Home » საზოგადოება » ქართული განათლების სისტემის პარადოქსი: მოსახლეობაში განათლების სისტემისადმი ნდობა განათლებაზე დახარჯულ წლებთან ერთად იკლებს

ქართული განათლების სისტემის პარადოქსი: მოსახლეობაში განათლების სისტემისადმი ნდობა განათლებაზე დახარჯულ წლებთან ერთად იკლებს

ქართული განათლების სისტემის პარადოქსიმოსახლეობაში განათლების სისტემისადმი ნდობა განათლებაზე დახარჯულ წლებთან ერთად იკლებს

ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD)  მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნებისა და კითხვის უნარები 2006 წლის შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა  ქვეყანა კვლევის სხვა მონაწილე სახელმწიფოთა შორის მაინც ბოლო ადგილს იკავებს. განათლების სისტემაში რეგიონული უთანასწორობაც არსებობს: სოფლებში მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უფრო დაბალი მოსწრება აქვთ, ვიდრე – ქალაქებში. ამ საკითხების გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეტი დრო გაატარეს, ამ სისტემას ნაკლებად ენდობოდნენ.

მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (43%) განათლების სისტემას ნაწილობრივ ან კიდევ – სრულად ენდობა. თუმცა ისინი, ვისაც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხანგრძლივად ჰქონია ურთიერთობა, ნდობას უფრო ნაკლებად გამოხატავენ, ვიდრე – უფრო ნაკლები განათლების მქონე ადამიანები. რეგრესიული ანალიზის თანახმად, განხილული ურთიერთკავშირი რესპონდენტის საცხოვრებელი ადგილის (თბილისი, სხვა ქალაქები, ან სოფელი), ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, შინამეურნეობის ეკონომიკური კეთილდღეობის (გამოთვლილია საყოფაცხოვრებო ნივთების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც ოჯახი ფლობს) და ოჯახში არასწრულწლოვანი წევრების არსებობის გათვალისწინების შემთხვევაშიც ნარჩუნდება.

საერთო ჯამში, უმაღლესი განათლების მქონე და არმქონე რესპონდენტებს შორის, განათლების სისტემისადმი ნდობაში 16%-იანი სხვაობაა. საგულისხმოა, რომ თუკი სხვაობას ყველა სხვა ინსტიტუტისთვისაც გამოვთვლით, ვნახავთ, რომ განათლების სისტემის შემთხვევაში, განსხვავება ყველაზე მაღალია. თუ აღნიშნულ ფაქტს ზემოთ მოყვანილ ანალიზსაც დავუმატებთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოში განათლების სისტემასთან უფრო ხშირი შეხება მის მიმართ უფრო სუსტ ნდობას უკავშირდება.

 

 

Share