Home » საზოგადოება » პროფესიონალების ნაკლებობა და ტრენდად ქცეული პიარი
პროფესიონალების ნაკლებობა და ტრენდად ქცეული პიარი

პროფესიონალების ნაკლებობა და ტრენდად ქცეული პიარი

,,ყველას მიაჩნია, რომ პიარის სპეციალისტია, თუმცა რეალურად 10-15% თუ აკმაყოფილებს მოთხოვნებს“

ირმა კაჭარავა, პიარის სპეციალისტია, რომელსაც  15 წლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა მიმართულებით –  პიარი, პროექტები, გაყიდვები, ღონისძიებები, როგორც საქართველოში ისე საზღვრებს გარეთ. გარდა ადგილობრივი გამოცდილებისა, მან გერმანიაში შეისწავლა პიარი და კომუნიკაცია, ბიზნესი, საქმის მართვა და წარმოება. დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და ლუქსემბურგში, რის შემდეგაც მან საბოლოოდ გადაწყვიდა დაბრუნება საქართველოში და განაგძო მოღვაწეობა მისივე პროფესიით. შესაბამისად საინტერესოა თუ რას ფიქრობს იგი საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე.

რეალურად რა განსხვავებაა პიარსა და მარკეტინგს შორის, რამდენად სწორად გეგმავენ ქართული კომპანიები საკუთარ კამპანიას, რატომ საქმდებიან პიარ-სამსახურებში ძირითადად ჟურნალისტები, რა მიზნებისა და გამოქვევენის წინაშეა ქართული პაიარი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს“ პიარის სპეციალისტი ირმა კაჭარავა ესაუბრა.

– პირველ რიგში, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, რა განსხვავებაა პიარს, მარკეტინგსა და სოც. მედიას შორის?

ამ კითხვით ხშირად მომმართავენ ?! მოკლე, პირველადი ინფორმაციისათვის, შეიძლება ითქვას შემდეგი –  მარკეტინგი, ზოგადად მოიცავს დაგეგმარებას, ბაზრის კვლევას და სტრატეგიულად მართვის პროცესს. მარკეტოლოგმა უნდა განსაზღვროს და პროგნოზირება გააკეთოს ორგანიზაციის სასარგებლოდ, რომელიც პირდაპირი კავშირშია კომპანიის თუ პროდუქციის გაყიდვებთან.

პიარს რაც შეეხება, ეს მიმართულება უფრო ორიენტირებულია მენეჯმენტის რეპუტაციის შექმნაზე, კომპანიის ცნობადობის ამაღლებასა და გაშუქებაზე, ბრენდის ინტერესებზე და მის იმიჯზე.

სოც.მედია, ის  ამ ორივეს ნაწილია, ეს არის საშუალება, რომელიც გადაიცემა ციფრული მარკეტინგის მეშვეობით, ინტერნეტით. სოც.მედია  ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, გაავრცელოს ის ინფორმაცია რაც მას სურს, გააშუქოს ნიუსი იმ კუთხით, როგორც მას უნდა და სადაც ეძლევა საშუალება ვიზუალში მიაწოდო სწორ სეგმენტს ამა თუ იმ აქტივობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ამასაც სათანადო  ცოდნა უნდა, რათა ეფექტური იყოს გაწეული სამუშაო.

– ქართული კომპანიები, რომელ მათგანს ირჩევენ უმეტეს შემთხვევაში და რამდენად მართებულია მათი გადაწყვეტილებები?

ხშირად არ იციან ხელმძღვანელმა პირებმა თუ რა სჭირდებათ ან რისთვის არის ეს მათი კომპანიისთვის საჭირო. ისინი ხშირად ამბობენ – “რა დრო პიარია, მე გაყიდვები მჭირდება”, არადა ცნობადობის ამაღლება კონკრეტულ პროდუქტზე თუ სერვისზე გადის პირდაპირ გაყიდვებზე. თუ არ იციან შენს შესახებ,არავინ არ დაინტერესდება შენი პროდუქტით. პიარი არ არის გაყიდვები, თუმცა პიარმა იცის თუ როგორ გადმოსცეს სწორად ამბავი, რათა ესა თუ ის პროდუქტი გახდეს საინტერესო, როგორც სამიზნე აუდიტორიისთვის, ასევე ამან იქონიოს გავლენა მედიაზე, ცნობადობის გაზრდაზე, რაც პირდაპირ კავშირშია და აისახება კიდეც გაყიდვებზე.

– ფაქტობრივად ყველა კომპანიას ყავს საკუთარი პიარმენეჯერი, თუმცა ამ პოზიციებზე უმეტესად ყოფილ ჟურნალისტებს ნიშნავენ, რადგან მედიაში ბევრი ნაცნობი ჰყავთ, რამდენად სწორი და მართებულია აღნიშნული მიდგომა?

დიახ გეთანხმებით, რომ ცნობილ სახეებს ანიჭებენ პიარში უპირატესობას .მე არ მივიჩნევ, რომ ეს სწორი მიდგომაა. საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობა უკვე კარგად ნაცნობი პროფესიაა,შესაბამისად ყველაფერს პიარს უწოდებენ,თუმცა მხოლოდ 10–15 % თუ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ჟურნალისტმა თავის საქმე უნდა აკეთოს და პიარმა თავისი. პიარი მხოლოდ მედიასთან „მეგობრობა“ და სტატიების წერა არაა… ამ შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტებზეე არაა საუბარი – წამყვანები, მსახიობები,   ყველას შეუძლია გახდეს პიარი. პირადად მეც მქონდ გამოცდილება, როდესაც საკმაოდ ცნობილ კომპანიში გასაუბრებაზე მისულს დამისვეს კითხვა რუსთავი2 ში ვიცნობდი თუ არა ვინმეს? თუ მე დავასახელებდი ცნობილ პერსონას, ალბათ კარგი პიარი ვიქნებოდი  მათ თვალში.  ევროპაში მსგავს შემთხვევებს ფაქტობრივად ვერ შეხვდებით, იქ  არავის არავინ არსად ყავს მეგობარი თუ ახლობელი, მაგრამ მიუხედავად ამისა საქმე კეთდება,რადგან უპირატესობა ენიჭება ხარისხს და თუ კარგი პიარი ხარ, მედიაც კარგი მეგობარია შენი. სამწუხაროა, ასეთი მიდგომა მაგრამ საქართველოში ნაცნობობით საქმის კეთება ყოველთვის იარსებებს და ამის მიხედვით პრივილეგიების მინიჭება.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ სახელმწიფო სტრუქტურებზე, სადაც უამრავი თანხები იხარჯება პიარსამსახურებისთვის, თუმცა მუდმივადაა საუბარი იმაზე, რომ გაკეთებული საქმე სათანადოდ ვერ შუქდება. თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად გამართულად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურების პიარსამსახურები?

გეთანხმებით, სახელმწიფო სტრუქრტურებში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება ამ მიმართულებით, თუმცა რამდენად სტრატეგიულად  და ეფექტურად იხარჯება ამას ვერ გეტყვით.  არ არის ცნობილი არსებობს თუ არა ცალკე პიარისთვის გაწერილი ბიუჯეტი ან ეს კონკრეტული დანახარჯები მას სჭირდება თუ არა რეალურად. რადგან სტრატეგია და გეგმა არ ვიცი, რთულია აზრი გამოვთქვა.

ვფიქრობ,სტრატეგიულად ყველა მიმართლების გაშუქება უნდა ხდებოდეს სტანდარტულად და სათანადოდ. არ უნდა იყოს გარკვეული მიმართულებით უფრო მეტად გაშუქებული და სხვა მიმართულებები უფრო ნაკლებად. სახელმწიფოსთვის და მოსახლეობის საკელთიდღეოდ გაკეთებული ნებისმიერი აქტივობა უნდა შუქდებოდეს სათანადოდ, გადანაწილებულად, თანაბარი ბიუჯეტით, საჭიროებისამებრ  ყველა მიმართულებით.

– რამდენად განვითარებულია საქართველოში პიარისა და მარკეტინგის მიმართულება?

ეს ის მიმართულებაა, სადაც ყველა ადამიანი თვლის, რომ პიარის და მარკეტინგის სპეციალისტია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს ქვეყანაში ყველას მიაჩნია, რომ  შეუძლია იყოს პიარი  და  მარკეტინგიც ვისაც კი გაყიდვებში უმუშავია, თუმცა გაუგებარია, მაშინ რატომ იღებენ ცოდნას ამ მიმართულებით თუკი ყველაფერი ასე მარტივია და შეიძლება იგი შეუთავსო ყველა პროფესიას. ადრეულ წლებში არ იყო ასე, მაგრამ  ბოლო წლებში ეს მიმართულება ძალიან პოპულარული და „ტრენდული“ გახდა და ვინც იცოდა არ იცოდა ყველამ გამოსცადა საკუთარი თავი ამ მიმართულებით.

– და ბოლოს ,რა მთავარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშეა ქართული პიარი და რა მიმართულებით ჭირდება მას პირველ რიგში განვითარება?

პირველ რიგში, ალბათ, გამოცხადებულ ვაკანსიებზე სწორედ უნდა იყოს გაწერილი პიარის პუნქციები, რათა შეირჩეს ის კანდიდატურა აღნიშნულ პოზიციაზე ვინც მართლა პიარის საქმის მცოდნეა. თვითონ კომპანიებიდანვე მოდის ისე|თი მიდგომები, რომ ყველას შეეძლოს ამ მიმართლებით მუშაობა და ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლებსაც მიაჩნიათ – „ვცდი რატომაც არა“?! გამოცხადებულ ვაკანსიას, რომ აწერია პიარ მენეჯერი და კითხულობ სამუშაო აღწერას, იქ რეალურად მითითებულია ოფის მენეჯერის ფუნქციები, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა მოსინჯავს იქ დასაქმებას…

საჭიროა სწორად გაწერილი სტრატეგია, სწორად შერჩეული სეგმენტი, მეტი პროფესიონალიზმი და არა  მხოლოდ ის, რომ პიარის თანამშრომელი მედიაში იცნობდეს  ყველას. იმასაც ცოდნა სჭირდება  მედია, სადაც შუქდები არის თუ არა ის სეგმენტი, რომელიც  კომპანიას სჭირდება, მით უფრო, როდესაც  ბიუჯეტი მცირეა და თანხის ეფექტური დახარჯვით, სწორი სტრატეგიით შეიძლება უფრო მეტი მოახერხოს პიარის სპეციალისტმა,რაც შესაძლოა იმ ბიუჯეთით კომპანიისთვის უფრო პროდუქტიურლი აღმოჩნდეს.

 

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share