Home » საზოგადოება » ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი მიღწევა: ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს
ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი მიღწევა: ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი მიღწევა: ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს

ვაჟა გაფრინდაშვილის მოთხოვნით ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს, – იუწყება „რადიო თავისუფლება“ ქართველი ექიმის ყოფილი თანასაკნელის შოთა ბიძინაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ გაფრინდაშვილმა ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად შეგნებულად გადადგა და სურვილი აქვს ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვალოს.

ბიძინაშვილმა ცხინვალის იზოლატორში 9 დღე გაატარა. იგი ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შელაპარაკებისა და ჩხუბის შემდეგ დააკავეს. ბიძინაშვილი მათ უმტკიცებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ თავში კონდახი მოხვდა. ცხინვალის იზოლატორში ის თავის არეში დაზიანებებით მიიყვანეს. მისთვის არც ექიმი მიუყვანიათ და არც წამალი მიუციათ. 9 ნოემბერს მასთან საკანში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი შეიყვანეს, რომელმაც ბიძინაშვილს თავზე სველი ნაჭრები დაადო და ბადრაგს ეუბნებოდა, რომ 21-ე საუკუნეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაუშვებელია.

ბიძინაშვილი საკანში თავს შეუძლოდ გრძნობდა, ღამით აციებდა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მას საკუთარ ქურთუკს აფარებდა. თანასაკნელი პაციენტისთვის ცხელ ჩაის ითხოვდა, მაგრამ ამასაც არ აწვდიდნენ. ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს – წიწიბურა და მცირეოდენი პური. სხვა ექიმი თვალით არ უნახავთ. ბიძინაშვილის გადმოცემით, ვაჟა ექიმი სულ ამბობდა, რომ საპატიმროში „წითელი ჯვარი“ მუდმივად უნდა შედიოდეს და იზოლატორში პირობები უნდა გაუმჯობესდეს. პატიმრების საკანი ნესტიან სარდაფში იყო. ბიძინინაშვილი დარწმუნებულია, რომ ექიმს მალე გაათავისუფლებენ.

ცნობისთვის:  ოკუპანტებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის ოკუპირებულ რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება.

Share