Home » საზოგადოება » რა იცვლება მთავრობის სტრუქტურასა და პოლიტიკაში
რა იცვლება მთავრობის სტრუქტურასა და პოლიტიკაში

რა იცვლება მთავრობის სტრუქტურასა და პოლიტიკაში

„მამუკა ბახტაძემ კარგად უნდა გაიზროს და გაითვალისწინოს, რომ ჭარბვალიანობა კი არაა სიღარიბის წარმომშობი, სიღარიბეა ჭარბვალიანობის განმაპირობებელი“

 რა იცვლება მთავრობის სტრუქტურაში, რატომ იცვლება, რა პოლიტიკური სიახლეები აისახება „ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის საქმიანობაში. ამ კითხვებზე მოსაზრების გამოთქმა ანალიტიკოს ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ.

“ცვლილებები ქართული ოცნების მთავრობის შემადგენლობაში დროულია. არსებითად კაბინეტი შეიცვალა და ჩვენ რეალურად გვაქვს მამუკა ბახტაძის კაბინეტი გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტის ნაცვლად. ჩვენი საზოგადოების უმეტესობას მოსწონდა კვირიკაშვილის ერუდიცია, მენეჯერული უნარები, პრობიზნესური ხედვები. მოსწონდათ იგი ჩვენს დასავლეთელ სტრატეგიულ პარტნიორებსაც, თუმცა დროთა განმავლობაში კვირიკაშვილის მთავრობამ დაკარგა კონტაქტი საზოგადოებასთან, დაუშვა კორუფციული გრიგებების შესაძლებლობა მსხვილი ინფრასტრუქტურული პოექტების განხორციელებისას. თანდათან კიდევ უფრო გამწვავდა სოციალური პრობლემები და ორი უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ – საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო – ცხადი გახდა, რომ სიღარიბის ასეთი მასშტაბების არსებობისას ქვეყანას შეუძლებელია მართავდეს პროსაბანკო პოლიტიკის განმახორციელებლი პრემიერი. გარკვეულ თემებთან მიმართებაში, კერძოდ ერთ–ერთია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, მისდამი ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობა შეიცვალა. ეს არის მთავრობის ცვლილების წინაპირობა. ამას მოჰყვა მამუკა ბახტაძის სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული ცვლილებების პროექტები ფინანსთა მინისტრის რანგში და ცხადი გახდა, რომ მთავრობის პოლიტიკა შეიცვლებოდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდებოდა სოციალურ პრობლემებზე.

ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად განხორციელდება ცვლილებები, რამდენად იგრძნობს ამას ხალხი.

პრემიერის პიროვნება საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი და ეს პრობლემაა. რაც ის საჯარო სივრცეში გამოჩნდა კვალიფიციური, განათლებული, პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შემოთავაზებული იდეებიც აქტუალურია. თუმცა მამუკა ბახტაძემ კარგად უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს, რომ ჭარბვალიანობა კიარაა სიღარიბის წარმომშობი, სიღარიბეა ჭარბვალიანობის განმაპირობებელი. მიუხედავად ამისა, ინიციატივა საჭირო, საშური და მისაღებია.

ყველა დეტალის და ნიუანსის გათვალისწინება გვმართებს სოციალურ პრობლემებთან ბრძოლაში. რა უნდა ქნას ვალების წნეხის ქვეშ მყოფმა 600 ათასამდე მოქალაქემ? თუ ახალი სესხების აღების საშუალება მოსახლეობის უმეტესობას აღარ ექნება, მორიგმა 600 ათასმა, რომელიც დროებით თავისი პრობლემების მოსაგვარებლად ძვირ სესხსაც კი ვერ აიღებს, რა უნდა მოიმოქმედოს? თუ შეუძლია, უცხოეთში წავიდეს? რუსეთში, თურქეთში, საბერძნეთში? ცხადია, სიღარიბესთან წარუმატებელი ბრძოლის ვითარებაში ვალების აუღებლად კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწევს ქვეყნის დეპოპულაცია. ასე რომ, სიღარიბის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა უწინარეს ყოვლისა, საჭირო ჭარბვალიანობასთან ბრძოლის პარალელურად.

ახლა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე. ჩვენთან ხდება ელემენტარული ჭეშმარიტებების იგნორირება, როგორიცაა მაგალითად, მთავრობის მოცულობა და სტრუქტურა. აქ საუბრობენ რიცხოვნობაზე, კაბინეტის წევრთა რაოდენობაზე და არა იმ ამოცანებზე, რომლებიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე. სამინისტროების არსებობა ქვეყნის და ხელისუფლების პრიორიტეტების გამომხატველია, იმისა, რა პრობლემები მიიჩნევა უფრო აქტუალურად დღეს ჩვენთვის. ამ თვალსაზრისით, ნაადრევი ხომ არ არის ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების გაერთიანებაზე საუბარი? ქვეყანაში 300 ათასზე მეტი დევნილია, პერიოდულად უცხო ქვეყნებიდან ლტოლვილებიც შემოდიან, განსახლების საკითხებიც უაღრესად მწვავეა, განსაკუთრებით ეკომიგრანტების. და ასეთ დროს დევნილთა და განსახლების სამინისტრო უნდა გავაუქმოთ? ხომ არ ვჩქარობთ? ვითომ ეკონომიკისა და ფინანსთა ერთიანი სამინისტროს დეპარტამენტი იძულებით გადაადგილებულთა პრობლემებს უკეთ მოემსახურება? არ მგონია. და თუ ასეა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაღა უნდა ცალკე, მითუმეტეს გარემოს დაცვასთან ტანდემში. ჩვენთან გარემოც დაუცველია და სოფლის მეურნეობის მდგომარეობაც სავალალო, ხოლო სოფლის განვითარების კონცეფცია საერთოდ არ გვაქვს და რაც გვაქვს, უკიდურესად ბუნდოვანია. ჩვენი განათლება, მეცნიერება და კულტურა აშკარად უკეთესის სურვილს იწვევს, რბილად რომ ვთქვათ. პლუს სპორტი და ახალგაზრდობა. ვითომ ამას ერთი სამინისტრო ეყოფა? ძირითადი პრობლემები ამ სფერეობში გადაწყვეტილია?

მოკლედ, გვახსოვდეს კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტებაც: არაფერი ისე ძვირი არ უჯდება ქვეყანას, როგორც იაფი ბიუროკრატია და მმართველობა. ასე რომ, ხარჯები შესამცირებელია, გაბერილი აპარატები შესაკვეცი, მოხელეთა კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად ასამაღლებელი, მაგრამ მექანიკურად, არითმეტიკის დონეზე ამ საკითხებისადმი მიდგომა არ შეიძლება. ამიტომ, მე ველი დასაბუთებას თითოეულ ცვლილებაზე ბატონი პრემიერობის კანდიდატისგან“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა ვაჟა ბერიძემ.

ზაზა ხორბალაძე

Share