Home » ბიზნესი » ქართულ ავიაბაზარზე 16%-იანი წილით Turkish Airlines-ი ლიდერობს
ქართულ ავიაბაზარზე 16%-იანი წილით Turkish Airlines-ი ლიდერობს

ქართულ ავიაბაზარზე 16%-იანი წილით Turkish Airlines-ი ლიდერობს

ქვეყნის ავიაციის ლიდერი კომპანია, თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ია, რომელსაც 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 16 %-ი უკავია.

სტატისტიკური ინფორმაციით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით Turkish Airlines-ი საქართველოში კვლავინდებურად ნომერ პირველია და ის 9 თვის განმავლობაში 349 187 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს ავიაციის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია ასევე უკრაინული ავიაგადამზიდავი Ukraine International Airlines-ია (FlyUIA) , რომელიც გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 10%-ს ფლობს. ავიაკომპანიამ იანვარ-სექტემბერში სულ 202 548 მგზავრი გადაიყვანა.

ბაზრის 9 %-ს აკონტროლებს ქართული კომპანია Georgian Airways-ი (187 137 მგზავრი).

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 6-6 %-ის იკავებენ რუსული ავიაკომპანიები Aeroflot-ი და S7-ი.

ბაზრის 5-5%-ის მფლობელები კი ავიაკომპანია Flydubai-ა და თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი გახდნენ.

2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზრის 4-4 %-ს ფლობენ Wizz Air-ი და Air Arabia.

2016 წლის სამი კვარტლის სტატისტიკური ინფორმაციით, ბაზრის 3-3%-ის მფლობელები არიან: Lufthansa, Belavia, YanAir-ი და Ural Airlines-ი.

2-2%-ანი წილი აქვთ ავიაკომპანიებს: Israir-ი, QatarAirways-ი, Atlasglobal-ი, AZAL-ი, Air Astana და LOT-ი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზრის 9 %-ის მფლობელი ეროვნული ავიაგადამზიდავი, ხოლო 91 %-ს უცხოური ავიაკომპანიები აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აეროპორტებს მგზავრთნაკადი 23,46%-ით გაეზრდათ. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, სულ 2,184 მლნ მგზავრს მოემსახურა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტებში, რეგულარული და არარეგულარული რეისებით, მგზავრთნაკადმა 1 769 485 მგზავრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტების მომსახურებით სულ 1 მლნ 578 ათას 616 მგზავრმა ისარგებლა, შესაბამისად 2016 წლის 9 თვეში 2014 წლის 9 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 38,39 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

წყარო: BPI

Share