Home » ფინანსები » რა იცვლება მოქალაქეების ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესში
რა იცვლება მოქალაქეების ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესში

რა იცვლება მოქალაქეების ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესში

დასაქმებულის მიერ ზეგანაკვეთური შრომის პირობები და ანაზღაურება შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია დარეგისტრირებული.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის – კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს აღემატება.

ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულისთვის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 60 საათს. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – 42, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 28 საათს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, თუმცა ის არანაკლები ხელფასის საათობრივი განაკვეთის 50%-ით გაზრდილი ოდენობა უნდა იყოს.

„მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. დამატებებითი დასვენების დრო დასაქმებულს უნდა მიეცეს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე შეთანხმებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

ამასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე მხარეები უშუალოდ ყოველი ასეთი სამუშაოს წინ მაქსიმუმ 1 კვირით ადრე უნდა შეთანხმდნენ წერილობით, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც ასეთ შეთანხმებას შეუძლებელს ხდის,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

BPN.GE

Share