Home » საზოგადოება » „პოპულიზმია ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით ვინმეს აეკრძალა სესხის აღება“
„პოპულიზმია ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით ვინმეს აეკრძალა სესხის აღება“

„პოპულიზმია ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით ვინმეს აეკრძალა სესხის აღება“

პოპულიზმია ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს, პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით ვინმეს აეკრძალა სესხის აღება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადებით, ფიზიკური პირების დაკრედიტების არსებულმა პრაქტიკამ გაზარდა რისკები ფინანსურ სექტორში, ამავე დროს, ჩვენი თანამოქალაქეები მასობრივად სავალო წნეხის ქვეშ მოაქცია. შედეგად, ხალხი უკანასკნელ საცხოვრებელსაც კი კარგავდა.

ირაკლი კოვზანაძე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შემოღების მიზანშეწონილობის შესახებ კითხვას გამოეხმაურა, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით მოსმენისას დაუსვა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქაოტური ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებამ ორი მიმართულებით განახორციელა მოქმედებები: ერთი მხრივ, საქართველოს 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერა, მეორე მხრივ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა შემოიღო, რომელიც ვალების ხელახლა წარმოშობას ხელს შეუშლის.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან 4 საანგარიშგებო თვე გავიდა. 1 მაისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების წმინდა სესხები არათუ შემცირდა, არამედ მცირედით გაიზარდა კიდეც.

„შემცირებულია მხოლოდ სამომხმარებლო სესხების მოცულობა, ისიც, დაახლოებით, 3.3%-ით, რაც, ჩემი აზრით, საშუალოვადიან პერსპექტივაში აუცილებლად აღდგება“, – განაცხადა კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, სწორი ანალიზისა და დასკვნების გამოსატანად, საჭიროა, რეგულაციების ამოქმედებიდან, სულ მცირე, 6-9 თვე გავიდეს.

„ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილებები არაპროფესიონალური იქნება, თუმცა, დაკვირვების შემდეგ მე არ გამოვრიცხავ უფრო ელასტიურ მიდგომებს ამ საკითხში, პირველ რიგში დეველოპერებთან მიმართებაში“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

Share