Home » საზოგადოება » „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან“
„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან“

„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან“

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ გასცა დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც სამწუხაროდ ვერ შესრულდა.

„ხელოვნური ხმაურები ჩვენ ბევრი გქონია, მაგრამ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩემგან მსგავსის გამეორება არ იქნება სწორი, რამეთუ სწორედ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა, თანაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამას დაეთანხმა. რა მაქვს მხედველობაში, როცა ცალმხრივს ვამბობ – ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის ან საზოგადოების რაღაც ნაწილში ხდება შეთანხმება ორმხრივი და მის შესრულებას შესაბამისად მოითხოვენ. ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი, ეს იყო ჩვენი კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, ეს იყო ჩემი ინიციატივა. გუნდში მე მივედი ამ ინიციატივით, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით 2020 არჩევნებიდან და არ დავლოდებოდით 2024 წელს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მაჟორიტარების პოზიცია თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა გუნდში მოხდა კონსენსუსი.

„განცხადება გავაკეთეთ, დამოკიდებულება მაჟორიტარების გუნდში თავიდანვე იყო ცნობილი. ცნობილი იყო მაშინაც, როცა ვღებულობდით კონსტიტუციას, სადაც ჩაიწერა 2024 წელი. ჩვენ მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღება. მაჟორიტარებმაც დაუჭირეს მხარი, ერთეულების წინააღმდეგობისა, მათ ეს გადალახეს. სამწუხაროა, რომ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ, დაზიანდა გუნდი. მე ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს. მთელი ცხოვრება, არა მარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, თუ ადამიანი განიცდის, როდესაც ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ. ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, არ მახსოვს, რამე სერიოზული დაპირება არ შეგვესრულებინა. ზოგადად, ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას, 100-ჯერ და ათასჯერ ვზომავ, თუ პირდები, უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რაც მოხდა. განვიცდი პირადად, განიცდიან გუნდში ყველა, განიცდიან ისინი, ვინც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. განიცდიან ფაქტს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასცა დაპირება. მართალია, ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ეს არ იყო კონტრაქტი არავისთან, მაგრამ ვერ შევძელით შესრულება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Share