Home » ეკონომიკა » რა გავლენას იქონიებს ეროვნული ბანკის რეგულაციები ეკონომიკაზე
რა გავლენას იქონიებს ეროვნული ბანკის რეგულაციები ეკონომიკაზე

რა გავლენას იქონიებს ეროვნული ბანკის რეგულაციები ეკონომიკაზე

ჭარბვალიანობის პრობლემასთან მიმართებით, წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიური განხილვა მიმდინარეობდა. ეკონომისტების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ იმ პრობლემატიკაზე, რაც საბანკო სექტორის აგრესიული დაკრედიტების პოლიტიკას თან სდევდა. ის რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წლების წინ უნდა გაეკეთებინა, 2019 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.

საუბარია სებ-ის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომელმაც საფინანსო სექტორი ახალი რეალობის წინაშე დააყენა. რეგულაციების მიხედვით ერთი მხრივ ველურ საკრედიტო ბაზარზე დაწესდა პროცენტების ზედა ჭერი, კერძოდ, ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი შემცირდა 100 % -ის ოდენობით, ხოლო დარიცხული და გადასახდელი პროცენტი, საკომისიო და ჯარიმა ჯამურად სესხის ნარჩენი ძირის 150%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

მეორე მხრივ ცვლილებები შევიდა “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში”, რომლის თანახმადაც, იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

სესხების ზღვრის კაპიტალის 25 %-მდე ლიმიტის დაწესება საერთაშორისო საბანკო პრაქტიკისათვის მიღებული ნორმატივია, და იგი პირველ რიგში კაპიტალის რისკის შემცირებას ემსახურება. თუ ბანკს სურს გაზარდოს დაკრედიტება, მაშინ მოუწევს კაპიტალის გაზრდაც, გარდა ამისა ამ ლიმიტის შემოღება ხელს შეუწყობს კაპიტალზე უკუგების მაღალი ნორმის დაწევასაც ანუ შეამცირებს რა კაპიტალის მულტიპლიკატორს, კიდევ უფრო სტაბილურს გახდის სისტემის ფუნქციონირებას. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს (Loan To Value Ratio) და სესხის გაცემისას, სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი.

ნიშანდობლივია, რომ რეფორმა სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურების სავალდებულო მოთხოვნაზე გადასვლას მხოლოდ საბანკო დაწესებულებებისათვის არ მოითხოვს და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებზეც გავრცელდება. ეს თავის მხრივ ამცირებს რისკებს, შემცირდეს საბანკო დაკრედიტება და სამაგიეროდ, ფიზიკური პირები გადავიდნენ ლომბარდებში და კერძო მევახშეებთან. არსებულთან შედარებით ორჯერ მცირდება დღიური დასარიცხი ჯარიმის ოდენობაც, ხოლო ჯარიმების დარიცხვა არა მთლიან თანხაზე, არამედ მხოლოდ სესხის ნარჩენ ძირზე მოხდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს რეგულაციები ხელს შეუწყობს საკრედიტო სტანდარტების გაუმჯობესებას საბანკო სექტორში, აგრეთვე კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესებას და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების წახალისებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის, 2015 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამაში, აქტიურად არის ყურადღება გამახვილებული ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ სისტემურ რისკებზე, სადაც ფონდი რეკომენდაციას იძლევა, რომ დაწესდეს სესხების შემოსავალთან ადეკვატურობის ლიმიტები, რათა საბანკო და არასაბანკო კრედიტების მქონე მოსახლეობის განკარგავდი შემოსავლები მის ლოგიკურ ნიშნულზე დაფიქსირებულიყო, რითაც მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილება იქნებოდა შესაძლებელი.

რეგულაციების ამოქმედებიდან შემდეგ

სებ-ის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომ, ბუნებრივი მოლოდინი იყო, რომ დაკრედიტების მაჩვენებელი შემცირდებოდა და ეს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებდა, თუმცა საუბარია მხოლოდ საცალო დაკრედიტებაზე, ისეთ დარგებზე, რომელთა საქმიანობაც ეფუძნება მათ მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზებას, ძირითადად, ტექნიკის საცალო რეალიზატორები და სამშენებლო სექტორი. ცხადია, საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაკავებულია საიმპორტო საქმიანობით და ასაქმებს ადამიანებს, ითვლება, რომ ჩართულია ეკონომიკაში და რაც მეტ გარიგებას განახორციელებს, მშპ-ს დათვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ეს გარიგებები დადებითად აისახება მშპ-ს ზრდაზე. ვინაიდან, მშპ არის დროის კონკრეტულ პერიოდში არსებული ყველა საქონლისა და მომსახურების საბოლოო საბაზრო ღირებულებათა ჯამი. ამასთან, თუ მაგალითად ადამიანმა, რომელსაც შემოსავალი არ აქვს დადასტურებულად, შეიძინა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჰიპოთეტურად შესაძლოა ვთქვათ, რომ მისი ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, ვინაიდან მის სახლში ახალი საჭირო ნივთია, მაგრამ მეორე მხრივ, მან აიღო ყოველთვიური ფინანსური ვალდებულება, რომლის გადახდაც, სავარაუდოდ, გაუჭირდება და მან გააძლიერა სხვა ქვეყნის ეკონომიკა.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, თუ დავუშვებთ იმ გარემოებას, რომ საცალო დაკრედიტების შედეგად მშპ მცირედით შემცირდება, ეს პირდაპირ კორელაციაში არ იქნება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებასთან, უფრო მეტიც, ის არათუ რაიმე ზიანს მოუტანს ეკონომიკას, პირიქით გრძელვადიან პერიოდში ის დადებითად აისახება საფინანსო სექტორის მდგრადობაზე და სტაბილურობაზე, რაც ნამდვილად იქნება სტიმული ეკონომიკური ზრდის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საცალო სამომხმარებლო კრედიტების შეზღუდვა საფინანსო სექტორს აიძულებს, რომ ისინი უფრო მეტად ბიზნესმეგობრულები გახდნენ და საკრედიტო პროდუქტებიც მეტწილად მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებული გახადონ. დღეს მთლიან საკრედიტო პორტფელში საცალო სესხები 60%-ს შეადგენს, ხოლო ბიზნეს სესხები 40%-ს. დროა საფინანსო სექტორმა რეალურად დაიწყოს ეკონომიკის მომსახურება, დროა ბაზარზე კონკურენცია გაჩნდეს და ბიზნესმა კონკურენციის შედეგად მიიღოს “იაფი ფული”.

შოთა გულბანი

“აფბა”-ს პრეზიდენტი

Share