Home » ეკონომიკა » ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს
ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს

ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს

ქვეყნის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა – საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 4700 ლარის ვალდებულება აქვს

საქართველოს სახელმწიფო ვალი უკანასკნელი მონაცემებით 17,539 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაახლოებით 4700 ლარის ვალდებულება აქვს. თუ ამ მაჩვენებელს მოსახლეობის იმ კატეგორიას გამოვაკლებთ, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან – პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს და არასრულწლოვნებს, გამოვა, რომ თითოეულ გადასახადის გადამხდელს ტვირთად აწევს დაახლოებით 9.341 ლარის სახელმწიფო ვალი, რასაც ემატება საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 2,27%, რომლის დაფარვის საშუალო შეწონილი ვადიანობა 22 წელს შეადგენს. ცხადია, ვალის გასტუმრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება, ხოლო ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო გადასახადებია, რომელსაც მოქალაქეები იხდიან.

სახელმწიფო ვალის ეკონომიკური არსი

ქვეყნის ფინანსების მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სახელმწიფო ვალი. მისი აღება ძირითადად ხდება საბიუჯეტო გადასახდელების დასაფინანსებლად და მთავრობას შესაძლებლობას აძლევს თავიდან აირიდოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების შეჩერება, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, საგადასახადო განაკვეთების ზრდა, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე.
იმ შემთხვევაში თუ აღებული სახელმწიფო ვალი გონივრულად და ეფექტურად დაიხარჯება, ცხადია ის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მოტივატორი იქნება, თუმცა საპირისპირო შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვალის მართვა არაეფექტიანად განხორციელდა, ამან შეიძლება ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდეც მიიყვანოს. შესაბამისად, სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.

ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის მოცულობამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, თუმცა მსოფლიოში უამრავი ქვეყნის მაგალითია, რომელთა სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-ს მნიშვნელოვნად აღემატება, მაგალითად ამერიკა, იაპონია, იტალია, პორტუგალია, საბერძნეთი და ა.შ. თუმცა, როცა ქვეყანა გადამხდელუნარიანია და მისი ეკონომიკა განვითარებული, მისთვის საგარეო და საშინაო ვალდებულების ზრდა პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან მსგავს ქვეყნებში უკვე დაძლეულია ისეთი სახელმწიფოებრივი პრობლემები, როგორიცაა კორუფცია, ბიუროკრატია, კომპეტენცია საჯარო სტრუქტურებში და ამასთან, მაღალ დონეზეა კორპორაციული კულტურა.

საქართველოს სახელმწიფო ვალმა 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 44.6% შეადგინა. საქართველოს სახელმწიფო ვალის საშუალო სიდიდე 2004 წლიდან 2017 წლამდე მშპ-ს 36 პროცენტია, 2017 წლის მაჩვენებელი -44.6 % არის ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მაღალი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2007 წელს იყო -მშპ-ის 21.55 პროცენტი. ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ვალის საშუალო მაჩვენებელი 2017 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 81.60 პროცენტით განისაზღვრა. 2002 წლიდან 2017 წლამდე სახელმწიფო ვალის სიდიდემ მშპ-სთან მიმართებაში, საშუალოდ 72.31% შეადგინა, ყველაზე მაღალი ნიშნულზე 2014 წელს იყო- 86,50 %, ხოლო ყველაზე დაბალ ნიშნულზე 57.5 %, 2007 წელს. ევროკავშირის ქვეყნებიდან სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო წლებში იტალიას(131.8%), საბერძნეთს(178.6%) და ესპანეთს(98.3%) ჰქონდათ, რაც 2007-2008 წლებში გლობალური შოკებისას, ამ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა.

მართალია მთლიანი საგარეო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი აღემატება ამავე პერიოდში ეკონომიკის ზრდის საშუალო სიდიდეს (3.4%), მაგრამ კერძო ბიზნეს სუბიექტების დავალიანება ატარებს რა წმინდა მიზნობრივ ხასიათს, ისევ ბიზნესის განვითარებას ხმარდება. მეორე მხრივ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კორპორაციების დავალიანების დიდი ნაწილი გრძელვადიანია. საგარეო ვალის ზრდა სარეკომენდაციო ზღვრის ფარგლებში ნეგატიურ მაკროფაქტორად არ უნდა მივიჩნიოთ. პირიქით, ჩვენნაირ განვითარებად ეკონომიკას სჭირდება ნასესხები სახსრების მოზიდვა საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად, რა შემთხვევაშიც მიმდინარე ანგარიშის ახლანდელი დეფიციტი შეიძლება მომავალში გახდეს უფრო მაღალი ზრდის, უმუშევრობის შემცირების, ექსპორტის სტიმულირების და დანაზოგების წყარო. რეალურად არც სახელმწიფო საგარეო ვალის და არც კერძო ბიზნეს სუბიექტების საგარეო დავალიანების დღეს არსებული მაჩვენებელი არ ატარებს მაღალ რისკფაქტორებს ეკონომიკისათვის. მართალია, საგარეო ვალზე მაღალი დამოკიდებულება ზრდის მგრძნობელობას საგარეო შოკებისადმი, მაგრამ ალტერნატივა საფონდო ბაზრის განვითარების ხელშეწყობაში მდგომარეობს.

სახელმწიფო ვალის სტრუქტურა

სახელმწიფო ვალი შედგება საგარეო და საშინაო ვალისგან. საგარეო ვალის ნაშთი, 13,789 მილიონი ლარია, მთლიანი სახელმწიფო ვალის 79%. აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან და პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და, ძირითადად, შედგება გრძელვადიანი სესხებისგან – პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 22 წელს. საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 8.8 წელს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.27%-ს.

მრავალმხრივი კრედიტორებისგან ყველაზე მეტი ვალდებულება საქართველოს აქვს მსოფლიო ბანკის მიმართ – 5,1 მილიარდი ლარი, აზიის განვითარების ბანკი – 3,2 მილიარდი ლარი და ევროპის საინვესტიციო ბანკი – 1,59 მილიარდი ლარი. ორმხრივი კრედიტორებისგან ქვეყანას ყველაზე მეტი ვალი გერმანიის მიმართ აქვს – 1,008 მილიარდი ლარი, შემდეგ მოდის საფრანგეთი – 653 ათასი ლარით და იაპონია 590 ათასი ლარით.

საშინაო ვალიდან ყველაზე მეტად ჭარბობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახაზინო ობლიგაციები, რომელთა ემისიის შედეგად 2,767 მილიონი ლარის ვალდებულება წარმოექმნა მთავრობას. სახაზინო ობლიგაციების ძირითადი შემსყიდველები კომერციული ბანკები არიან, ისევე როგორც სახაზინო ვალდებულებების, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის საშინაო ვალი ძირითადად ბანკების წინაშე არსებული ვალდებულებებია.

შოთა კორინთელი

Share