Home » ბიზნესი » ქართული სამხედრო პროდუქცია ნატოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა ქვეყანამ შეიძინა
ქართული სამხედრო პროდუქცია ნატოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა ქვეყანამ შეიძინა

ქართული სამხედრო პროდუქცია ნატოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა ქვეყანამ შეიძინა

“დელტას” სამხედრო პროდუქცია ნატოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა ქვეყანამ შეიძინა

შარშან საქართველოში, კერძოდ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში” დამზადებული 120 მმ-იანი ბუქსირებადი ნაღმსატყორცნების პარტია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა ქვეყანამ შეიძინა. ამ ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ ჩვენ შარშან ზაფხულშივე ვიცოდით და “კვირის პალიტრის” ერთგული მკითხველი, იმედია, გვაპატიებს, რომ ამის თაობაზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ვწერთ. ეს არ იყო სამხედრო საიდუმლო, მაგრამ კომერციული საიდუმლოს დაცვის მიზნით (გარიგება სხვა ქვეყნების იარაღის ფირმებს რომ არ ჩაეშალათ) აქამდე ამ ამბის გახმაურებისაგან თავი შევიკავე.

ნატოს წევრ ქვეყანას, რომელმაც “დელტასგან” რამდენიმე ათეული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი შეიძინა (გაყიდული ნაღმსატყორცნების რაოდენობას, ფასსა და მყიდველ ქვეყანას ჯერჯერობით ისევ არ გავამხელთ), ისეთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, ნაღმსატყორცნებს კი არა, კოსმოსურ ხომალდებს ამზადებს, მაგრამ ქართული წარმოების იარაღის ამ სახეობამ მაინც დააინტერესა.

ამ გარიგების მიზანი შეიძლება სხვაც იყოს, მაგალითად ის, რომ “დელტას” ნაღმსატყორცნებს გამოიყენებენ ისინი, ვისაც მანამდეც ჰქონია საქმე საბჭოთა სისტემის შეიარაღებასთან.

როგორც წესი, ნატოსა და საბჭოთა/რუსული შეიარაღების კალიბრი ერთმანეთს არ ემთხვევა, ანუ “შავი შაშხანით” “კალაშნიკოვის” ვაზნას ვერ გაისვრი და პირიქით. ასევეა საარტილერიო და სატანკო კალიბრებთან დაკავშირებითაც და მხოლოდ 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებისთვისაა სულერთი, საბჭოთა წარმოების ნაღმს ჩაუშვებენ ლულაში თუ – ამერიკულს.

ეს გარემოება 120 მმ-იან ნაღმსატყორცნს თითქმის უნივერსალურ იარაღად აქცევს, რაც მის ერთ-ერთ მწარმოებელ ქართულ “დელტას” საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის კარგ შანსს აძლევს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ 120 მმ-იან ნაღმსატყორცნებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საბურავებიც აქვს, თუმცა ეს თავისთავად გამოვიდა – “დელტა” “დიდგორებისა” და მის ბაზაზე შექმნილი “მედევაკების” დასამზადებლად “ფორდ 550”-ის პიკაპებს ყიდულობს და მათ ტყვიაგამძლე საბურავებს უყენებს, შესაბამისად, თითოეული “ფორდისგან” თავისუფლდება ექვსი მაღალ­ხარისხიანი საბურავი, რომლებიც სამ 120 მმ-იან, ბუქსირებად ნაღმსატყორცნს ჰყოფნის.

ნაღმსატყორცნების გაყიდული პარტია საფუძვლიანად შემოწმდა და წესით, თავი არ უნდა შეირცხვინოს, რადგან ნატოს ბლოკში “გაჭრილ” საექსპორტო გზას გაფართოება სჭირდება…

წყარო: „კვირის პალიტრა”

Share