Home » ფინანსები » პირველი ნოემბრიდან სესხის გაცემის ვადები იცვლება
პირველი ნოემბრიდან სესხის გაცემის ვადები იცვლება

პირველი ნოემბრიდან სესხის გაცემის ვადები იცვლება

სესხების გაცემის ვადები იცვლება – ამის შესახებ „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაშია აღნიშნული

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად – 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე – 10 წელი, სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში – 6 წელი, სხვა დანარჩენი სესხებისთვის კი მაქსიმალურ ვადად – 4 წელია განსაზღვრული. აღნიშნული რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ლი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ამასთან, როგორც დებულებაშია აღნიშნული, იპოთეკური და სატრანსპორტო სესხის შემთხვევაში სესხის გამცემი ორგანიზაციის მხრიდან სავალდებულოა ხორციელდებოდეს მიზნობრიობის კონტროლი სესხის გამცემ ორგანიზაციაში მოქმედი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ჩატარებული არ არის, პირი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მიღებას ვერ შეძლებს, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება არ ექნება. გარდა ამისა, სესხის აღების შემთხვევაში სავალდებულო იქნება, რომ თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი იყოს.

„თუ მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი არ არის ჩატარებული სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ, უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხის/კრედიტის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს/ თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ამავდროულად სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული არ არის მსესხებლის/თანამსესხებლის ის ქონება, რომელიც გამოიყენება მის მიერ როგორც საცხოვრებელი. თანამსესხებელი აუცილებლად უნდა იყოს მსესხებლის საოჯახო მეურნეობის წევრი,“-აღნიშნულია დებულებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დებულების სამუშაო ვერსია სებ-მა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა.

Share