Home » ბიზნესი » ქართველ მეცხვარეებს სომხური იმპორტი აკოტრებს
ქართველ მეცხვარეებს სომხური იმპორტი აკოტრებს

ქართველ მეცხვარეებს სომხური იმპორტი აკოტრებს

 

მეცხვარეები მუქარიდან საპროტესტო აქციებზე გადავიდნენ. პირველი სამიზნე სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღმოჩნდა. მეცხვარეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სომხურმა იმპორტმა ქართველი ფერმერები გაკოტრებამდე მიიყვანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილი მეცხვარეები ცხვრის რეექსპორტის საკითხის დარეგულირებას მოითხოვდნენ. მათი განცხადებით, სომხეთიდან შემოყვანილი პირუტყვის დაბეგვრა დამატებითი ღირებულების გადასახადით არ ხდება. შესაბამისად, ადგილობრივი მეცხვარეები დემპინგური ფასის გამო, თავიანთი ცხვრის გაყიდვას ვერ ახერხებენ.

“სომხეთიდან შემოდის, ახლა უკვე რუსეთიდან დაიწყო შემოსვლა ცვხარმა, რომელიც რაღაცნაირი მაქინაციური რეჟიმებით პრობლემებს გვიქმნის. ამას ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ის გააკონტროლოს. ამაზე ხალხი არის დასაჭერი”

– აცხადებს მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბექა გონაშვილი.

ფერმერების განცხადებით, მთელ ქვეყანაში მხოლოდ სომხეთიდან შემოყვანილი ცხვრის რეალიზება ხდება, რაც მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახება. ფერმერების მონაცემებით, საქართველოში წელს ქართული ცხვრის 20% არ გაყიდულა, ამიტომ მათ გაკოტრება ემუქრებათ. ისინი შექმნილ სიტუაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან კორუფციულ გარიგებას უკავშირებენ.

“ვერ ვყიდით საქონელს, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუ ჩემი სახელმწიფოა და მე გადასახადებს ვიხდი, უნდა დამეხმარონ და ხელი შემიწყონ და რატომარ მეხმარებიან? ორი წელია ამ საკითხზე ვჩხუბობთ. სესხები ახლაა გადასახდელი, მიწის გადასახადიც ახლა გვაქვს დასაფარი და ცხვარიც თუ ვერ გავყიდეთ, კატასტროფა იქნება. დაანებებს ეს ხალხი მეცხვარეობას თავს… უამრავ ადამიანს სესხი აქვს აღებული, რადგან ვალის გასტუმრებას ცხვრის გაყიდვით ცდილობდა. ახლა კი არანაირი შემოსავალი არ აქვთ და გადასახადსაც ვერ იხდიან”

– აცხადებს ბექა გონაშვილი.

მეცხვარეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი შეხვდა და განაცხადა, რომ ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას სცდება.

“ჩვენ ამ საკითხებს ვერ მოვაგვარებთ, ეს არის სხვა უწყების საკითხები. მეცხვარეებმა წამოჭრეს პრობლემები, რომლებიც კომპლექსურად რამდენიმე სამინისტროს მიერ უნდა გადაწყდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მედიატორის როლს შევასრულებთ”

– განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შემოსავლების სამსახურში კი არ უარყოფენ, რომ იმპორტირებულ ცხვარზე გარკვეული შეღავათი მართლაც დაწესებულია, თუმცა განმარტავენ, რომ გამონაკლისი მხოლოდ სანაშენე ჯიშის ცხვარზეა. ამ სტატუსს კი შემოყვანილ წვრილფეხა პირუტყვს ადგილზე სომხეთში ანიჭებენ.

ლევან დავითაშვილმა მეცხვარეებთან შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიურად მუშაობს.

“მეცხვარეობის განვითარების მიმართულებით სამუშაოები ხორციელდება და გარკვეული პროგრესი მიღწეულია. მთავრობამ უკვე მიიღო ცხვრის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი, დაწყებული ზოგადად წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის რეგისტრაცია-იდენტიფიცირება-მარკირების წესის შემუშავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ცხვრის მიკვლევისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა სამინისტროსთან ერთად, ცხვრის გადასარეკი ტრასების რეგისტრაცია ხორციელდება. აღნიშნულ ტრასებზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობაც. კერძოდ, დაიწყო მედპუნქტებისა და უსაფრთხოების პუნქტების მშენებლობა. ეს ყველაფერი დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”

– აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

[wpolling id=”5″ width=”” height=””]

Share