Home » საზოგადოება » პირადი ანგარიშებიდან ათასობით ლარი გაქრა – როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან
პირადი ანგარიშებიდან ათასობით ლარი გაქრა - როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან

პირადი ანგარიშებიდან ათასობით ლარი გაქრა – როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან

ბოლო პერიოდში ინტერნეტში ჰაკერთა ხაფანგების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. პირადი ანგარიშებიდან ათასობით ლარი გაქრა. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ საბანკო სექტორი მომხმარებლებს სპეციალურ გაფრთხილებებსაც უგზავნის. ამ თემის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.

გიორგი ლაცაბიძის პირადი მონაცემები ჰაკერებმა სპეციალური აპლიკაციის დახმარებით მოიპოვეს. დაზარალებულმა აპლიკაცია Facebook-ის მესენჯერში გახსნა, ეგონა რომ გათამაშებაში ჩაერთო  და ყალბ, დუბლირებულ  ელექტრონულ სისტემაში საკუთარი, პირადი მონაცემები შეიყვანა, რის შემდეგაც მის ტელეფონზე ერთ-ერთი ბანკის ნომრით სატელეფონო ზარი განხორციელდა. მისი თქმით, ოპერატორი იმდენად დახვეწილი, პროფესიული ტერმინოლოგიით ესაუბრებოდა, რომ ბანკის თანამშრომლად მიიჩნია და ამიტომაც ენდო. ბოლოს აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიშიდან სოლიდური თანხა უცხო ქვეყნის მოქალაქის ანგარიშზე გადაირიცხა.

ერთ-ერთ ქართულ ბანკში გახსნილი ანგარიშიდან თანხა დაკარგა აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმაც. სქემა ამ შემთხვევაშიც იდენტური იყო: ყალბი დუბლირებული გვერდი და მოპარული პერსონალური მონაცემები. გელა გურულის ანგარიშიდან ჰაკერებმა 18 000 ლარი მოიპარეს – თანხა, რომელიც მან ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში მოაგროვა.

პრობლემა რომ სერიოზულია ამას ადასტურებს ბანკების ასოციაციაც. ორგანიზაცია ირწმუნება, რომ საბანკო სექტორი მომხმარებელთა დასაცავად ყველაფერს აკეთებს, თუმცა რადგან ჰაკერების ხაფანგები მუდმივად იხვეწება და იცვლება, რთულია ასეთი შემთხვევების პრევენცია.

ჰაკერები მომხმარებლის მოსატყუებლად იყენებენ ბანკების სიმბოლიკას, აკოპირებენსხვადასხვა ინტერნეტ ბანკის გვერდებს, ქმნიან მარტივ გვერდებს და მათი საშუალებით ახერხებენ მომხმარებლის მოტყუებას.

ლიბერთი ბანკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ოფიცრის თქმით, ჰაკერები მომხმარებელთა მოსატყუებლად ძირითადად გვთავაზობენ სხვადასხვა პრიზებს, ინტერნეტ პაკეტებს, სახლს, ავტომობილს და სხვა ძვირადღირებულ ნივთებს. მაგრამ როგორც ეს ერთადერთი მეთოდი არაა.

სხვადასხვა სახის ინტერნეტ ხაფანგით დაზარალებულთა ათეულობით საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. რადგან საქმე ინტერნეტ დანაშაულს ეხება, ჰაკერების გამოვლენა რთულია, თუმცა ცნობილია, რომ უკვე დაკავებულია დამნაშავეთა ერთი ნაწილი.

Share