Home » საზოგადოება » ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – „ოცნების“ პიარკამპანიის ინსტრუმენტი
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - „ოცნების“ პიარკამპანიის ინსტრუმენტი

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – „ოცნების“ პიარკამპანიის ინსტრუმენტი

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – ხელოვნურად გაწელილი თუ ჩავარდნილი მეგაპროექტი?

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენება 2016 წელს დაანონსდა და მას შემდგომ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ გაჩერებულა. ოპოზიციას პროექტის სრულყოფის არ სჯერა და მას „ბლეფს“ უწოდებს. არსებობს მოსაზრება, რომ ის წინასაარჩევნო პიარკამპანიისთვის იქნა გამოყენებული, ხოლო მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და უშუალოდ პროექტის განმახორციელებელი ფონდი „ქართუ“ ირწმუნება, რომ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი აუცილებლად აშენდება, პირველი ფაზის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება და ის სტუდენტების პირველ ნაკადს ამავე წლის სექტემბერში მიიღებს.

პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტი 1200-დან 3000-მდე სტუდენტს მიიღებს, რომლებიც პირველ ეტაპზე სამ დისციპლინას: მათემატიკას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტს შეისწავლიან.

უნივერსიტეტი მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის კორპუსი ხუთსართულიანი იქნება. მისი სიგრძე 200 მეტრი ექნება, სიგანე კი 150მ. პროექტის ჯამური ინვესტიცია 500 მილიონი დოლარია.

რაც შეეხება უნივერსიტეტის სრულ პროექტს, ის ჯამში 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. უნივერსიტეტს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში დაუნიშნეს.

პროცესს ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. მაშინ, ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

მართალია, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ტავდაპირველად სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2019 წლის სექტემბრისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა მიღების თარიღმა გადაიწია და “ქართუ ფონდის”  პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის განცხადებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წლის აგვისტოში დასრულდება, სექტემბრიდან კი, უნივერისტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს. ამის შესახებ ცაგარელმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე აშენებულია სასწავლო კორპუსის 0 სართული, პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და სამშენებლო მოედანზე 200-მდე ადამიანი მუშაობს. მისივე თქმით, მედიასაშუალებებისთვის სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის გაცნობა მალევე უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ მიმართულებით ხელშესახები არაფერი მომხდარა.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული. პირველი კორპუსის მშენებლობა კი როგორც ქალაქის მერი განმარტავს, 15 მაისისთვის დასრულდება.

“ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე 300-400 ადამიანი მუშაობს ყოველდღიურად. 15 მაისს მათ უკვე პირველი კორპუსი უნდა დაასრულონ. შეფერხდა უნივერსიტეტის მშენებლობა წელიწადნახევრით იმიტომ, რომ მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულება და გერმანელებმა მოითხოვეს მათი პარამეტრებით და მათი ხედვით აშენებულიყო. ამიტომ შეიცვალა პროექტი და ამან თავისთავად გაწელა დრო, ისინი გეგმავენ, რომ 2020 წლისათვის უკვე პირველი ნაკადი მიიღონ. 3 ათას სტუდენტზეა საუბარი. შემდეგ პარალელურად მშენებლობა გაგრძელდება და ეს ქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საბოლოო ჯამში უნივერსიტეტი გათვლილი იქნება 60 ათას სტუდენტზე”, – განმარტავს გიორგი ჭიღვარია.

ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტი რომ მასშტაბური და ქვეყნის განვითარების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს უდაო. თუმცა, სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურებამ, სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის სამშენებლო ადგილთან დაკავშირებით ფოტოების გავრცელებამ, სადაც ჩანს რომ ხელშესახები სამუშაოები, როგორიც ასეთ მასშტაბური პროექტი საჭიროებს, არ მიმდინარეობს, გააჩინა ლეგიტიმური ეჭვები, პროექტის სრულყოფასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება თარიღის გადაწევას, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. სტუდენტების მიღება კი 2019 წლის სექტემბერში დაანონსდა, თუმცა, მიღების თარიღმა 2020 წლის სექტემბრამდე გადაიწია. ეს კი ის პერიოდია, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამან, თავის მხრივ, საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა პროექტის ხელოვნურად გაწელვასთან დაკავშირებით, იმ მიზნით, რომ ხომ არ უკავშირდება ეს 2020 წლის წინასაარჩევნო პიარკამპანიას მოქმედი მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ. რამდენად არის ეს სიმართლე და თუ არის, რამდენად წაადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რბოლაში ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პირველი ფაზის დასრულება მოქმედ ხელისუფლებას, ეს 2020 წლის პერიპეტიებში გამოჩნდება.

გარდა ამისა, მართალია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რაღაც ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა გაჭიანურებული სამშენებლო პროცესის და ნელი ტემპის გამო, რამდენად იქნება ეს პროექტი ისეთივე მასშტაბური, როგორიც დაანონსებულია – ამის თაობაზეც კითხვებია. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ყველა ფაზა კი დაახლოებით, 7-10 წლის პერსპექტივაში უნდა დასრულდეს.

 

სანდრო პირველი

Share