Home » საზოგადოება » ქამრების შემოჭერის შედეგი: სახელმწიფო სექტორში დამატებით 12 000 ადამიანი დასაქმდა
ქამრების შემოჭერის შედეგი: სახელმწიფო სექტორში დამატებით 12 000 ადამიანი დასაქმდა

ქამრების შემოჭერის შედეგი: სახელმწიფო სექტორში დამატებით 12 000 ადამიანი დასაქმდა

სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა, შემცირების ნაცვლად, იზრდება, რაც კერძო სექტორიდან მიღებული მატერიალური რესურსის ხარჯზე ხდება.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2017 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12 000 კაცით გაიზარდა, ხოლო კერძო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა იკლებს, მდგომარეობა საგანგაშოა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, შარშანდელი ქამრების შემოჭერა საჯარო უწყებებს არც კი უგრძვნიათ.

2017 წლის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სექტორში შარშან დასაქმებულთა რაოდენობა 12 000-ით გაიზარდა. სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციაში უკვე 284 ათასი ადამიანი მუშაობს, რაც საერთო ჯამში, დასაქმებულთა 16,6%-ია. “საქსტატის” ინფორმაციით, კლებაა კერძო სექტორში.

კომპანიებში, მცირე ბიზნესსა თუ მეურნეობებში მომუშავეთა რაოდენობა 22.5 ათასი კაცით შემცირდა და 1 მლნ 423 ათასი ადამიანი მუშაობს. მათგან 882 ათასი თვითდასაქმებულია.

ქვეყანაში დასაქმებულთა ერთიანი მაჩვენებელი 2016 წელს 1,717 მლნ ადამიანი იყო, ხოლო 2017 წელს მათი რაოდენობა 1,707 მლნ-მდე შემცირდა. რაც შეეხება კონკრეტულად საჯარო სექტორში დასაქმებულებს, მათი რაოდენობა, ბოლო ორი წელია, იზრდება: 2016 წელს – 272 ათასი ადამიანი, ხოლო 2017 წელს – 284 ათასი. კერძო სექტორი კი კლებისკენ მიდის: 2015 წელს – 1,447 მლნ ადამიანი, 2016 წელს – 1,445 მლნ, ხოლო 2017 წელს კერძო სექტორში

დასაქმებულთა რაოდენობა 1,423 მლნ-მდე ჩამოვიდა.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას არასახარბიელოს უწოდებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, როდესაც კერძო ბიზნესში მცირდება ეს მაჩვენებელი და სახელმწიფო ორგანიზაციებში, იზრდება სახელფასო ფონდი, ეს მისაღები არ არის, მთავრობამ ამას განსაკუთრებით უნდა მიაქციოს ყურადღება.

“როდესაც საჯარო სექტორში იზრდება დასაქმებულთა წილი და კერძოში მცირდება, ეს თავისთავად არასახარბიელო სიტუაციაა. სახელმწიფოს ხარჯი არ უნდა იზრდებოდეს მაშინ, როდესაც ბიზნესში დასაქმებულთა ოდენობა იკლებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კერძო სექტორი უნდა იყოს ძირითადი დამსაქმებელი. ჩვენ ვამჩნევთ, რომ სახელმწიფო უწყებებში არა მარტო ხალხის რაოდენობა, არამედ სახელფასო ფონდიც გაიზარდა.

საწინააღმდეგო არ გვაქვს, რომ საჯარო ორგანიზაციებში ადამიანებს ეძლეოდეთ მაღალი ხელფასი, რომ მიიზიდო ბიზნეს სექტორიდან პროფესიონალები, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც პროპორცია უნდა იყოს. როდესაც კერძო სექტორში არ იზრდება ხელფასი, მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა და ამ დროს სახელმწიფო დაწესებულებებში იზრდება სახელფასო ფონდი, ეს უკვე პრობლემაა. მთავრობამ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება”,  – განუცხადა “რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

კერძო სექტორიდან შემოსული თანხების ხარჯზე სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წილი საკმაოდ მაღალია და აუცილებელია მისი გადაკვალიფიცირება. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ საჯარო სექტორი რეალურ ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნის და გადასახადის გადამხდელთა ფულს დიდძალი ოდენობით ხარჯავს. პირველ რიგში, აუცილებელია, გაიზარდოს კერძო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა.

“მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობაშიც არის ცვლილება, უფრო კარგი ანალიზი იქნება, თუ შეფარდებით მაჩვენებლებს ავიღებთ. სახელმწიფო სექტორს უჭირავს 15% და 85% მოდის კერძო სექტორზე. ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში 15% მუშაობს, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

კერძო სექტორი ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, იხდის გადასახადს და სახელმწიფო სექტორი არის მხოლოდ მომხმარებელი. ის არაფერს ქმნის, პირიქით, ხარჯავს და ანაწილებს. 15% არხეინად გრძნობს თავს დანარჩენი 85%-ის ხარჯზე, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაა ცუდი.

როგორც შეფარდებითი, ასევე აბსოლუტური მაჩვენებლით, ძალიან საგანგაშო სიტუაციაა, რადგან კერძო სექტორი ვერ ვითარდება ქვეყანაში იმ დონემდე, რომ გაყინული ეკონომიკა ადგილიდან დაძრას. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მოტივაცია არის მხოლოდ ის, რომ დასაქმდნენ სახელმწიფო ორგანიზაციებში. თუნდაც რეგიონების მაგალითი ავიღოთ – დასაქმებულნი არიან ადგილობრივ გამგეობებში, მერიაში იმის მაგიერ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედონ და მცირე ბიზნესი წამოიწყონ. ამ ხალხს, ფაქტობრივად, არაფრის შექმნა არ შეუძლია, მთავარი მათთვის საჯარო სექტორში დასაქმებაა. ისინი მხოლოდ მომხმარებლები არიან და კისერზე აზიან გადასახადის გადამხდელებს.

რატომ არის სახელმწიფო სქეტორის წილი ასეთი მაღალი, ამაზე პასუხი ერთია – უზარმაზარი აქტივებია სახელმწიფო საკუთრებაში! რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დარეგულირდეს, კერძო სექტორი მეტად განვითარდეს, რათა ხალხი გადანაწილდეს და დასაქმების წილი იყოს შესაბამისი”, – განუცხადა “რეზონანსს” მაკალათიამ.

ნათია ლომიძე
გაზეთი “რეზონანსი”

Share