Home » საზოგადოება » ქართული საბანკო სექტორი – ეკონომიკის მუხრუჭი თუ განვითარების კატალიზატორი
ქართული საბანკო სექტორი - ეკონომიკის მუხრუჭი თუ განვითარების კატალიზატორი

ქართული საბანკო სექტორი – ეკონომიკის მუხრუჭი თუ განვითარების კატალიზატორი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი» პოლიტიკის დამოუკიდებელ ანალიტიკოსს, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

– ბატონო ვაჟა, ქართულ ეკონომიკაში საბანკო სისტემის როლსა და ამავე როლის თავისებურებებზე თებერვლის თვეში თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ საკმაოდ ამომწურავად ისაუბრეთ, მაგრამ ამ თემაზე კვლავ თქვენი შეწუხება გადავწყვიტეთ.
ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ განაცხადა, რომ „ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს საბანკო სისტემაშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა… „საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია“. შემდეგ კი მის ამ განცხადებას სხვაგვარი განცხადებაც დააწია – „საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია“.
ჩვენი წარმატებული საბანკო სექტორი რომ ეკონომიკის განვითარების მუხრუჭის გარდა, მოსახლეობის გაღატაკების წყაროა, ამაზე მანამდეც ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ ეს რომ ასეა, ფინანსთა მინისტრის ამ ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმაც დაადასტურა. ამ თემაზე მინისტრის განცხადებების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება ბანკებთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის გატარებას შეეცდებოდა, მაგრამ ამავე მინისტრისა და ბანკირების შეხვედრამ სულ სხვა შედეგი მოიტანა.
ვიდრე ამ შეხვედრის შედეგებზე ვისაუბრებდეთ, თქვენ როგორ შეაფასებდით მინისტრ მ. ბახტაძის განცხადებებს? რას შეიძლება ნიშნავდეს ისინი და რა ტიპის დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა?

– უწინარეს ყოვლისა, მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებები უნდა შეფასდეს რამდენიმე რაკურსით. ამ განცხადებების საფინანსო–საბანკო სისტემასთან მიმართებას კვალიფიციური ფინანსისტის კომპეტენცია ესაჭიროება, მეორე მხრივ ისინი გახლდათ პოლიტიკოსის ამპლუაში მამუკა ბახტაძის ფაქტობრივი დებიუტი და განხილული უნდა იქნას სამთავრობო გუნდის ახალი პოლიტიკის დეკლარირებად და სიღარების დონიდან გამომდინარე, მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრის ახალი კურსის დასაწყისად.

მე ამ პრიზმაში და ამის გათვალისწინებით ვუპასუხებ თქვენს კითხვას. მანამდე შევნიშნავ, რომ მინისტრი ბახტაძე, რომელიც კვირიკაშვილის მთავრობაში თავისი განსწავლულობით და ახალი ხედვებით თავიდანვე გამოირჩევა, უდავოდ შეიძლება პერსპექტიულ პოლიტიკოსადაც იქცეს, თუმცა მისი დებიუტი ამ სფეროში აშკარად წარუმატებელი იყო.

განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ბანკები ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია, მეორე დღესვე შეიცვალა საპირისპირო შეფასებით, რომ საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის წარმატებული მიმართულებაა. ეს ყველაფერი შედეგი იყო ,,ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკაში ნიჭიერი ადამიანის შემოყვანის წესების და რიგის, პოლიტტექნოლოგიების ანბანის უგულებელყოფით.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელსაც კულუარებში პრემიერ–მინისტრობის ერთ–ერთ ალტერნატივად განიხილავენ, არენაზე აღმოჩნდა ფაქტობრივად მოუმზადებელი. თუნდაც ამ კონკრეტული განცხადების შესაძლო რეზონანსი კარგად უნდა ყოფილიყო აწონილ–დაწონილი ბატონ ბახტაძის მრჩევლების მიერ სხვადასხვა სფეროში – ფინანსისტების, საბანკო სფეროს სპეციალისტების, პოლიტტექნოლოგების და ა.შ. მიერ, რამდენადაც ფინანსთა მინისტრის განცხადებები იყო საკმაოდ რადიკალური და არსებითად ახალი პრემიერ კვირიკაშვილის გუნდისთვის.

ბანკებთან მიმართებაში გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება მე პირადად არ მახსენდება. მინისტრის ამ განცხადებას მწვავე აჟიოტაჟი მოჰყვა მაგრამ, საერთო ჯამში, ძალიან კარგი ფაქტი მოხდა და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიაც დაიწყო. ეს თემა ახალი არაა, ბანკების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება დიდი ხანია არსებობს, თუმცა ექსპერტების თუ ანალიტიკოსების მხრიდან კრიტიკას და დიდწილად სამართლიან კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში თავად ხელისუფლება ანეიტრალებდა და ფარად გადაეფარებოდა ხოლმე საბანკო სექტორს.

მთავარია აქცენტები დაისვას სწორად და მოხდეს სწორი დიაგნოზის დასმა, გამოვიდეთ პრობლემიდან, დღევანდელი მოცემულობიდან და გავყვეთ მიზეზებს სათავისკენ. რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა? ეს არის, და ამას არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევა ადასტურებს, ფინანსებზე წვდომის დაბალი დონე. მაგრამ, რა არის მიზეზი? წარმატებული და განვითარებული საბანკო სექტორი?

არავითარ შემთხვევაში! ფინანსებზე წვდომის სირთულე არის არა ბანკების წარმატების, არამედ ფინანსური სექტორის სხვა დარგების წარუმატებლობის შედეგი. ბანკის გარდა არ არსებობს ფინანსური რესურსის მოძიების სხვა წყარო, ბანკი კი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, თეორიულადაც კი ვერ გაწვდება ფინანსებზე ეკონომიკის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მაგალითად, ვინაიდან სტარტაპების თემაა აქტუალური, მასობრივად და სისტემურად ბანკი ვერ იქნება სტარტაპის დამფინანსებელი, ბანკი არის ინსტიტუტი, რომელიც მოქმედებს და რისკავს არა მხოლოდ საკუთარი, არამედ და მათ შორის, თქვენი, ჩემი, მკითხველის და ათასობით მოქალაქის ფულით.

სწორედ ამიტომ რეგულირდება ეს სექტორი, რომ ჩვენი ფული არ მიმართოს მაღალრისკიან პროექტებში და არ დაკარგოს. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში იყოს ისეთი საბანკო სისტემა, სადაც ანაბრის განთავსება არ შეგვეშინდება და მშვიდად შევინახავთ დანაზოგს, მაშინ ბანკებისგან ზედმეტი არ უნდა მოვითხოვოთ. რაც არ უნდა “ანტისაბანკოდ” ვიყოთ განწყობილი, ამ საკითხში ემოციებისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ბანკებს ბევრს სხვა საკითხში ვედავოთ, მაგრამ არა აქ.

მე რასაც ვამბობ, მესმის რომ ჩვენი საზოგადოების წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ კმაყოფილებით არ იქნება აღქმული, შეიძლება ბევრმა დაუმსახურებლადაც შემრისხოს, მაგრამ მე ვერ ვიმსჯელებ იმის მიხედვით თუ რა მოეწონება, ან არ მოწონება ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს.

ბანკები, საბანკო სისტემა მჟღერად რომ ვთქვა, ეკონომიკის სისხლძარღვებია, მაგრამ არსებითად ეს არის უაღრესად ფაქიზი სფერო. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რა მოჰყვება საბანკო კრიზისს ჩვენს ქვეყანაში, ეს იქნება კოშმარი, ეს იქნება დაახლოებით დაბომბილი და ნანგრევებში მყოფი სირიის სურათი, რომელიც დაიწყება უზარმაზარი რიგებით ბანკებთან და დამთავრდება შიდა და გარე ძალების მიერ პროვოცირებული მასობრივი არეულობებით.

ეს ჩემი პოზიცია, ბუნებრივია, არასგზით არ გულისხმობს შეგუებას იმ მოუთმენელ ვითარებასთან რაც საბანკო-საფინანსო სფეროში გვაქვს და ამის თაობაზე მე, როგორც ერთ ანალიტიკოსს, არაერთხელ დამიწერია და მითქვამს.

საბანკო სექტორი ეკონომიკაში მაინც უფრო მოთხოვნის სტიმულატორია და არა მიწოდების, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აფინანსებს უფრო მომხმარებლებს, სხვადასხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების ყიდვის მსურველებს, ვიდრე მწარმოებლებს ანუ ბიზნესს. განსაკუთრებით ეს ტენდენცია საქართველოში იგრძნობა.

დიახ, ქართული ბანკები აფინანსებენ ბიზნესს, საშუალოს, მცირეს თუ მსხვილს, მაგრამ ეს არ არის მათი საქმიანობის ძირითადი პროფილი, დიდწილად ბანკები აფინანსებენ სამომხმარებლო სექტორს, სწორედ ეს სექტორია მათთვის შემოსავლის და მოგების მთავარი წყარო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ეკონომიკაში იმპორტის წილი დიდია, ბანკების მიერ დაკრედიტებული მოსახლეობა უფრო მეტ ფულს ხარჯავს იმპორტირებულ საქონელზე, ვიდრე ადგილობრივზე და შეიძლება ითქვას, რომ ბანკები ირიბად უცხოელ მწარმოებლებს აკრედიტებენ. რომ გადახედოთ ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სმარტფონების თუ სხვა საქონლის იმპორტს, ის ძალიან დიდი და ამავდროულად მზარდია, რასაც ხელს უწყობს მათ შორის საბანკო სექტორიც.

კითხვისგან შორს რომ არ წავიდე, ჯერჯერობით პროცესი ახალი დაწყებულია და ჯერ არ ჩანს, რა იყო მინისტრის განცხადების მთავარი მოტივი, მით უმეტეს არ ჩანს და ჯერ ვერც გამოჩნდება შედეგი.
ფინანსების წვდომის პრობლემის აღმოფხვრა არ ნიშნავს საბანკო სექტორის დანგრევას, ეს ნიშნავს ალტერნატიული წყაროების განვითარებას. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ თუ აქამდე რატომ არ შეიქმნა და განვითარდა ბანკების ალტერნატიული წყაროები, საფონდო ბაზარი, საპენსიო სისტემა და ა.შ., შეიძლება სხვა სექტორების განუვითარებლობაში დავინახოთ ბანკების როლი და დავსახოთ სიტუაციის შეცვლის გზები, მაგრამ არამც და არამც არ უნდა შევეხოთ იმ მოცემულობას, რასაც სტაბილური საბანკო სისტემა ჰქვია.

– რამდენიმე დღის წინ მინისტრი მ. ბახტაძე ბანკირებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე არ უმსჯელიათ იმაზე, თუ რატომ იღებს საქართველოში საბანკო სექტორი უფრო მეტ სარგებელს ეკონომიკისგან, ვიდრე ეკონომიკა საბანკო სექტორისგან, ასევე იმაზე, რომ საბანკო სექტორი ძირითადად იხდის მხოლოდ მოგების გადასახადს, მაშინ როცა ბიზნესის სხვა სახეობები იხდიან დღგ-ს, აქციზს. ასევე არ უსაუბრიათ იმაზე, რომ ბანკებს მინიმუმ 2-ჯერ ნაკლები საგადასახადო ტვირთი აქვთ, ვიდრე დანარჩენ ეკონომიკას.
ამ შეხვედრის შედეგებს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ამჯერადაც რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ ბანკებთან მიმართებაში თამაშის ახალი წესების შემუშავებაზე და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მხრიდან ბანკებთან მიმართებაში აშკარად მოჭარბებული ლოიალური დამოკიდებულება?

– იმისთვის, რომ საპროცენტო განაკვეთები იყოს უფრო დაბალი, იმისთვის, რომ საბანკო სექტორი და დანარჩენი ეკონომიკა სარგებელს ინაწილებდნენ და ეს არ იყოს საბანკო სექტორის სასარგებლოდ, იმისთვის, რომ ნაკლები პრეტენზიები იყოს საბანკო სექტორის მიმართ, საჭიროა არა ბანკების დაჩოქება და გამათრახება, არამედ ალტერნატიული ფინანსური წყაროების და პირველ რიგში საფონდო ბაზრის განვითარება.

ხელისუფლება ბანკების მიმართ არც ლოიალური უნდა იყოს და არც აგრესიული, ის უნდა იყოს ნეიტრალური. ბანკებს აქვთ რეგულირების ჩარჩო, რომელიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებლადაც კი თამაშის საერთაშორისო წესებს ეფუძნება.

პრობლემა არის ის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში განხორციელებულმა ვერც ერთმა რეფორმამ ვერ უზრუნველყო ის, რომ საქართველოში დღეს ბანკების გარდა კიდევ ყოფილიყო ფინანსური რესურსის მოძიების სხვა წყარო. არ იყო შესაბამისი პოლიტიკური ნება.
მოსაზრებას, რომ საბანკო ლობი არ უშვებდა სხვა სექტორების განვითარებას, ან ნებისმიერ სხვა ვერსიას, არსებობის ლეგიტიმური უფლება აქვს, მაგრამ ამას ფაქტებით ვერ დავამტკიცებ – ან უნდა დავიჯეროთ ან არ დავიჯეროთ.

ამდენად, ხელისუფლება ბანკების მიმართ ლოილურად იქნება განწყობილი თუ მტრულად, ეს ფინანსებზე წვდომის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ალტერნატიული წყაროების განვითარების ხელშეწყობაზე. ამ მხრივ დაწყებულია კაპიტალის ბაზრის რეფორმა, დაწყებულია დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, ხელისუფლება ცდილობს ცალკეული პროგრამებით ხელი შეუწყოს ფინანსებზე წვდომას, მაგრამ ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემას და მოცემულობას ასე სწრაფად ვერ შეცვლი. მთავარი მაინც მონდომებაა, სურვილია. ჯერჯერობით ამ შემართებას და მოტივაციას ვხედავ და არ მინდა იმედები გამიცრუვდეს.

– მინისტრ მ. ბახტაძისა და ბანკირების შეხვედრის შედეგებზე ითქვა, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებმა საშუალო ბიზნესის დაფინანსების საკითხები განიხილეს. ასევე ითქვა, რომ ხელისუფლების მიერ მოწონებულ სტარტაპებს ბანკები დააფინანსებენ.
იმის გამო, რომ ქართულ ეკონომიკაში ბანკები პრაქტიკულად შეუზღუდავად მოქმედებენ, ქვეყანაში სუსტი საფოდნო ბირჟისა და ასევე სუსტი ფასიანი ქაღალდების ბაზრის არარსებობის პირობებში არაერთი ექსპერტი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ პერსპექტიულ სტარტაპებს ხელისუფლება დააფინანსებდა.
თუ მალე სტარპაპებსაც ბანკები დააფინანსებენ გამოდის, რომ მინისტრ მ. ბახტაძის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ქართულ ეკონომიკაში ბანკების როლი კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე აქამდე იყო და შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულება ბანკებისადმი კიდევ უფრო გაიზრდება.
ძნელი დასაჯერებელია ეს მთავრობას გაცნობიერებული არ ჰქონდეს, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ხელისუფლება კი არ უწესებს ბანკებს თამაშის წესებს, არამედ ბანკები კარნახობენ მთავრობას ეკონომიკაში მათი მონაწილეობის პირობებს?

– სტარტაპის დაფინანსების რამდენი წყაროც არ უნდა დავასახელოთ, ბანკები ყოველთვის ბოლოში აღმოჩნდება. სტარტაპების უმრავლესობა, სამწუხაროდ, სიცოცხლისუუნაროა, წარმატებას ვერ აღწევს და შესაბამისად ბანკი, რომელიც არამარტო თავისი, არამედ მოსახლეობის, მოქალაქეების ფულითაც ოპერირებს, სტარტაპებს მასშტაბურად ვერ დააფინანსებს. ამის სურვილიც რომ ჰქონდეს, ამის უფლებას მარეგულირებელიც არ მისცემს.

რაც არ უნდა იდეალური გახდეს საბანკო სექტორი, ის ვერ იქნება ეკონომიკის მთავარი გამწევი ძალა, ის ვერ იქნება ბიზნესის – დამწყების თუ მოქმედის მთავარი მომმარაგებელი ფულით. არ არის და ვერც იქნება ეს მისი მთავარი ფუნქცია.

ასეთ ფუნქციას ჩვენ ვერ გამოვიგონებთ, სხვა ქვეყნების გამოცდილება კი ასეთი მსჯელობის საფუძველს გვაძლევს. ბანკების როლი ეკონომიკურ განვითარებაში უფრო იმაში გამოიხატება, რომ ის აფინანსებს და ასტიმულირებს მოთხოვნას, მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი საქონელი და მომსახურება შეიძინონ. მაგრამ მიწოდების მხარე, ანუ წარმოება ფინანსური რესურსით უნდა მომარაგდეს საფონდო ბაზრების, საპენსიო ფონდების და სხვა წყაროების მეშვეობით.

რაც უნდა ხელი შეუწყოს მთავრობამ, საბანკო სექტორი ვერ გახდება სტარტაპების მასშტაბური დამფინანსებელი. ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ ასეთი პროექტები ბევრი ვერ იქნება. სტარტაპი კი არის დამწყები ბიზნესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დილით გაგეღვიძოს, თავში იდეა მოგივიდეს, ბანკში წახვიდე, სახელმწიფოს ხელშეწყობით სესხი აიღო და ბიზნესი დაიწყო. იდეიდან იმ ეტაპამდე, როცა ბანკმა კი ან არა უნდა გითხრას ურთულესი გზაა და დიდი მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არის ის კომპეტენცია, რომელიც იდეებს ბიზნეს-გეგმებად გარდაქმნის – ვგულისხმობ მასობრივად და არა ცალკეულ გამონაკლისებს. აქ ფინანსებზე წვდომის სირთულის პარალელურად იკვეთება მეორე, უფრო მწვავე პრობლემა – კომპეტენციის ნაკლებობა.

დღეს პრობლემა არის არა ის, რომ იდეებია, ბიზნეს-გეგმებია და ფული არ არის, არამედ ის, რომ ფული არის, მაგრამ არ არის შესაბამისად მომზადებული პროექტები. ეს ერთი შეხედვით პარადოქსია, მაგრამ ასეა და ამის თქმის გამოც ვფიქრობ, ბევრი გამაკრიტიკებს.

ამდენად, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ფულის მოძიების ალტერნალიული წყაროების გაჩენაზე და განათლების დონის ამაღლებაზე. შედეგად, ბანკები თავად დადგებიან იმ ადგილზე, სადაც განვითარებულ ეკონომიკებში დგანან, თავად ეკონომიკა განუსაზღვრავს ბანკებს თავის როლს და ფუნქციას. ბანკებმა სხვა ინსტიტუტებთან (საფონდო ბირჟებთან, საპენსიო ფონდებთან) ერთად უნდა განავითარონ ეკონომიკა და არა ცალკე, რასაც ვერც შეძლებენ.

და ყველაფერ ამის გათვალისწინებით მამუკა ბახტაძის პირველი განცხადებების კრიტიკული პათოსი ბანკების მიმართ სამართლიანია. მისი ცალკეული ინიციატივა საყურადღებოა, სტარტაპების წახალისება სახლმწიფო პროგრამებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, სამართლიანია ბანკების მიმართ განცხადებების პათოსიც, – როგორც მარეგულირებელმა (ეროვნულმა ბანკმა), ისე კომერციულმა ბანკებმა მთავრობასთან და საზოგადოებასთან ერთად უნდა შეცვალოს ბევრი მხრივ მიუღებელი რეალობა – ძვირი ფული ბიზნესისთვის, მაღალი პროცენტები და ასე შემდეგ.

ამ მხრივ საყურადღებოა ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ,,თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის განცხადება: მან ბოლო დღეებში ორჯერ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისდამი რწმუნებული საფინანსო ინსტიტუტი მზადაა კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე.
ფინანსთა მინისტრი ბახტაძე მზადაა ახალი ინიციატივებისთვის, ერთ-ერთი წამყვანი ბანკის ხელმძღვანელი ასევე მზადაა კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად და იქნებ ვინმემ იკისროს მათი შეხვედრის ორგანიზება, რათა საქმე დაიძრას ადგილიდან. და საერთოდ, ასეთი განცხადებების გაკეთება ბანკებთან მოთათბირების გარეშე დაუშვებელია.

კიდევ სხვაა თემა, რას წარმოადგენენ საქართველოში ფუქციონირებადი ბანკები, არსებობს თუ არა რამე ფორმით საბანკო ოლიგოპოლია, რა უდევს საფუძვლად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიტიურ დამოკიდებულებას ქართული საბანკო სისტემის მიმართ, ვინ არიან ამ ბანკების მეპატრონეები, სად არის რეგისტრირებული ამ ბანკებში მნიშვნელოვანი წილის მქონე კომპანიები, ჩვენი ბანკების მიმართება ოფშორებთან, რას ნიშნავს რეალურად ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობა და მდგრადობა.
კარგია თუ ნაკლებად კარგი, რომ წამყვან ქართულ ბანკებად გვევლინებიან ,,მიშას ბანკი“ (,,საქართველოს ბანკი“, რომელიც ქართველი ხალხისადმი ამასწინანდელ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა საერთოდ გამოტოვა), რუხაძის ანუ პრაქტიკულად პატარკაციშვილების ოჯახის ბანკი, ,,ბიძინას ბანკი“, ჩინელების ბანკი, ყაზახების ბანკი, თურქების ბანკი და ასე შემდეგ. ამ პრიზმაში თემის განხილვა ამჯერად შორს წაგვიყვანს, თუმცა, სამომავლოდ საკმაოდ საინტერესო დასკვნების გაკეთების საფუძველს მოგვცემს.

– „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესები აქტიურად განიხილება საჯარო სივრცეში. ოპოზიციის კვოტით საზმაუს ბორდში ნ. კაკაბაძის მოხვედრის თემაზე გედევან ფოფხაძისა და უმრავლესობის სხვა წევრების რეაქციამ მმართველ გუნდში არსებული მსოფლმხედველური აზრთა სხვადასხვაობა რომ გააშიშვლა, ფაქტია.
ცალკე საუბრის თემაა მართლა არსებობს თუ არა დაპირისპირება პრემიერსა და პარლამენტის სპიკერს შორის. უმრავლესობის ნაწილი პარტიის „გაწმენდაზე“ ალაპარაკდა. მეორე ნაწილი კი შიდაპარტიული წესრიგის გასამტკიცებლად დეპუტატების ქცევის ერთიან წესებზე შეთანხმებაზე საუბრობს.
„ქართულ ოცნებაში“ მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, სულ უფრო გაუგებარი ხდება, რა შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაზეც მმართველ გუნდშიც საჯარო სივრცეში საუბარს არ ერიდებიან?

– ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტის მიერ არჩევა, ვფიქრობ, ზედმეტი აჟიოტაჟის საფუძველი გახდა. მე მისი ხედვების ნაწილს პიროვნულად არ ვიზიარებ, მაგრამ ფაქტია, რომ ის, როგორც განათლებული, ერუდირებული ქალბატონი, ვფიქრობ, ლოგიკურად და ადეკვატურად წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ნაწილის პოზიციას ამ ორგანოში.

შესაძლოა, პროცედურასთან და „ქართული ოცნების“ ზოგიერთ დეპუტატთან ელექტორატის ნაწილს ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ამის გამო ,,ჭიქაში ქარიშხალის“ ატეხვა ნამდვილად არ ღირს. ეს ფაქტი, ვფიქრობ, არ გამხდარა მმართველ პარტიაში დაპირისპირების საბაბი, მით უმეტეს მსოფლმხედველობრივ ნიადაგზე.
თავად მმართველი პარტია თავდაპირველად ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანებასთან თანამშრომლობდა, მაშინ როცა კოალიციაში იყო მემარჯვენე და ცენტრისტულ პარტიებთან. მერე ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა და დღეს მიუხედავად იმისა, რომ ამ კოალიციაში დარჩნენ სოციალ–დემოკრატები (გია ჟორჟოლიანი, ბექა ნაცვლიშვილი), საპარლამენტო დეპუტაციის შეხედულებები ძირითადად ცენტრისტულია, ხოლო კვირიკაშვილის და მისი ეკონომიკური გუნდის, ანუ მთავრობის, – მემარჯვენე.

ასეთ ვითარებაში მსოფლმხედველობრივ საფუძველზე რა დაპირისპირება უნდა წარმოშობილიყო? აქ უფრო პიროვნულ შეუთავსებლობას და საპარლამენტო დეპუტაციის ორ ჯგუფს შორის შეუთავსებლობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ.

პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე დისციპლინის გამკაცრებაზე საუბრობს. ბუნებრივია, დისცინიპლინისადმი მორჩილების, გნებავთ ფრაქციული დისციპლინის დაცვის აუცილებლობის მოტივით პარლამენტარების პიროვნული ნების და საქმიანობის არც შეზღუდვა შეიძლება და არც ზედმეტი რეგლამენტაცია.

გაუგებარია, ამ პროცესებში რატომ დარჩა მოვლენების მიღმა პარტიის თავმჯდომარე, პრემიერი კვირიკაშვილი. თითქოსდა პარლამენტის ახალგაზრდა დეპუტატების მეშვეობით მოვლენებს ,,ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციაში აკონტროლებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც პარტიის გენერალური მდივანია, მაგრამ ,,ქართული ოცნება“ ამ თვალთახედვით მაინც არასათანადოდ გამოიყურება.

„ქართული ოცნება“ დღემდე ვერ იქცა სტრუქტურირებულ, ერთიანი ხედვებისა და მსოფლმხედველობის ადამიანების, თანამოაზრეთა გაერთიანებად. დღემდე ის არც პარტია-მოძრაობაა, არც საარჩევნო გაერთიანება, არც ევროპული ტიპის სტრუქტურირებული პოლიტიკური ორგანიზაცია. ასეც რომ არ იყოს, როცა გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების მკაფიო მექანიზმები პარტიაში არ არსებობს, საუბარი დისციპლინაზე აშკარად უადგილოა.

კარგი იქნება, თუ ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა ამასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან დასკვნებს გააკეთებს და კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს თავის რიგებში შინაპარტიული დემოკრატიის ნორმების დასამკვიდრებლად, უარს იტყვის რაიონულ-რეგიონული ორგანიზაციის ლიდერებად გამგებლებისა და რწმუნებულების დანიშვნის პრაქტიკაზე და საზოგადოებასთან კონტაქტებს გაააქტიურებს, რაც ასეთი ეფექტური და ხელშესახები იყო 2012 წლის წინა პერიოდში და 2012 წლის შემდეგ.

– მას შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ სიტუაცია აირია, ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ პროცესებში ამავე პარტიის დამფუძნებელი ბ. ივანიშვილი ჩაერთვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადო მოღვაწეების საკმაოდ დიდ ჯგუფმა ბ. ივანიშვილს ჯგუფურად და ინდივიდუალურად არაერთხელ მოუწოდა დაბრუნებოდა პოლიტიკას, მეტიც, – თავად ჩადგომოდა სათავეში პარტიასაც და საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, ამის მსგავსი არაფერი ხდება.
ვინაიდან ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს ბ. ივანიშვილი კულუალურად თუ ღიად მონაწილეობს თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ მართვაში, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შედეგით დასრულდება მმართველ გუნდში დაწყებული პროცესები? რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ გ.ფოფხაძე კაბინეტს ვ.ზარდიაშვილს გაუცვლის…

– ჯერ ერთი, უნდა ითქვას ცალსახად – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც არ იქნება კარგი და არც მიზანშეწონილია. მას, როგორც მოქალაქეს აქვს თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების, ზოგჯერ საკმაოდ საკამათო, გაუთვლელი, მაგრამ შეუძლია ქვეყნის ისტორიაში დიდი და კეთილმყოფელი როლი შეასრულოს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გადახედავს იმ გზას, რომლითაც ქვეყანა მიყავს. არადა, ბევრი რამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან საკამათოა.

ახლა მივყვეთ თანმიმდევრობით. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებაში“ სიტუაციის დასალაგებლად პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა აუცილებელია. სხვა შემთხვევაში გარდაუვალი იქნება განხეთქილება პარლამენტშიც და ზოგადად პარტიაშიც.

კახა კალაძის მიერ მხარდაჭერილი ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილს და მის მომხრეებს შეავიწროებს, რასაც შესაძლოა, შედეგად კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომა მოჰყვეს. ეს კი მმართველ პარტიას დაასუსტებს, რაც არც ქვეყნისთვის იქნება კარგი.

საერთოდაც, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად 2020 წლამდე კვირიკაშვილის ჩანაცვლება, ყოველ შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მაინც. ამიტომ ,,ქართულ ოცნებაში“ სიტუაციის დალაგებაა საჭირო. ამ გზაზე უნდა დაზუსტდეს – ვინ მართავს დღეს რეალურად ,,ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილი ცალსახად არა, მაშინ ვინ? გიორგი კვირიკაშვილი თუ კახა კალაძე? თუ ორივე ერთად? მაშინ სიტუაცია რატომ არ ლაგდება და პარტიულ დისციპლინაზე რატომ ლაპარაკობს პარლამენტის თავმჯდომარე? თუ პრემიერის დაკავებულობის გამო, კალაძე? თბილისის მერიც დაკავებულია თანამდებობრივად. თუ არა მათი ნებით, მაშ ვინ? ეს კითხვები პასუხებს მოითხოვს.

 რაც უფრო გაუგებარი ხდება მმართველ გუნდში ვითარება, მით უფრო მეტ აქტუალობას იძენს თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი?

– სერიოზული თემაა, სერიოზული საკითხია. რახან გადაწყდა, შემოდგომის არჩევნებისას პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირი გზით არჩევა, მისი ფუნქციების საკმაო შეზღუდულობის მიუხედავად, ქართული სახლემწიფოს მეთაურის ვინაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სუვერენიტეტის რეალური განხორციელება.

თუ ვიქნებით რეალისტები, ამ სიტუაციაში, მიუხედავად საზოგადოების განწყობის გარკვეული ცვლილებისა, ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს აშკარად უპირატესი და რეალური შანსი ექნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვის წამოაყენებს ,,ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კადიდატად.

საერთოდ, დემოკრატიის განვითარებას ამა თუ იმ ქვეყანაში ახასიათებს მომენტიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება. მართლაც, ჩვენი დემოკრატიის განვითარების ამ ეტაპზე ურიგო არ იქნებოდა, თუ სახელმწიფოს მეთაური ქალბატონი გახდებოდა.

სალომე ზურაბიშვილიც და თეა წულუკიანიც შესანიშნავი კანდიდატურები იქნებიან, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ხშირად მოჭარბებული პრინციპულობის გამო თეა წულუკიანს გაუჭირდება თანხმობის პრეზიდენტის ამპლუაში ყოფნა, ხოლო სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად თავისი სამშობლოსადმი სიყვარულისა, დიდებული ოჯახისშვილობისა და განსწავლულობისა, ასევე ვერ იქნება მთელი საქართველოს ხალხის პრეზიდენტი.

და აქ არამარტო მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფს ვგულისხმობ, ის გამოირჩეოდა საბჭოთა ინტელიგენციისა და ნომენკლატურისადმი მძაფრად კრიტიკული დამოკიდებულებით. არადა ისინი, მიუხედავად იმისა რომ ასაკოვანები არიან, მათ ოჯახებთან და გავლენის არეალთან ერთად კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა და ყოველ მნიშვნელოვან არჩევანში.
მე თუ მკითხავთ, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი პერსპექტივის გათვალისწინებით, არ იქნებოდა ურიგო უმაღლეს თანამდებობაზე საქართველოს ძირძველი კუთხის – სამეგრელოს წარმომადგენლის არჩევა. ასეთი მიდგომა, ვთქვათ, არა კუთხური წარმომავლობის თვალსაზრისით, არამედ გარკვეული სოციუმის წარმომადგენლობის ნიშნით შეერთებულ შტატებშიც შეიმჩნევა ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას.
იდეალური ვარიანტი იქნება სამეგრელოს მკვიდრი ქალბატონი, თუმცა არასგზით არ შეიძლება რამე კრიტერიუმებით, რომელიმე ღირსეული კანდიდატისთვის ქვეყნის უმაღლეს თანამდებობისკენ გზის გადაკეტვა. მე პირადად ამ თანამდებობაზე სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, მაგალითად, ჩვენს წარმომადგენელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ყოფილ ელჩს ლადო ჭანტურიას – იმ შემთხვევაში თუ ასეთივე ღირსეული ქალბატონის კანდიდატურა არ გამოჩნდება.

– პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებულის მიერ ჩადენილმა საზარელმა მკვლელობამ ბარნოვის ქუჩაზე საზოგადოება ააფორიაქა და სამართლიანადაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე პრეზიდენტმა განმარტებები გააკეთა, მაინც გაჩნდა პასუხგაუცემელი კითხვები შეწყალების კომისიის მიმართ.
მომხდარმა დღის წესრიგში დააყენა პრეზიდენტის შეწყალების კომისიის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევის საკითხი, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა რიცხვი მართლაც დამაფიქრებელია და უამრავ პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პრეზიდენტის შეწყალების კომისია გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს და მან მხოლოდ მაღალი სტანდარტებით იმოქმედოს? და კიდევ, სავარაუდოდ, მიიღებს თუ არა პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

– შეწყალების უაღრესად კეთილშობილური აქტის არსებობის გარეშე მართლმსაჯულება სერიოზულად გაღარიბდებოდა. ის, რომ კონკრეტულმა მსჯავრდებულმა შეწყალების შემდეგ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, არ უნდა გახდეს ამ ინსტიტუტისადმი კრიტიკული და ნიჰილისტური დამოკიდებულების საფუძველი.

ვფიქრობ, მედია და შესაძლოა საზოგადოების ნაწილიც, ამ დღეებში ზემდეტად მკაცრი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი. მართალია, ნარკორეალიზატორების და ოჯახური ძალადობის მონაწილეთა მიმართ შეწყალების კრიტერიუმები უნდა გამკაცრდეს, ხოლო შეწყალების პროცედურა მაქსიმალურად ღია და საჯარო გახდეს, მაგრამ ადამიანისათვის საკუთარი შეცდომების გასწორებისა და საზოგადოებაში დაბრუნების შანსის მიცემა რომ საზოგადოების წმიდათა წმიდა ვალდებულებაა, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს.
რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს იქნება მისი მხრიდან ლოგიკური ნაბიჯი. ის ,,ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილისგან გამიჯვნის შემდეგ ხშირად და საფუძვლიანად მოიაზრებოდა ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატორად და ამის შესახებ არაერთხელ აღვნიშნე.

იმ ვითარებაში, როცა სააკაშვილის ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მისგან წარმოშობილ ,,ევროპულ საქართველოს“ უჭირს პროდასავლურ ფლანგზე „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივის როლის შესრულება, გიორგი მარგველაშვილის მეთაურობით ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და მისი მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში ამ მიმართულებით არსებულ ვაკუუმს გარკვეულწილად შეავსებდა.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი” 

Share