 წლის აგვისტოში 3.782 მლრდ შეადგინა, 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 3.958 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა შემცირებულია მისი წილი, საერთო დაკრედიტებაში და თუ ის 2018 წელს 15.61%-ს შეადგენდა, 2019 წელს ის 13.39%-მდე შემცირდა.

თუმცა, ამის მიუხედავად გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ ტექნიკის მაღაზიები და არგუმენტად საკუთარი სტატისტიკა მოჰყავთ. როგორც “ტექნო ბუმი-ის” დამფუძნებელი, ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, რეგულაციების ამოქმედებამ მათი გაყიდვები 30-50%-ით შეამცირა.

“ყველაზე მძიმე სურათი პირველი თვეები იყო, მაგალითად პირველი 6 თვე დაახლოებით 30-დან 50%-მდე ვარდნა იყო გაყიდვების კუთხით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომდევნო თვეებში უკვე გაუმჯობესების ტენდენცია იგრძნობა და ვარდნა დაახლოებით 15-30%-ია. ვფიქრობ, ეს რეგულაციები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო, რომ მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის უმტკივნეულო ყოფილიყო. სიტუაციის გაუმჯობესება და ზარალის დაფარვა იმით შევძელით, რომ გავააქტიურეთ ონლაინ გაყიდვები, უფასო მიტანის სერვისი დავნერგეთ, დავგეგმეთ აქციები. თუმცა, შემდეგ ამ ვითარებას დაემატა ლარის კურსის ცვლილება, მაგრამ მომწოდებლებთან შეთანხმებას მივაღწიეთ და მათ ფასები არ გაზარდეს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ტექნიკის ბაზარი მაინც სტრესულ მდგომარეობაშია. ვცდილობთ, რომ რაც ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მომავალი წლიდან ვითარება დასტაბილურდეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ბაზრის დინამიკა, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, ვალუტის კურსი და ა.შ. რადგან ლარის გაუფასურება არა მარტო ფასებზე ახდენს გავლენას, არამედ მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობაზე მოქმედებს, შესაბამისად ეს პირდაპირ ახდენს გავლენას”, – განმარტავს ანზორ ქოქოლაძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვს “არაი-ის” მარკეტინგის მენეჯერს, ანი ბულიას. როგორც “არაიში” განმარტავენ, რეგულაციებს მათ გაყიდვებზე ნეგატიური ეფექტი არ მოუხდენია.

“რეგულაციების შემოღების შემდეგ გაყიდვების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა ჩვენს კომპანიაში და არც რაიმე განსაკუთრებული ღონისძიებები გაგვიტარებია ამ მიმართულებით”, – აცხადებს ანი ბულია.
რეგულაციების გრძელვადიან ეფექტზე საუბრობენ ეკონომისტები და კრიტიკოსებს სურათის, უფრო ფართო პრიზმაში დანახვას ურჩევენ. როგორც ეკონომისტი და “აფბას” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს, რეგულაციების მიღება გარდაუვალი იყო და რეგულაციებმა გრძელვადიან პერსპექტივაში, სერიოზული რისკები გაანეიტრალა.

“მოდით თავიდან დავიწყოთ, თქვენ ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელსაც განვითარებულ საფინანსო სექტორზე აქვს პრეტენზია და იქ საბანკო, თუ საფინანსო სექტორი, სრულად დერეგულირებულია, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

თქვენ წარმოიდგინეთ მოცემულობა, როდესაც ადამიანს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, მიდის ბანკში და მას უპრობლემოდ, ყოველგვარი კითხვების გარეშე უმტკიცებენ სესხს, არც თუ ისე დაბალ პროცენტში. ცხადია, ეს მიდგომა მახინჯი იყო და ძალიან მალე დაგვაყენებდა, ისეთი სერიოზული პრობლემის წინაშე, რომელსაც ჭარბვალიანობა ჰქვია.

სწორედ ასეთი მიდგომის გამო იყო, რომ რამოდენიმე ასეული ათასი ადამიანი, სრულად იყო ჩამოშორებული ეკონომიკურ აქტივობას. მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საფრთხის წინაშე აყენებდა, თავად საფინანსო სექტორსაც.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ მონაცემებს, როდესაც რეგულაციები დაანონსდა მე ველოდი, რომ ის მცირედით შეამცირებდა სამომხმარებლო სესხებს და ეს თანხა წავიდოდა, სხვა ეკონომიკისთვის უფრო მეტად სასარგებლო დაკრედიტების წყაროებში.

ეს ასეც მოხდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სამომხმარებლო სესხები არ შემცირებულა, როგორც ამას ყველა ელოდა, უბრალოდ შემცირდა მათი ზრდის ტემპი. შემცირდა ასევე სამომხმარებლო სესხების წილი მთლიან დაკრედიტებაში. რომ განვმარტოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, სამომხმარებლო სესხები ეს არის პროდუქტი, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის ორიენტირებული, ადგილობრივი ეკონომიკის დაკრედიტებაზე. სამაგიეროდ გაიზარდა ეკონომიკისთვის უფრო მეტად სასარგებლო პროდუქტები, როგორებიცაა ბიზნეს სესხები, მცირე და საშუალო სესხები და ა.შ.”, – ამბობს ბაირახტარი.

პაატა თუქრია

Share