Home » ფინანსები » პოლიტიკური წნეხი ლარის კურსზე – რატომ დაამყარა ლარმა გაუფასურების რეკორდი
პოლიტიკური წნეხი ლარის კურსზე - რატომ დაამყარა ლარმა გაუფასურების რეკორდი

პოლიტიკური წნეხი ლარის კურსზე – რატომ დაამყარა ლარმა გაუფასურების რეკორდი

ეროვნული ვალუტა მერყეობას განაგრძობს, ბოლო ორ თვეში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ორი ანტირეკორდი დაამყარა და ერთი დოლარის ღირებულება ისტორიაში პირველად გადასცდა 2.86 ლარს. ლარმა გაუფასურება მაისის თვეში დაიწყო და პირველი ანტირეკორდიც, სწორედ მაშინ დაამყარა ეროვნულმა ვალუტამ. ერთი დოლარის ღირებულებამ ისტორიაში პირველად შეადგინა 2.80 ლარი. იმ მხანად ეროვნული ვალუტის გაუფასურება 2 ძირითად ფაქტორს უკავშირდებოდა, პირველი ეს იყო M2 აგრეგატი, (ფულის მასა) რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 2 მლრდ ლარით იყო გაზრდილი, რაც ცხადია ზეწოლას ახდენდა კურსზე.

მეორე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თურქული ლირის მკვეთრი გაუფასურება და მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც სრული საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში პანიკაში გადაიზარდა. ორივე ამ გარემოების განეიტრალება სწორი პოლიტიკით ხელეწიფებოდა ცენტრალურ ბანკს, თუმცა ერთადერთი, რაც ეროვნული ბანკისგან გაჟღერდა იყო ის, რომ საპანიკო არაფერი ჰქონდა საზოგადოებას, ისიც დაგვიანებით მხოლოდ მას შემდეგ რაც ბაზარზე ერთი დოლარის ღირებულება უკვე 2.80 ნიშნულს აჭარბებდა.
აჟიოტაჟისა და პანიკის გადავლის შემდეგ, ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთვისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარება დაიწყო. თუმცა, აქ უკვე “არ დააგვიანა” ეროვნულმა ბანკმა და დაუყოვნებლივ განახორციელა ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და ბაზრიდან 10 მლნ დოლარი ამოიღო, რითიც შეაჩერა ლარის გამყარება და წაახალისა გაუფასურება. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები რეკომენდირებულზე დაბალია და ცენტრალური ბანკი მის შევსებას ყველა ხელსაყრელ დროს ცდილობს, თუმცა ფაქტებმა ნათლად აჩვენა, რომ სებ-ის ბოლო ინტერვენცია, რეზერვების შესავსებად, სრულიად გაუმართლებელი იყო, სწორედ სებ-ის ინტერვენციამ შეუწყო ხელი, ლარს მეორე ანტირეკორდის დამყარებაში.

მეორე ანტირეკორდი ეროვნულმა ვალუტამ გასული თვის მიწურულს დაამყარა და ბლოომბერგ-ის პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.86 თეთრად ივაჭრებოდა, თუმცა უფრო ძვირი ღირდა დოლარი კომერციულ ბანკებში.

გაუფასურების მეორე ტალღაც, თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, პირველი იყო ეროვნული ბანკის ინტერვენცია, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელმაც წაახალისა გაუფასურების ტრენდი, რასაც დაერთო სანქციები რუსეთის მხრიდან, როგორც ამოქმედებული, ისე პოტენციური, სწორედ ამ სანქციებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ლარის გაუფასურების მეორე ტალღაში.

მიმდინარე პროცესების ფონზე, ყველაზე აქტუალური კითხვა, როემელიც საზოგადოებაში არსებობს არის, რამდენად რეალურად შეუძლია უკვე არსებულ სანქციებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას. სანქციები 2 მიმართულებას ითვალისწინებს, პირველი ეს არის ტუროპერატორებისთვის საქართველოს საგზურების შეზღუდვა, ხოლო მეორე არის ფრენების შეზღუდვა. რაც შეეხება რუსულ ტუროპერატორებს, მათი მომსახურებით რუსი ვიზიტორების მხოლოდ 1.7%-ი სარგებლობდა, ასევე სახმელეთო გზით შემოდის რუსი ტურისტების 90%-ზე მეტი.

თუ გაუფასურების მეორე ტალღას დავაკვირდებით დავინახავთ, რომ მკვეთრი გაუფასურება სანქციების დაანონსების მეორე დღესვე დაიწყო, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა რომც არ მოვიშველიოთ, დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში, ტექნიკურად არანაირ სანქციას არ შუძლია, მსგავსი დარტყმის მიყენება ეროვნულ ვალუტაზე. შესაბამისად, ისევ მივდივართ აჟიოტაჟურ კურსთან, არც ეკონომიკური გუნდიდან და არც ცენტრალური ბანკიდან არავის გაუკეთებია დროული განმარტება, არავის აუხსნია საზოგადოებისთვის ჰქონდათ თუ არა პანიკის საფუძველი. შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებმაც სწრაფად დაიწყეს ლარის მოშორება, რამაც უკვე ტექნიკურად გაზრდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე.

არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, უნდა გაეკეთებინა თუ არა ეროვნულ ბანკს ინტერვენცია, გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით. ზოგადად, ცენტრალურ ბანკს საკუთარი რეზერვების სწორედ ასეთი ადგილობრივი და მოკლევადიანი შოკების გასანეიტრალებლად აქვს, მეტიც რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკები სავალუტო ინტერვენციებს მაშინაც მიმართავენ, როდესაც სავალუტო ბაზარზე, ეგზოგენური ფაქტორები ზემოქმედებენ და წინასწარ იციან, რომ ინტერვენციით, ამ გაუფასურებას ვერ შეაჩერებენ, თუმცა ინტერვენციის გზით, ისინი თავიდან იცილებენ ნახტომისებურ და ბიზნესისთვის მტკივნეულ გაუფასურებებს.

ფაქტი ერთია – ჩვენ შემთხვევაში კურსი სრულად იყო იგნორირებული და გაუფასურების შესაჩერებლად არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი, მეტიც თუ პროცესებს გადავხედავთ დავინახავთ, რომ სიტუაციის მართვა სწორი და დროული კომუნიკაციითაც კი იქნებოდა შესაძლებელი. მაგალითად, ლარის ტრენდს, თუ დავაკვირდებით, ნათლად დავინახავთ, რომ სებ-ის მიერ გაკეთებული წერილობითი განმარტების შემდეგ კურსმა გაჯანსაღება დაიწყო.

ცხადია, პროცესების, ასეთმა განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენა ფასების სტაბილურობა, თუმცა სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით პირიქით, ქვეყანაში ფასების საერთო დონე შემცირდა და მიზნობრივ ინფლაციას, უფრო მიუახლოვდით. ჩნდება კითხვა როგორ მოხდა ეს?! საქმე ის არის, რომ წინა თვეში ინფლაცია დაფიქსირდა 4.7 %, რაც საკმაო გადახრაა თარგეთიდან, თუ გავითვალისწინებთ, ივნისის თვეში მიმდინარე პროცესებს, კურსის მნიშვნელოვან დაცემას, საწვავის ფასის ისტორიულ მატებას, სავსებით ლოგიკურად ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი, კიდევ უფრო უნდა გადახრილიყო მიზნობრივიდან, მით უფრო, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვან წილად იმპორტული პროდუქციით ივსება . მაგრამ არა, საქსტატის მეთოდოლოგიით ივნისის ინფლაცია 4.3% ფარგლებში მერყეობს.

ჩნდება კითხვა, ეს როგორ?! როგორ და ასე, მართალია ფასები გაიზარდა კვერცხზე, რძეზე, ყველზე 0,7%, შაქარზე, ჯემზე, ტკბილეულზე, სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე1.3%, ასევე ფასების მატება გვაქვს ტრანსპორტზე და ჯანდაცვაზე, 0.9-0.8%-ით, მაგრამ ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -27.9%-ით. სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა ფასების საერთო დონის “შემცირება” ქვეყანაში.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი

Share