Home » ბიზნესი » ქართული წყალი უცხოეთში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება – მწარმოებელი კომპანიების ნაწილს კი ექსპორტზე გასვლა უჭირს
ქართული წყალი უცხოეთში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება - მწარმოებელი კომპანიების ნაწილს კი ექსპორტზე გასვლა უჭირს

ქართული წყალი უცხოეთში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება – მწარმოებელი კომპანიების ნაწილს კი ექსპორტზე გასვლა უჭირს

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ზრდის პარალელურად, ადგილობრივი კომპანიების ნაწილი დამატებითი ბაზრების მოძიებას იწყებს, ნაწილი კი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს.

როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ქართულ წყალზე უცხოეთში მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციაც, რომლის თანახმად, 2019 წელს 27,233 მლნ ლიტრი (17, 851 მლნ დოლარი) პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან სულ 20,798 მლნ ლიტრი (13,741 მლნ დოლარი) მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2017 წელს ჯამში, 147, 223 მლნ ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი განხორციელდა, რაც ფინანსური მაჩვენებლებით 95,776 მლნ დოლარს შეადგენდა. 2018 წელს კი, 172,006 მლნ ლიტრი გავიდა, რაც თანხობრივად 110,176 მლნ დოლარია.

კომპანია „ნაბეღლავის“ ექსპორტის მენეჯერი ლევან ჩიქოვანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათი პროდუქცია უკვე 20-მდე ქვეყანაში გადის. ამასთან, ექსპორტირებული მინერალური წყლის მოცულობა ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება.

„ჩვენ უკვე წლებია, ექსპორტზე ვაგზავნით პროდუქციას და დინამიურად ვავითარებთ ამ მიმართულებას. რა თქმა უნდა, ყველა ბაზარს თავისი სპეციფიკა და კანონმდებლობა აქვს, თუმცა ვსწავლობთ და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამაზე. ამ ეტაპზე, ჩვენი წყლები 20 ქვეყანაში გადის. კერძოდ, აშშ-ში, ევროკავშირში, თურქეთში, იაპონიაში, ისრაელში და დსთ-ს ქვეყნებში. რაც შეეხება მოცულობას, ექსპორტზე მთლიანი წარმოების უკვე 15%-ზე მეტი გადის და ამ მაჩვენებელს წლიდან წლამდე ვზრდით“,- აცხადებს ლევან ჩიქოვანი.

მისი თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია ახალი ქვეყნების ათვისებას აგრძელებს და სულ მალე, შესაძლოა, მათი პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნებს უზბეკეთი და ჩინეთიც დაემატოს.

„ვაპირებთ, რომ უზბეკეთის მიმართულებით გავიდეთ, რადგან იქ საბაჟო საკითხები დარეგულირდა. მანამდე აღნიშნულ ქვეყანაში საკმაოდ მაღალი გადასახადები იყო და ახლა ლიბერალური გახდა. ასევე, ჩინეთს მიმართულებითაც ვგეგმავთ განვითარებას“,- აცხადებს ლევან ჩიქოვანი.

მიუხედავად იმისა, რომ „რიწის წყალი“ ჯერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გადის, როგორც კომპანიის დირექტორი ვლადიმერ გურგენიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მისი ინტერესი მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებაა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანია შიდა პრობლემებს მოაგვარებს, ახალ ბაზრებს აითვისებს და პროდუქციის წარმოებასაც გაასამმაგებს.

„ჯერჯერობით ექსპორტზე ვერ გავედით, რადგან ჩემს ბიზნეს პარტნიორთან სასამართლო დავა მაქვს. სწორედ მას ევალებოდა პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რამდენიმე პარტია გაიტანა კიდეც, მაგრამ დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, ამიტომ ახლა „განქორწინების“ პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც გასვლას ვგეგმავთ, ეს არის ირანი, ემირატები და რუსეთი. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ქვეყნებში გავალთ. სიმართლე გითხრათ, ჩემს ინტერესს მთლიანად ექსპორტი წარმოადგენს და ვაპირებ წარმოების გასამმაგებას. ვფიქრობ, რომ საქართველოს ბაზარი ჩვენზე მორგებული დიდად არ არის, უბრალოდ, აქ ვამუშავებ იმიტომ, რომ მიმდინარე ეტაპზე, სანამ ექსპორტზე გავალთ, წარმოება შევინახო“,-აცხადებს ვლადიმერ გურგენიძე.

ექსპორტზე გასვლას გეგმავს მინერალური წყლების კომპანია „ძუღურიც“. თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი სალომე ჯოგლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მანამდე საჭიროა მათი პროდუქციის შესახებ ცნობადობის გაზრდა, რადგან ამ ეპატზე პოტენციური ექსპორტიორების მიერ შეთავაზებული თანხა, კომპანიისთვის მისაღები არ არის.

„ამ ეტაპზე ჩვენ ექსპორტს არ ვახორციელებთ, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული მოლაპარკებები გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კონკრეტული პასუხები არ ვიცით, მათ ვინაობას წინასწარ ვერ გავასაჯაროვებთ.

მიზეზი, რის გამოც ექსპორტი ამ დრომდე არ გვაქვს, რამდენიმე პრობლემას უკავშირდება. კერძოდ, ქვეყნების მიერ შემოთავაზებული პირობები, ჩვენთვის ფინანსურად არახელსაყრელია. ჩვენი პროდუქტი სხვა წყლებთან შედარებით, ძვირია, რადგან მისი მოპოვება საკმაოდ რთულია. ძალიან მაღალმთლიან და მიუვალ ადგილას მოდის და რაოდენობირივადაც ცოტაა, რაც პროდუქტის ფასს აძვირებს. ამიტომ, ექსპორტიორმა ქვეყნებმა ზუსტრად უნდა იცოდნენ, რაზეა საუბარი და რომ ეს ჩვეულებრივი მინერალური ან მტკნარი წყალი არ არის. მას სამედიცინო დანიშნულება აქვს, ეს ექსპერტიზითაც დადასტურებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მინერალური წყლებით ძალიან გათამამებულები ვართ, მას ანალოგი არ აქვს. ამიტომ, ჩვენი პრიორირეტია ჯერ ცნობადობის გაზრდა, შემდეგ კი ექსპორტი“,-აცხადებს სალომე ჯოგლიძე.

BPN.GE

Share