Home » ბიზნესი » პენსიონრების ხარჯზე გამდიდრებული „ლიბერთი ბანკის“ ქრონიკები
პენსიონერბის ხარჯზე გამდიდრებული „ლიბერთი ბანკის“ ქრონიკები

პენსიონრების ხარჯზე გამდიდრებული „ლიბერთი ბანკის“ ქრონიკები

რატომ მალავს ,,ლიბერთი ბანკი“ საპენსიო სესხების შესახებ ინფორმაციას
ქვეყანაში „ლიბერთი ბანკი“ მესამე ყველაზე მსხვილი ბანკია. 2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მისი აქტივები  1 მილიარდ 854 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება ბანკის წმინდა მოგებას, პირველ სამ კვარტალში 36 მილიონი შეადგინა, რაც დაახლოებით 2 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ბანკის ძირითად შემოსავალს 233 მილიონ ლარს საპროცენტო შემოსავლები წარმოადგენს, საიდანაც 182 მილიონი ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავალია. საკმაოდ მაღალია ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბერში 10 მილიონი ლარი შეადგინა.
ეს ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციაა და ერთი შეხედვით ქართული კომერციული ბანკისთვის დამახასიათებელი მონაცემებიც კი არის, თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – ,,ლიბერთი ბანკი“ ერთადერთი ბანკია, რომელიც ქვეყნის ყველა პენსიონერს ექსკლუზიურად ემსახურება და გარდა იმისა, რომ პენსიებს გასცემს, საპენსიო სესხებსაც სთავაზობს კაბალური პირობებით პენსიონერებს.
აღსანიშნავია, რომ ბანკის ძირითად კლიენტებს სწორედ პენსიონერები წარმოადგენენ, ისინი სხვა ბანკში სესხის აღებას როგორც წესი, ასაკის გამო ვერ ახერხებენ და რჩებათ ერთადერთი გზა – დათანხმდნენ ,,ლიბერთი“  ბანკის კაბალურ პირობებს. შესაბამისად, ,,ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხების ძირითადი ნაწილიც სწორედ პენსიონერებზე მოდის. ამავდროულად, ზემოხსენებული საპროცენტო შემოსავლების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, სწორედ პენსიონერების სესხებიდან არის მიღებული და ჯარიმა საურავების სახით გადახდილი 10 მილიონიც სწორედ აღნიშნული სესხებიდან აქვს ბანკს მიღებული.
ანუ, რა გამოდის, ქვეყნის მესამე ყველაზე მსხვილი ბანკი სწორედ გაჭირვებული პენსიონერების ხარჯზე მდიდრდება?  საინტერესოა მაინც რამდენ პენსიონერს აქვს დღეის მდგომარეობით სესხი აღებული, ან როგორია საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი? კითხვები უამრავია და, შესაბამისად, საპენსიო სესხების ირგვლივ არსებული კითხვებით ,,ბანკები და ფინანსებმა“ ,,ლიბერთი ბანკს“ მიმართა, თუმცა ერთ თვიანი ლოდინისა და რამდენიმე შეხსენების მიუხედავად, არსებულ კითხვებზე პასუხი მათგან ვერ მივიღეთ, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ… მანამდე კი, თავად ვეცადეთ გაგვერკვია თუ რა პირობებით სთავაზობდა ბანკი პენსიონერებს სესხს.
საპენსიო სესხი 35%–იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თუ პენსიონერი არ ხართ, ბანკში საპენსიო სესხის შესახებ ინფორმაციას გიმალავენ და არ გეუბნებიან, თუნდაც აუხსნათ, რომ თქვენი პენსიონერი ბებია–ბაბუისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით გსურთ პირობების გაგება. თუმცა, ჩვენ სხვა გზა მოვძებნეთ, დავუკავშირდით ერთ–ერთ პენსიონერს, რომელსაც საპენსიო სესხი აქვს და დავინტერესდით თუ რა პირობებით ჰქონდა არსებული სესხი აღებული. სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა ხელშეკრულების ნახვა, თუმცა არსებული პირობები საკმაოდ კარგად ახსოვდა.
როგორც აღმოჩნდა, პენსიონერს  2500 ლარიანი სესხი 4 წლის ვადით ჰქონდა აღებული, რომლის მომსახურებაზეც ყოველთვიურად პენსიის ნახევარს, ანუ 90 ლარს იხდიდა. ანუ, მას სესხის ვადის დასრულების შემდგომ, 2500 ლარიან სესხში 4320 ლარის გადახდა უწევს. თუკი ეროვნული ბანკის კალკულატორზე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს გამოვთვლით, დავინახავთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ,,ლიბერთი ბანკმა“ საპენსიო სესხი  34.47%–იაინი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით გასცა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და დაახლოებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხის პროცენტის ტოლია. გარდა ამისა, აქვე უნდა გავითვალისწინო თანხის განაღდების საკომისიო, რომელზეც ასევე დაწესებულია გარკვეული პროცენტი „ლიბერთი ბანკის“ მიერ და რაც ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდის.
როგორც ამ კონკრეტული მაგალითიდან ჩანს „ლიბერთი ბანკი“, ძირითადად, პენსიონერების ძარცვაზეა გადასული და სწორედ მათ ხარჯზე ახერხებს მაღალი მოგების მიღებას. ალბათ, აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბანკი არ ასაჯაროებს ინფორმაციას თუ რამდენი პენსიონერი სარგებლობს საპენსიო სესხით და რა პირობებით ხდება პენსიის წინასწარ აღება.
სხვათა შორის, კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ იმიტომ თქვა უარი საკუთარი ,,ქართუ ბანკისა“ და ,,ლიბერთი ბანკის“ გაერთიანებაზე, რომ ,,ლიბერთის“ პენსიონერების მძარცველი ბანკის იმიჯი აქვს საზოგადოებაში და ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გამოეწვია მის მიმართ, როგორც პენსიონერების, ასევე მოქალაქეების მხრიდან.
უპასუხოდ დატოვებული კითხვები
ეს კი ის კითხვებია, რომლითაც ,,ბანკები და ფინანსებმა“ ,,ლიბერთი ბანკს“ მიმართა, თუმცა ერთთვიანი უშედეგო ლოდინისა და არაერთი ზარის მიუხედავად, ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ მათგან. ბანკში ისიც კი არ უთქვამთ, რომ ინფორმაცია შესაძლოა კონფიდენციალური ყოფილიყო და მათ ამის გასაჯაროება არ სურდათ.
1. დღეის მდგომარეობით, რამდენი პენსიონერი სარგებლობს საპენსიო სესხით?
2. რამდენს შეადგენს საპენსიო სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი? (მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო განაკვეთების ჩათვლით)
3. რამდენ პენსიონერს აქვს წინსწრებით პენსია გამოტანილი?
4. რა პირობებით ხდება პენსიის წინსწრებით აღება? გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია.
5. მაქსიმუმ რამდენი თვის პენსიის გამოტანა შეიძლება წინსწრებით?
როგორც ჩანს, კითხვები იმდენად მძიმეა და რეალობაც იმდენად საგანგაშო, რომ ,,ლიბერთი ბანკი“ მის გამოქვეყნებას მაქსიმალურად თავს არიდებს და ცდილობს კვლავ ჩუმად გააგრძელოს საპენსიო სესხებით მაღალი შემოსავლის მიღება. თუმცა, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ,,ბანკები და ფინანსები“ ამჯერად საჯაროდ მოუწოდებს ,,ლიბერთი ბანკს“ გასცეს არსებულ კითხვებს პასუხი და კიდევ ერთხელ არ გაექცეს საპენსიო სესხების ირგვლივ არსებულ კითხვებს. თუ მათი მხრიდან დუმილი კვლავ გაგრძელდება, შევეცდებით თავად მოვიპოვოთ საპენსიო ხელშეკრულება და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ბანკის დამოკიდებულება ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე გაჭირვებული ფენის, პენსიონერების მიმართ.
გიორგი კაპანაძე
Share