Home » საზოგადოება » პირს, რომელმაც crystalbet–ის კუთვნილი 1 000 000 ლარი მიითვისა, 8 წელი მიუსაჯეს
პირი, რომელმაც crystalbet–ის კუთვნილი 1 000 000 ლარი მიითვისა, 8 წელი მიუსაჯეს

პირს, რომელმაც crystalbet–ის კუთვნილი 1 000 000 ლარი მიითვისა, 8 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის ( 1 000 000 ლარი) თაღლითურად დაუფლებისთვის ბრალდებული თ.ს. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თ.ს. მუშაობდა შპს ,,მარსში”, რომლის მიერ ორგანიზებულია ინტერნეტ-ტოტალიზატორი დომეინზე www.crystalbet.com. მომხმარებლების წახალისების მიზნით, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა აქციებს, მათ შორის ჯეკპოტის გათამაშებას აზარტული თამაშების ყველა სახეობაში. ჯეკპოტის გათამაშების ფუნქცია დაეკისრა შპს ,,მარსის” მენეჯერს თ.ს.-ს, რომელმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა შპს „მარსის” კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით.

კერძოდ, თ.ს-ს და სხვა პირებს, 2016 წლის სექტემბრის თვიდან, კომპანიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამაგიდო თამაშებში მონაწილეობის იმიტაციის მიზნით, ანგარიშებზე შეჰქონდათ მინიმალური თანხები და ახდენდნენ ონლაინ თამაშებში მონაწილეობის იმიტაციას. ამასთან, თაღლითურ სქემაში მონაწილე ყველა პირი წინასწარ იყო გაფრთხილებული, თუ კონკრეტულად დროის რომელ მონაკვეთში გათამაშდებოდა ჯეკპოტი, რაც კანონის მიხედვით მათთვის არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა ჯეკპოტის სახით გასათამაშებელი თანხის ნაწილის თაღლითურად დაუფლებას. ამ სქემით დაუფლებული თანხები თ.ს.-ს მითითებით ირიცხებოდა სხვადასხვა პირების სახელზე დამზადებულ საბარათე ანგარიშებზე, რასაც თ.ს. შემდგომში განკარგავდა საკუთარი შეხედულებით. საერთო ჯამში, თაღლითური სქემით კომპანიას მიადგა 1 208 981.84 ლარის ქონებრივი ზიანი”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა თ.ს. 2018 წლის 8 იანვარს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

resonancedaily.com

Share