Home » ფინანსები » რა ღირს რუსული სანქციები
რა ღირს რუსული სანქციები

რა ღირს რუსული სანქციები

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება. შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.

პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. ასევე, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რუსულ ტუროპერატოებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.

აღნიშნულ გადაწყვეტილება გარკვეული სახის დარტყმა გამოდგა ქართული ეკონომიკისთვის, რადგან რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაში მოწინავე პოზიციებზეა. სხვა საკითხია ის, თუ პოლიტიკურად რამდენად სწორია იმ ქვეყნის ეკონომიკაზე მსგავსი ტიპის დამოკიდებულება, ვისთანაც სამხედრო კონფლიქტი გვაქვს, თუმცა წმინდა ეკონომიკურად რუსული სანქციები საქართველოს ეკონომიკაზე აუცილებლად ჰპოვებს ასახვას.

ისეთი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაანალიზებისას, როგორიცაა საგარეო ვაჭრობა, იმპორტი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ნათლად ჩანს რუსული კვალი ქართულ ეკონომიკაში.

საგარეო ვაჭრობა

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით, 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია.
საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მონაცემით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 218.6 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.9%-ით მეტია და მისი წილი მთლიან საგარეო ვაჭრობაში 14.9%-ია.

ექსპორტი

რუსული სანქციები, პირველ რიგში საექსპორტო პროდუქტებზე იქონიებს გავლენას, რადგან რუსეთი 2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაა.
2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (119.1 მლნ. აშშ დოლარი).
ჯამში იანვარ-მაისში საქართველოდან 1.4667 მილიარდი დოლარის მოცულობის პროდუქცია იქნა ექსპორტირებული. საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი 14.9%-ია, ხოლო ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27.9 პროცენტიანია.

შედეგად, რუსეთში ექსპორტირებული 218 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ბედი ბუნდოვანია. მართალია სახმელეთო გადაზიდვებს სანქციები არ შეხებია, თუმცა რამდენად გაზრდის ეს ბიზნესის ოპერირების ხარჯებს და არ აიძულებს რუსეთის ბაზრიდან გამოსვლას, ეს დროის და მათი მენეჯერული გადაწყვეტილების საკითხია.

იმპორტი

საიმპორტო ქვეყნების კატეგორიაში რუსეთს ასევე მოწინავე ადგილი უკავია. 2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (595.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (349.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (347.9 მლნ. აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში რუსეთის საიმპორტო წილი 10%-ია. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია კი 7.3%-ითაა შემცირებული.

გარდა იმისა, რომ რუსული რეგულაციების შედეგად ის რუსული კომპანიები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ თავიანთი პროდუქციის იმპორტს, იზარალებენ, ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნება იმ პროდუქციის დეფიციტი, რომლებიც რუსეთიდან შემოდის და მოკლევადიან პერიოდში საქართველოში ფასების ზრდაზეც ჰპოვებს ასახვას.

ფულადი გადმორიცხვები

ფულადი გზავნილების მხრივ საქართველოსთვის რუსეთი ნომერ პირველი ქვეყანაა. 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში ჯამში 163.7 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.

თვეების მიხედვით კი მიმდინარე წლის ტენდენცია შემდეგნაირად გამოიყურება: იანვარი 27.597 მილიონი დოლარი; თებერვალი 31.616 მილიონი დოლარი; მარტი 35.416 მილიონი დოლარი; აპრილი 34.345 მილიონი დოლარი; მაისი 34.797 მილიონი დოლარი.

წლების მიხედვით კი სურათი შემდეგნარია – 2018 წელს ფულადი გადმორიცხვების 30% (457 მილიონი $), 2017 წელს 33% (445 მილიონი $), 2016 წელს 34% (294.5 მილიონი $), 2015 წელს 40% (432.7 მილიონი $), 2014 წელს 49% (709 მილიონი $), 2013 წელს 54% ( 801 მილიონი $), 2012 წელს 56% (747 მილიონი $), 2011 წელს 51% (655 მილიონი $).

ყველზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს და აღნიშნული მაჩვენებელიც ლოგიკურია, თუმცა თუ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური სანქციები ფულად გზავნილებსაც შეეხო, ან რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამოძევება განიზრახა, ეს, რასკვირველია, ფულადი გზავნილების დინამიკაზეც ჰპოვებს ასახვას. თუმცა, ის ადამიანები, ვინც რუსეთში მუშაობას, რუსეთი ეკონომიკის ნაწილსაც ქმნიან – მათ შორის ბევრი ბიზნესმენიცაა. ამიტომ, ეს ფაქტორი გარკვეულწილად რუსეთის ეკონომიკაზეც ჰპოვებს ასახვას, თუმცა მიზერულად.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ჯამში 281.2 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. რუსეთი ინვესტორი ქვეყნების ტოპ 10-შია.

პირველ ადგილს 133.2 მილიონი დოლარით ირლანდიაა, რომელსაც 42.2 მილიონი დოლარით გაერთიანებული სამეფო მოსდევს. ირლანდიიდან ინვესტიციის ასეთი მოცულობა კომპანია “აჭარაბეთის” გაყიდვით არის განპირობებული, რომელიც 115 მილიონ დოლარად გაიყიდა.

მესამე ადგილას აშშ-ია 22.5 მილიონი დოლარით. რუსეთი 14.4 მილიონი დოლარით მეშვიდე პოზიციაზეა და მცირედით ჩამორჩება მის წინ მყოფ სხვა ქვეყნებს – აზერბაიჯანი (15.4 მლნ დოლარი), პანამა (16.7 მლნ დოლარი), იაპონია (18.2 მლნ დოლარი).

შედარებისთვის, 2018 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 14.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჯამში კი 2018 წელს რუსეთიდან საქართველოში 60 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ბლოკადა კი რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოურის ინვესტიციების მინიმუმ შემცირებას გამოიწვევს, მაქსიმუმ კი შესაძლოა სრულად გაქრეს.

ღვინო

რეალურად ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ამ ინდუსტრიას შეიძლება მიადგეს, რადგან ღვინის 64% ექსპორტზე სწორედ რუსეთში გადის. რუსეთი ღვინის გაყიდვის ტრადიციულ ბაზრად ჩამოყალიბდა. იანვარ-მაისში რუსეთში 25 582 447 მილიონი ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.

თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუ 2019 წლის იანვარ-მაისში რუსეთში ღვინის ექსპორტი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, ჩინეთში ზრდამ 27%-ს მიაღწია და მესამე ადგილი დაიკავა თავად რუსეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდა კიდევ უფრო მეტი იყო აშშ-ის შემთხვევაში – 126%.

ტურიზმი

კიდევ ერთი სექტორი, სადაც რუსული ფაქტორი იკვეთება ქართულ ეკონომიკაში, ტურიზმია. მართალია, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერობს აზერბაიჯანი 292,902 ვიზიტით, თუმცა მას მოსდევს რუსეთი 254,077, სომხეთი 232,192 და თურქეთი 201,192 ვიზიტით.
თუ გადავხედავთ პროცენტულ ჭრილს, 2019 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21.7%-თაა გაზრდილი, მაშინ როცა აზერბაიჯანიდან მხოლოდ 3%-იანი ზრდა ფიქსირდება, სომხეთიდან და თურქეთიდან კი სულაც კლებაა -4.7% და -15.7%.

ჯამში კი 2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 1,617,548 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 2.2%-ით მეტია. 2018 წლის I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 1,582,382 ადამიანით განისაზღვრა.

მხოლოდ ივნისის თვეში კი რუსეთიდან საქართველოში 152 155 საერთაშორისო მოგზაურები დაფიქსირდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.8%-ია.

დასკვნის მაგიერ

გამომდინარე ამ მონაცემებიდან, უტრირებული არ იქნება იმის თქმა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ტურისტების დიდი წილი რუსეთიდან შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი საოჯახო სასტუმროებში, ჰოსტელებში და მცირე ზომის სასტუმროებში ჩერდება. შედარებით დიდი, ბრენდირებული სასტუმროები ნაკლებად არიან რუს ტურისტებზე დამოკიდებულები. ამიტომ, რუსული ტურისტული ემბარგო დიდ დარტყმას მიაყენებს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესს. ამის ნიშნები კი უკვე ნათელია, რადგან საქართველოს საზაფხულო ტურისტულ ქალაქებში, ზაფხულის სეზონი ჩავარდნის პირასაა.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკას რუსული სანქციების ფონზე ფინანსური შემოსავლების კლება ექნება. მხოლოდ ტურიზმიდან ეს თანხა შესაძლოა 300-400 მილიონი დოლარი იყოს.

რაც შეეხება ღვინის სექტორს, თუ დაშვებას გავაკეთებთ, რომ ღვინის ექსპორტი მთლიანად შეზღუდავს რუსული მხარე საქართველოსთვის, 64% შემოსავლებისა, რაც რუსული ბაზრიდან მოდის, სრულად იქნება დაკარგული. ციფრებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 130 მილიონი დოლარის ფარგლებშია. ამიტომ, ყველა მიმართულებით საჭიროა დივერსიფიცირებული ბაზრები, რომ არ იყოს საქართველოს კონკრეტულ ბაზარზე და ამ ბაზრის პოლიტ-ეკონომიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული.

ფულადი გზავნილების აკრძალვის შემთხვევაში, საქართველო წელიწადში 400-450 მილიონი დოლარის მოცულობის ფულად ნაკადებს დაკარგვას, თუმცა, ამ თანხის გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, საქართველოში სხვა ქვეყნების გავლით შემოვიდეს. აქვე ერთი დაშვებაც – ამ შემთხვევაში, მას ასეთი მასშტაბური მოცულობა არ ექნება, რადგან მსგავსი შემოვლითი გზებით გადმორიცხვა გააძვირებს მის მომსახურებაზე დაწესებულ საკომისიოებს.

ეს ყველაფერი ცალსახად ჰპოვებს ასახვას ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობაზე, რადგან დოლარის ნაკადების კლების შემთხვევაში, მოსალოდნელია ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით.

იმპორტის შეზღუდვის შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში მივიღებით ფასების გაზრდას მთელ რიგ პროდუქციაზე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი, 

ბაჩანა ჯინჭარაძე

Share