Home » საზოგადოება » ქუჩები თბილისში, სადაც „მარშრუტკები“ ვეღარ იმოძრავებენ – მიკროავტობუსებს გადაადგილება მოკლე მანძილზე მოუწევთ
ქუჩები თბილისში, სადაც „მარშრუტკები“ ვეღარ იმოძრავებენ - მიკროავტობუსებს გადაადგილება მოკლე მანძილზე მოუწევთ

ქუჩები თბილისში, სადაც „მარშრუტკები“ ვეღარ იმოძრავებენ – მიკროავტობუსებს გადაადგილება მოკლე მანძილზე მოუწევთ

კომპანია „სისტრამ“ დედაქალაქის მერიას უკვე გადასცა მარშრუტები და ძირითადი არტერიული ქუჩების ჩამონათვალი – ამის შესახებ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქუჩებს შორის არის: ჭავჭავაძის, რობაქიძის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი და ა.შ.

„რაც შეეხება მიკროავტობუსებს, სისტრას ეს ეტაპი დარჩა რომ გადმოგვცეს. თუმცა, მათი მოკლე მარშრუტების ნაწილი უკვე გადმოცემული გვაქვს. მიკროავტობუსები ძირითადად გარეუბნებიდან იქნება დამაკავშირებელი და იქ იმოძრავებს, სადაც ავტობუსი გზის სივიწროვიდან გამომდინარე ვერ დადის. ასეთ მარშრუტებზე ყველგან მიკროავტობუსები იქნება გადანაწილებული. შესაბამისად, ძირითად არტერიულ ქუჩებზე, როგორიცაა მაგალითად, წერეთლის, მარშალ გელოვანის, რუსთაველის, ჭავჭავაძის გამზირები – ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს და იქ მიკროავტობუსები აღარ ივლის. მსგავს ტერიტორიებზე იმოძრავებს როგორც 8 მეტრიანი, ისე 24 მეტრიანი ავტობუსებიც,“-აღნიშნა მუმლაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილია მიკროავტობუსების განახლებაც. კერძოდ, როგორც მუმლაძე აცხადებს, ყვითელი მარშრუტკები 2020 წლის ბოლომდე სრულად იქნება განახლებული.

„წელს უკვე უნდა გვქონდეს ახალი სახელშეკრულებო პირობები მიკროავტობუსებთან, ისე რომ იქ მომუშავე მძღოლები შენარჩუნებული იყვნენ პოზიციებზე და ანაზღაურების კუთხითაც უფრო კარგი მდგომარეობა ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, რომ გადახდის სისტემაც დაიხვეწოს და მიკროავტობუსებშიც სხვადასხვა საბანკო ბარათებით იყოს შესაძლებელი მგზავრობის საფასურის გადახდა. შესაბამისად, მაქსიმალური კომფორტი უნდა შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ საკუთარი ავტომობილები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიწყონ მოძრაობა,“-აღნიშნავს მუმლაძე.

bpn.ge

Share