Home » ბიზნესი » ქართული ხის სათვალეებით ესპანეთში დაინტერესდნენ
ქართული ხის სათვალეებით ესპანეთში დაინტერესდნენ

ქართული ხის სათვალეებით ესპანეთში დაინტერესდნენ

კომპანია Bros Eyewear-ის ქართული ხელნაკეთი ხის სათვალეები ევროპის ბაზარზე გავა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დიზაინერმა ირაკლი გამთენაძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, კომპანიას ამ ეტაპზე შეკვეთები ესპანეთიდან აქვს. ასევე საუბარია სათვალეების შვეიცარიაში გატანაზე.

”საზღვარგარეთიდან, კონკრეტულად, ესპანეთიდან გვაქვს შეკვეთები. დღეს იყო საუბარი სათვალეების შვეიცარიაში გატანაზე და სულ მალე, სავარაუდოდ, ჩვენი პროდუქცია ევროპის ბაზარზე გამოჩნდება”, – აღნიშნავს დიზაინერი.

Bros Eyewear-ის სათვალეების წარმოება 2015 წელს ძმებმა დაიწყეს. ამჟამად პროდუქცია სახელოსნო-სტუდიაში მზადდება. წარმოების პროცესში, ძირითადად, თავად დამფუძნებლები, ძმები – ირაკლი და ლევან გამთენაძეები არიან ჩართული. სათვალეები ხელნაკეთია და ძირითადად, ქართული ხის ჯიშებისგან მზადდება.

”აქცენტირება ქართული ხის ჯიშებზე კეთდება: კაკალი, ნეკერჩხალი, ბზა, კიდევ რამდენიმე ხეა. ასევე გვაქვს შემოტანილი ხეებიც”, – ამბობს ირაკლი გამთენაძე.

ირაკლი გამთენაძის თქმით, ამ ეტაპზე სათვალეები თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება. მალე კი ისინი რამდენიმე მოდის სახლშიც გამოჩნდება.

ავტორი: თამარ ლალიაშვილი

წყარო: BPN

Share