Home » ფინანსები » ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ
ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

ქალები და კაცები პენსიაში შეიძლება, 63 წლის ასაკიდან გავიდნენ

სახელმწიფოთ მთავარი მოტივი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაა

საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მთავრობა ცვლილებას გეგმავს. მართალია, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მომავლის საკითხია, მაგრამ უკვე მიმდინარეობს საუბარი, რომ მამაკაცისა და ქალის საპენსიო ასაკი გათანაბრდეს. სავარაუდოა, რომ მთავრობა ბიუჯეტის დაზოგვას ცდილობს. თუკი მამაკაცების საპენსიო ასაკი ცოტათი შემცირდება, ქალებისა კი გაიზრდება, ასეულობით მილიონი ლარი დაიზოგება.

2017 წლის მონაცემებით, მამაკაცების ოდენობა საქართველოში 1 788 600, ხოლო ქალების 1 939 400-ია. აქედან საპენსიო ასაკის ქალბატონების რაოდენობა 462 400-ია, ხოლო მამაკაცებისა – 204 500. ქვეყანაში საპენსიო ასაკის ქალბატონი გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცი. ყოველი 100 პენსიონერიდან 65-70 ქალია. იმ რეფორმით, რომელიც მთავრობამ დააანონსა, ნათლად ჩანს, რომ პენსიონერი კაცების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მკვეთრად შემცირდება ქალბატონების წილი.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ფიქრობს, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრდეს. ზოიძის თქმით, საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე დისკუსია ამჟამად არ მიმდინარეობს, ეს მომავლის საკითხია.

“უმეტესი ქვეყანა, მოსახლეობის დაბერების გამო, საპენსიო ასაკს ცვლის, მათ შორის, ზრდის კიდეც. ჩვენთან ამაზე მსჯელობა მიდიოდა, მაგრამ მსგავს გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. შეიძლება, პენსიის გათანაბრება მოხდეს. ამაზე მსჯელობა ჯერ არც დაწყებულა, თუმცა სასურველი იქნება, რომ საპენსიო ასაკი გათანაბრდეს.

აუცილებელი არ არის, 65 წელი იყოს, შეიძლება, 63 წელზე გათანაბრდეს. ეს მსჯელობის თემაა და ეს ჩემი პირადი აზრია, მსოფლიოში საპენსიო ასაკთან მიმართებით არსებული ტენდენციიდან გამომდინარე. გვინდა, ჩვენი პენსიონერები ღირსეული პენსიით უზრუნველვყოთ”, – ამბობს ზოიძე.

სამომავლო რეფორმას ბოლომდე გამართლებულად არ მიიჩნევს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად სჭირდება და თუ ქალბატონებს (რომელთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცების) პენსიის ზღვარს გადაუწევენ, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გართულდება.

“საბიუჯეტო სახსრების დეფიციტსა და საპენსიო რეფორმას შეიძლება დავუკავშიროთ ხელისუფალთა განცხადება. საპენსიო ასაკის ქალები, რომლებიც ნამდვილად მეტნი არიან მამაკაცებზე, კიდევ სამი წელი უნდა დაელოდონ პენსიას? ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს.

ჩვენთან რომ იყოს პენსია ისეთი, რომ ნორმალურ ცხოვრებისეულ პირობებს ქმნიდეს, კიდევ შეიძლება გვეფიქრა, მაგრამ ხალხს ეს ფული საარსებოდ სჭირდება. პირდაპირ გათანაბრება ძალიან ცუდ ვარიანტად მიმაჩნია, თუ მაინც ცვლილებას აპირებენ, სჯობს, ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ მოხდეს ეს ცვლილება, რადგან მოსახლეობამ (პენსიონერებმა) რთულად არ გადაიტანოს ახალი სისტემის ამოქმედება”, – განუცხადა “რეზონანსს” სილაგაძემ.

სატატისტიკოსი სოსო არჩვაძე კი არ გამორიცხავს, რომ ახალი ინიციატივა ბიუჯეტში სახსრების დაზოგვის მიზნით იყოს დამუშავებული. აქვე საყურადღებოა გენდერული თანასწორობაც, რომელიც კაცისა და ქალის უფლებებს ერთ დონეზე განიხილავს.

“როდესაც რაღაც ცვლილებაზეა საუბარი, ერთი ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი. დღეს პენსიონერების მთელი რაოდენობიდან 2/3-ზე მეტი ქალია და 1/3-ზე ნაკლები – მამაკაცი. განსაკუთრებით მაღალასაკობრივ ჯგუფებში შეიმჩნევა ამგვარი დიფერენცირება. ყველა ქვეყანაში ასეა. მაგალითად, საფრანგეთში პენსიაზე გასული ქალები ცხოვრობენ გაცილებით დიდხანს, ვიდრე კაცები.

მეორე ფაქტორი ისაა, რომ შრომის როლი და გავლენა მცირდება, ტექნოლოგიები ისე ვითარდება, ცოცხალი ძალა საჭირო აღარ არის, განსაკუთრებით – ქალები. შრომითი შემსუბუქების პროცესი ეხება არა მარტო საწარმო პროცესს, არამედ ოჯახურ შინამეურნეობას, რომელიც ამსუბუქებს ქალის საქმიანობას. ქალს უფრო მეტი საშუალება აქვს, შრომა შეიმსუბუქოს, თუნდაც სარეცხი მანქანების, მტვერსასრუტების არსებობით. ამის გამო მათი სიცოცხლისუნარიანობაც მკვეთრად გაზრდილია, ვიდრე კაცებისა.

ბიუჯეტში თანხის დაზოგვა და გენდერული თანასწორობა – ეს ის ორი ვარიანტია, რომლებსაც ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე მოსალოდნელ საპენსიო რეფორმას უკავშირებს. შეიძლება, მოდელი გადმოღებული იყოს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ქალბატონებისა და მამაკაცების ასაკი გათანაბრებულია.

“ორი კუთხით უნდა შევხედოთ ჩვენ ამ ამბავს: პირველი – წმინდა ფინანსური თვალსაზრისით, ბიუჯეტის ჭრილში, ხოლო მეორე – ქალისა და მამაკაცის გენდერული თანასწორობიდან გამომდინარე. ისინი, ვისაც მიაჩნიათ ქალისა და მამაკაცის პირობების გათანაბრება, აუცილებელია (როგორც შრომითი თვალსაზრისით, ასევე უფლებებიდან გამომდინარე), დისკრიმინაციულად მიიჩნევდნენ იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო ადრე აღწევდნენ საპენსიო ასაკს, ხოლო მამაკაცები – მოგვიანებით.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თუ ქალბატონების საპენსიო ასაკი გაიზრდება, ეს ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, დანაზოგს მისცემს. შეიძლება, ახალ მოდელს საფუძვლად დაედოს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, როდესაც ქალბატონებისა და მამაკაცების ასაკი გათანაბრებულია. ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან დაიზოგება თანხა და გენდერული თვალსაზრისითად გარკვეული თანასწორობაც იქნება”, – განუცხადა “რეზონანსს” აროშიძემ.

“რეზონანსი”

Share