Home » ბიზნესი » ქართველი მაყურებელი წამყვანი ევროპული ჩემპიონატების გარეშე რჩება
ქართველი მაყურებელი წამყვანი ევროპული ჩემპიონატების გარეშე რჩება

ქართველი მაყურებელი წამყვანი ევროპული ჩემპიონატების გარეშე რჩება

იტალიური ფეხბურთის ქომაგები „სილქ TV”-ის მიერ სპორტული არხების გათიშვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანია მაყურებლის ინტერესებს არ ითვალისწინებს.

როგორც ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ფანკლუბის პრეზიდენტმა, ლევან ბეგლარიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ტელევიზიას 4 სპორტული არხი აქვს და არცერთი მათგანი არ აჩვენებს არც იტალიის, არც გერმანიის და არც საფრანგეთის ჩემპიონატებს, ამ ფონზე კი კიდევ ორ სხვა სპორტულ არხს თიშავს, სადაც აღნიშნული ჩემპიონატების ტრანსლირება ხდება.

„როგორც ზოგადად ფეხბურთის მოყვარული და კერძოდ იტალიური ფეხბურთის ქომაგი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე პირადად, იტალიის ჩემპიონატის გამო მაქვს ეს ტელევიზია და აუცილებლად გადავხედავ ჩემს არჩევანს. ბაზარზე რეალურად ორი მონოპოლისტია, „სილქ ტვ” და „კავკაზუს ონლაინი”. ანუ გამოდის, რომ თუ გვინდა ვუყუროთ დარჩენილ 4 სპორტულ არხს რომელიც „სილქტვს” მფლობელობაშია, უნდა გვქონდეს „სილქტვ”. ხოლო თუ გვინდა იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის ჩემპიონატების ყურება უნდა დავაყენოთ „კავკასუსი”. – აცხადებს ბეგლარიშვილი.

მე პირადად ორივე ტელევიზია მაქვს და ჯამში 70 ლარამდე ვიხდი თვეში. ამის მიუხედავად ვდგავარ საფრთხის წინაშე, რომ საყვარელი ჩემპიონატის გარეშე დავრჩე. თუ კომპანიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტი დაუმთავრდათ, კეთილი ინებონ და ან გააგრძელონ კონტრაქტი, ან თავად საკუთარ სპორტულ არხებზე შეიძინონ ტრანსლირების უფლება.

როდესაც სილქნეტმა სეტანტა დაამატა, 5 ლარი დაემატა ყოველთვიურ გადასახადს. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გადავიხადეთ ამ არხის ტრანსლირების ფული. ახლა, როდესაც სილქტვ თიშავს სეტანტას, მიჩნდება კითხვა, გამოაკლებს თუ არა ამ 5 ლარს მაყურებლების ინტერესების სადარაჯოზე მდგარი კომპანია ყოველთვიურ გადასახადს. არაფერს ვამბობ, GMG-ც რომ 5 ლარი ღირდა და თვითონ რომ იყიდეს და მაინც არაფერი გაიაფდა!

რეალურად გამოდის, რომ ბაზრის ორი მოთამაშის მახინჯ კონკურენციას, ჩვენი, გულშემატკივრების ინტერესები ეწირება. გარდა ამ ინტერესებისა, არის ასევე ფინანსური მხარეს. ისედაც ძვირი ტელევიზია რომელთანაც ხელშეკრულება გავაფორმე მაშინ როდესაც ყველა არხი ჰქონდა, ეტაპობრივად თიშავს ამ არხებს და მთავაზობს საკუთარ არხებს, არ არის არჩევანის საშუალება.

საინტერესოა რა როლი აკისრია ამ შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიას. სახეზე გვაქვს მომხმარებლის უფლებების უხეში დარღვევა. აუცილებლად ვაპირებთ გულშემატკივართა სახელით კითხვით მივმართოთ აღნიშნულ ორგანოს,”- ამბობს ლევან ბეგლარიშვილი.

„სილქნეტის” წარმომადგენლები  აცხადებენ, რომ „სეტანტასთან” თანამშრომლობა ამ ეტაპზე შეწყდა, თუმცა, იმ სპორტული კონტენტის ყიდვას მუდმივად ცდილობენ, რომელიც სხვა არხებსაც აქვთ იმისათვის, რომ „სილქ სპორტზე” სპორტის ყველა მოყვარულმა მისთვის საინტერესო თამაშები ნახოს.

მათივე ინფორმაციით, სპორტულ არხებში ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის, პორტუგალიის, ევროპისა და ჩემპიონთა ლიგები, ასევე ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა რჩება. „სილქ სპორტ” არხებზე მაყურებელს ასევე შეუძლია ნახოს კალათბურთის ევროლიგა, ევრობასკეტი და NBA; ვიმბლდონის ჩემპიონატი და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი.

რაც შეეხება საფასურის შემცირების მოთხოვნას, ამ საკითხზე “სილქნეტის” კომენტარი ასეთია: “Silk TV მენიუ ეტაპობრივად განახლდება. ამ პროცესში შესაძლოა ჩამონათვალს არაერთი ახალი არხი დაემატოს ან არსებული არხები ჩანაცვლდეს უფრო პოპულარულებით. თითო არხის დამატება/გათიშვა/ჩანაცვლება არ ხდება სააბონენტო საფასურის ცვლილების საფუძველი.”

Share