Home » საზოგადოება » „ქართულ უნივერსიტეტში“ ,,საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის კვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა
„ქართულ უნივერსიტეტში“ ,,საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის კვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა

„ქართულ უნივერსიტეტში“ ,,საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის კვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა

,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში” გაიმართა კვლევის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციებს ეხებოდა. კვლევა “ქართული უნივერსიტეტის” ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა პროფესორმა ლევან ქისტაურმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტმა შოთა გულბანმა და საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი შერვაშიძემ წარადგინეს.

პროფესორ ლევან ქისტაურის თქმით, კვლევა “საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018” არის პირველი კომპლექსური ნაშრომი, რომელიც საბანკო სექტორსა და ზოგადად, ეკონომიკას ეხება.

“დღეს ძალიან საინტერესო კვლევა წარმოვადგინეთ, რომელიც მოიცავდა საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სისტემის 2012-2018 წლების ტენდენციების შესწავლას, მიმოხილვას, ანალიზს, კვლევას. საინტერესო იყო რამდენიმე მომენტის გათვალისწინება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი ასეთი სახის კომპლექსური კვლევა უახლოესი განვლილი პერიოდის, ეკონომიკისა და საბანკო სექტორის მიმართულებით. მეორე, რაც ძალიან საინტერესო იყო, არის კავშირი საბანკო სისტემასა და საქართველოს ეკონომიკას შორის, საბანკო სისტემის გავლენა ეკონომიკაზე და მეორე მხრივ, მაკროეკონომიკური ფონის გავლენა-ზემოქმედება საბანკო სისტემის განვითარებაზე”, – აღნიშნა ლევან ქისტაურმა.

რაც შეეხება კონფერენციაზე წარმოდგენილი კვლევის მთავარ მიგნებებს, როგორც “აფბას” პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განმარტა, კვლევის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოიკვეთა, მათ შორის როგორც საბანკო სექტორის ალტერნატიული დარგების განვითარების, ისე კრედიტების გაცემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ახალი რეგულაციების მიმართულებით, რომელიც ეკონომისტის შეფასებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

“კვლევა ჩატარდა „ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის” ფინანსური მხარდაჭერით და ავტორები არიან გიორგი ცუცქირიძე და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი, რომელიც კვლევის თანაავტორია. ამ კვლევის ფინანსური მხარდამჭერი არის “საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია”.

კვლევა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხება და გამოკვეთილია მთავარი პრობლემატური საკითხები. კერძოდ, ისეთი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია და ეს შეეხება საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ და დაწესებულ რეგულაციებს კრედიტების ლიმიტებთან დაკავშირებით. კვლევაში ვრცლად არის საუბარი, რომ ამ რეგულაციებს, რეალურად, გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. არგუმენტი, რომ აღნიშნული რეგულაციების შედეგად, შესაძლოა, საწყის ეტაპზე დაკრედიტების მაჩვენებელი შემცირდეს და ამან საწყის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, სუსტია, იქიდან გამომდინარე, რომ თუ საბანკო სექტორის დაკრედიტების მაჩვენებელს ვნახავთ, ეს არის უმეტესად საცალო სესხები, რაც ეკონომიკის ზრდაში ვერ მონაწილეობს და ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს”,- განაცხადა შოთა გულბანმა.

კვლევის – „საქართველოს ეკონომიკა და საბანკო სექტორის განვითარების ზოგადი ტენდენციები 2012-2018” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებისა და დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცათ. აღნიშნული პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა.

Share