Home » საზოგადოება » ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – გზა მომავლისკენ თუ პოლიტიკური სატყუარა
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - გზა მომავლისკენ თუ პოლიტიკური სატყუარა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – გზა მომავლისკენ თუ პოლიტიკური სატყუარა

მილიარდიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დამთავრდეს

საზოგადოებას არაერთი ხმაურიანად დაანონსებული პროექტი ახსენდება, რომელზეც ბოლო წლებია მხოლოდ საუბრები გვესმის. ზოგიც კი უკვე მიივიწყა არა მხოლოდ საზოგადოებამ, არამედ თავად ინიციატორებმაც. ასეთი იყო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაანონსდა. იდეა კი თავად ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ივანიშვილმა ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევის იდეა, ჯერ კიდევ 2012 წელს გააჟღერა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზით იდეა 2012 დან 2016 წლამდე, მხოლოდ იდეად დარჩა და ამაზე საუბრებიც აღარ ყოფილა. საბოლოოდ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო.

2017 წლის ივნისშივე, საქარველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა დირექტორმა, დანიელ გოტშალდმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავების, მართვის, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, TUM International-ის ხარისხის მართვის სტანდარტები იქნება გამოყენებული. გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში დახმარებას დაპირდნენ. მოგვიანებით თეიმურაზ მურღულია ჯერჯერობით არაშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორად დაინიშნა.

2017 წელს დაწყებული მშენებლობისა და გადალახული ბიუროკრატიული ბარიერების შემდეგ, უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2019 წელს უნდა მიეღო, თუმცა 2018 წელს თითქმის შეჩერებული მშენებლობების ფონზე, უკვე ნათელი იყო, რომ უნივერსიტეტი 2019 წელს ვერც სტუდენტების მიღებას შეძლებდა და თავად პროექტის განხორციელების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ქუთაისი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხმა წინა პლანზე მიმდინარე წელს, ახალი შემართებითა და მშენებლობის დასრულების, ახალი ვადებით წამოიწია. კერძოდ, პროექტის პრეზენტაცია ფონდმა “ქართუმ” სექტემბერში გამართა და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დამთავრების თარიღად 2020 წლის შემოდგომა დაასახელა.

პროექტის ტექნიკურ-ფისკალური მახასიათებლები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე უნდა იყოს, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ფონდი “ქართუს” ინფორმაციით, ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

უკანასკნელი ინფორმაციით, უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან. გეგმის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნდა გახდეს სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში. ის ასევე უნდა გახდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

უნივერსიტეტის მართვის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University Of Munich TMU) მართვის სისტემასთან, რომელთანაც როგორც ზემოთ ვახსენეთ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს.

შემდეგ ეტაპებზე დამატებით ორი სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა. აღსანიშნავია ისიც რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს იქნება პირველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში აშენდება.

დასკვნის მაგიერ

თავის მხრივ, იდეა ნამდვილად კეთილშობილურია, რადგან პროექტს კერძო ფონდი ახორციელებს სახელმწიფოზე გადაცემის პირობით, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში ინვესტიციების ქრონიკულ შემცირებას, პროექტი რამოდენიმე მიმართულებით ასხამს ქვეყნის ეკონომიკურ წისქვილზე წყალს.

თუმცა, პროექტის აქილევსის ქუსლად ისევ რჩება მისი პოლიტიკური სარჩული და ზემოთ ნახსენები დასრულების ვადები, რომელიც მსგავსი მასშტაბის პროექტის ერთ წელიწადში დასრულებას თითქმის წარმოუდგენელს ხდის.

ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ პროექტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და როგორც ყველა საქველმოქმედო პროექტს, ცხადია მასაც არ გააჩნია, რაიმე სახის ფინანსური უზრუნველყოფა.

პეტრე ლეკიშვილი

Share