Home » ეკონომიკა » პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება საგანგაშო სახეს იღებს
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება საგანგაშო სახეს იღებს

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება საგანგაშო სახეს იღებს

ფულადი გზავნილები ინვესტიციებს 200 მლნ-ით აჭარბებს

ბოლო წლებია უცხოეთიდან ფულადი გზავნილები პერმანენტულად იზრდება. კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.9%-ით (18.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რაც შეეხება 2018 წელს, წინა წელს ფულადმა გზავნილებმა 1.4 მლრდ გადააჭარბა.

ფისკალური მიმართულებით ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ცუდი არ არის, თუმცა უცხოური ვალუტის შემოდინების ამ წყაროს ეკონომისტთა ნაწილი ტოქსიკურსაც უწოდებს და არც თუ უსაფუძვლოდ. საქმე ისაა, რომ ფულადი გზავნილების მატება ძირითად შემთხვევაში ნიშნავს, ქვეყნისთვის ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნიდან სამუშაო ძალის გადინებას უკავშირდება, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკის პრობლემებზე მიუთითებს.

სიტუაციას უფრო ამძიმებს, კიდევ ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრის ანალიზის. საქმე ეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. საქმე ისაა, რომ თუ უცხოური ვალუტების შემოდინების წყაროებს გავაანალიზებთ, ბოლო ათწლეულში პირველად გადააჭარბა ფულადი გზავნილებიდან შემოსულმა თანხებმა, FDI- დან შემოდინებულ თანხებს. შედარებისთვის 2018 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილები, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 200 მილიონით აჭარბებდა.

მაგალითად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. თუმცა, ეს მხოლოდ მიმდინარე წლის სტატისტიკა არ არის. მაგალითად, თუ 2017 წელს ქვეყანაში 1.9 მლრდ FDI-ი განხორციელდა, 2018 წელს, მისი მოცულობა 1.2 მლრდ-ს არ აღემატებოდა. მეტიც, თუ ბოლო წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, რომ ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წელია შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

თავის მხრივ, გზავნილებისგან განსხვავებით, FDI-ი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების, ბევრად უფრო ჯანსაღი წყაროა.

კერძოდ, თუ გზავნილებიდან შემოსული თანხის გენერირებას, ჩვენი ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეები ახდენენ, FDI-ის შემთხევაში, ადგილი აქვს არამხოლოდ უცხოური ვალუტის შემოდინებას, არამედ უცხოური ვალუტის გენერირებას, სხვადასხვა ინდუსტრიულ დარგებში, რაც, თავის მხრივ, გაზრდილი მშპ-ს გარდა, დამატებით სამუშაო ადგილებსაც ნიშნავს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ინვესტიციებიც თავის მხრივ, ორ კატეგორიებად იყოფა. ესენია ე.წ. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინვესტიციები. ჰორიზონტალურ ინვესტიციად, მოიაზრება ინვესტიცია, რომელიც კონკრეტულ დარგში ოპერირების გარდა, დამატებით დამხმარე წარმოებებსაც ანვითარებს ქვეყანაში და შედარებით გრძლვადიან პერსპექტივაზეცაა გათვლილი.

ვერტიკალური ინვესტიცია კი ერთგვარი მოკლევადიანი ინვესტიციაა, კონკრეტულ სექტორში. რომელიც მოკლე ვადებზეა გათვლილი და რომლის მთავარ ამოცანასაც, დროის მოკლე მონაკვეთში მეტი მოგების მიღება წარმოადგენს.

ჩვენი ეკონომიკის ზომიდან, ქვეყანაში თუ ეკონომიკაში არსებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს შემთხვევაში ძირითადად ვერტიკალურ ინვესტიციებს აქვს ხოლმე ადგილი, თუმცაღა ეს უკანასკნელიც, ბევრად უფრო ჯანსაღი უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა, ფულად გზავნილებთან შედარებით.

პაატა თურქია

Share