Home » საზოგადოება » პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

პარლამენტის C კორპუსის სარემონტო სამუშაოებზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის სასახლის სარემონტო სამუშაოები იგეგმება. სამუშაოებისათვის პარლამენტის აპარატმა 1 100 000 ლარი გამოყო. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 1-ელ მარტამდე გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება პარლამენტის სასახლის C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის სარეკონსტრუციო- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.

როგორც მოთხოვნებშია მითითებული სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები უნდა შეასრულოს ისე, რომ ხელი არ შეუშალოს პარლამენტის ნორმალურ ფუნქციონირებას.

„მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარემონტო ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სარემონტო ადგილზე დაცული უნდა იყოს სანიტარული პირობები და უსაფრთხოების წესები; სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა. გამოსაყენებელი მასალები უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, მათი ფერი, ფორმა და ხარისხი, ასევე მოწყობილობები და დანადგარები მიმწოდებელმა წინასწარ უნდა შეუთანხმოს შემსყიდველს. ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში ევროპაში აღიარებულ სტანდარტებს“, – ნათქვამია მოთხოვნების გრაფაში.

სამუშაოების დასრულება ტენდერში გაფორმებულა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა უზრუნველყოს.

Share