Home » ეკონომიკა » პრივატიზაციის დამუხრუჭებული ქრონიკა – 2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა
პრივატიზაციის დამუხრუჭებული ქრონიკა - 2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა

პრივატიზაციის დამუხრუჭებული ქრონიკა – 2019 წლის 6 თვეში მთავრობამ 39,3 მლნ ლარის სახელმწიფო ქონება გაყიდა

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. მართლაც ასეა, პრივატიზაცია ერთ-ერთი ის წყაროა, რომელმაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება უნდა უზრუნველყოს და ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფუძველი შეუქმნას. გარდა ამისა, პრივატიზაციის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ინიციატივა კერძო სექტორზე გადავიდეს და, შესაბამისად, ქონება, რომელიც დღეს პრაქტიკულად “გაყინულია” ისევ ეკონომიკურ აქტივობაში ჩაერთოს. აღნიშნული მიმართულება ხელისუფლების მხრიდან დეკლარირებულ პოლიტიკასაც წარმოადგენს.

მცირე მთავრობის კონცეფცია, რომელიც დღევანდელი მთავრობის დეკლარირებული არჩევანია, სწორედ გულისხმობს, რომ ეკონომიკაში მთავრობის როლი შემცირდეს და, შესაბამისად, მთავარი ლოკომოტივი კერძო სექტორი გახდეს. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედი თეორიულ დონეზე სწორედ სახელმწიფო ქონების გასხვისებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელისფულების პრივატიზაციის პოლიტიკა დიდ ნაკლოვანებებს შეიცავს, კერძოდ ხშირად ხდება, რომ მთავრობის საპრივატიზაციო გეგმა ჩამორჩენით ხორციელდება. სწორედ ამ მიზეზით ეკონომისტების უმრავლესობის მხრიდან ხელისუფლების მისამართით არაერთი დასაბუთებული კრიტიკა გაჟღერებულა. მსგავსი ვითარებაა მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებითაც. როგორც ირკვევა, წელს პირველ ორ კვარტალში გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით, 27 მლნ-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში პრივატიზაციიდან მიღებულ თანხაზე (2018, 6 თვე – 67,515,406 ლარი).

ამასთან, წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მასზე დამაგრებული შენობა–ნაგებობების პრივატიზაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ქონების ეროვნულ სააგენტოს არცერთი სახელმწიფო საწარმო არ გაუყიდია.

შეგახსენებთ: 2019 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ყოფნისას გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ მთავრობა მასშტაბურ – 170 მლნ ლარის პრივატიზების ტალღას გეგმავდა. ამ განცხადების მიუხედავად, 2019 წლის ბიუჯეტით, წელს სახელმწიფო ორჯერ ნაკლები – 70 მლნ ლარის ქონების პრივატიზებას გეგმავს.

გარდა ამისა, ეკონომიკის მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებდა, რომ 1 მლრდ ლარის სახელმწიფო ქონება ჯერ კიდევ ელოდება ინვესტორს. ცხადია, ასეთი მასშტაბური რიცხვი ადასტურებს, რომ საქართველოს საპრივატიზაციო მიმართულებით მართლაც მნიშვნელოვანი რესურსი გააჩნია.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ხელი უნდა შეუწყოს სწრაფ ზრდაზე მორგებულმა საინვესტიციო პოლიტიკამ.

აქ თავის როლს და ადგილს ჰპოვებს მათ შორის დაჩქარებული პრივატიზაცია და განახლებული ქონების მართვის სააგენტო, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 70 მლნ ლარის ქონების პრივატიზაციის გაზრდა შესაძლებელია.

“პრივატიზაციის ტემპი ცალსახად გაიზრდება. ძალიან დაბალი გეგმები გვაქვს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ქონების მართვის სააგენტოსთან და ამ გეგმებს ვზრდით. ვფიქრობთ, რომ თავისუფლად შეგვიძლია 100 მლნ ლარამდე შევასრულოთ პრივატიზაციის გეგმა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მაკა გურაბანიძე

Share