Home » საზოგადოება » რ2-ს ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და ინტერმედია პლიუსის დირექტორს ბრალი წაუყენეს
რ2-ს ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და ინტერმედია პლიუსის დირექტორს ბრალი წაუყენეს

რ2-ს ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და ინტერმედია პლიუსის დირექტორს ბრალი წაუყენეს

რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასა და სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. ამ საქმეზე ბრიფინგი უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ დადგენილება გამოტანილია.

პროკურატურა დამენიას ბრალს რუსთავი 2-ის ქონების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის მოტივით წაუყენებს, ზურაბ იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მოტივით.

ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალი წაუყენეს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლუსისგან თანხას “ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით” იმ დრომდე ითხოვდა, სანამ არხის დასაბრუნებლად დავას ქიბარ ხალვაში დაიწყებდა და წილები დაყადაღდებოდა. პროკურატურის ვერსიით, ამ დროიდან გვარამიამ სარეკლამო კომპანიისგან არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.

“საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ინტერ მედია პლიუსისგან 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება”, — აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ ინტერმედია პლიუსის დირექტორის დახმარებით მიიღო თბილისში მდებარე ორი ბინა. პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ თავად შეარჩია ორივე ბინა, თუმცა ის ჯერ ინტერმედია პლიუსის საკუთრება გახდა, მოგვიანებით კი სესხის ფიქტიური ხელშეკრულებით მასე გადაფორმდა.

Share