Home » საზოგადოება » რა კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმება
რა კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმება

რა კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმება

პორტუგალიაში ლეგალურად დასაქმებას საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვერ შეძლებს. ამ თემაზე ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული და კონკრეტული დეტალები – თუ რამდენ ადამიანს შეეხება ან რა სპეციალობებზე იქნება გაცემული პორტუგალიაში ოფიციალურად მუშაობის ნებართვა, ამაზე ჯერ კიდევ სამუშაოა შესაბამის მხარეებთან. ამის შესახებ „რეზონანსთან” საუბრისას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

„ამ ეტაპზე პორტუგალიასთან დაკავშირებით გვაქვს მხოლოდ ის, რომ პოლიტიკურ დონეზე ნება არის გამოხატული პორტუგალიის მხრიდან, ამ მიმართულებით ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან, რაც ძალიან კარგია”, – აცხადებს ხულორდავა.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაა, თუმცა, რადგან დიდია ინტერესი საზღვარგარეთ დასაქმებისა, საჭიროა იქაც შეიქმნას მსგავსი პირობები.

„ასეთი ტიპის თანამშრომლობა გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც. საზოგადოებაში უცხოეთში დასაქმების ინტერესი არის მაღალი. გვინდა, რომ ეს შესაძლებლობა რეალობად გადავაქციოთ, ჩვენს მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში შეეძლოთ დასაქმება ლეგალურად და აქ ჰქონდეთ ღირსეული პირობები, თუმცა უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ სხვა ქვეყნებშიც იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ლეგალური და ღირსეული საქმიანობის პირობები. ამის გამო არის მნიშვნელოვანი ის შეთანხმება, რომელიც პორტუგალიასთან არის მიღწეული”, – განაცხადა ხულორდავამ.

კითხვაზე, თუ ვის შეეძლება უცხოეთში ლეგალურად დასაქმება, ხულორდავა პასუხობს, რომ ეს კონკრეტული მოლაპარაკებების საკითხია.

„შეთანხმება მიღწეულია საფრანგეთთანაც, თუმცა კონკრეტულად იმას, თუ ვის შეეხება და რა რაოდენობაზე იქნება, ეს არის კონკრეტული მოლაპარაკებების საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ ქვეყნებთან. მე ვერ გეტყვით, რამდენ ადამიანს შეეხება ან რა სპეციალობებზე იქნება, ამაზე ჯერ კიდევ სამუშაოა შესაბამის მხარეებთან. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

“რეზონანსი”

Share