Home » ეკონომიკა » პანკისური გაკვეთილი – გვჭირდება თუ არა ჰესები
პანკისური გაკვეთილი - გვჭირდება თუ არა ჰესები

პანკისური გაკვეთილი – გვჭირდება თუ არა ჰესები

პანკისური გაკვეთილი – გვჭირდება თუ არა ჰესები

ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა საქართველოში ჰესების მშენებლობის საკითხები. ბოლო დროს პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ არაინფორმირებულია იმაზე, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ჰესების მშენებლობა. ერთ-ერთ მკვეთრად გამოხატულ პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაციის დაბალი დონე ადგილობრივ მოსახლეობასთან.

თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ენერგეტიკის სექტორის განვითარების სტრატეგიულ მიზანს ენერგორესურსებზე თავისუფალი წვდომა და ამ რესურსების მიწოდების საიმედოობა წარმოადგენს და, შესაბამისად, რესურსების რაციონალური ათვისება, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მთავარი ამოცანაა. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ენერგოპოტენციალის მაქსიმალური ათვისება და გენერაციის ობიექტების მშენებლობა, ქვეყნების განვითარების უპირობო თავსატეხია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების პროტესტი მაინც აქტიურად გრძელდება.

უფრო დეტალურად თუ განვიხილავთ ჰესების მშენებლობის აუცილებლობას ვნახავთ, რომ ეკონომიკის განვითარების პარალელურად, ენერგორესურსებზე მოთხოვნა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც, რა თქმა უნდა, რესურსების უწყვეტი და საიმედო მიწოდება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის მოხმარება-მიწოდების პროგნოზისა და ანალიზის დროს, ნაგულისხმევია, რომ წლიურად საქართველოს ელ.ენერგიის მოხმარება დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული 5% მხოლოდ საპროგნოზო ციფრია და რეალურად, მოთხოვნის ზრდის ფაქტობრივ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ხშირ შემთხვევაში, ზრდა 5%-ზე მეტი გამოდის. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარება 11.29 მლრდ. კილოვატ-საათია. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლიურად საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 5%-ით გაიზრდება, 10 წელიწადში დაახლოებით, 17.51 მლრდ. კილოვატ-საათი ენერგიის მოთხოვნა გვექნება. ბუნებრივია, ამ მასშტაბის მოთხოვნის დაკმაყოფილების ყველაზე ოპტიმისტური და გამართლებული გზა, შიდა გენერაციის წყაროების განვითარებაა. რამდენადაც, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, იმპორტულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

17,51 მლრდ კილოვატსსაათი ენერგიის მოხმარების დაკმაყოფილება 2 განსხვავებული წყაროდან იქნება შესაძლებელი. ერთი, ეს იქნება იმპორტირებული ენერგია და მეორე, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია, რომელიც ასევე, იმპორტირებული ნედლეულისგან იწარმოება. პირველი ვარიანტი, ანუ ელ.ენერგიის იმპორტი ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, რამდენადაც, ელექტროენერგიაზე ფასი მუდმივად მზარდი ტენდენციით გამოირჩევა და მით უმეტეს, ზამთარში აღნიშნული ფასები პიკში ადის. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა მეზობელ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდა არის, რაც საქართველოს ენერგო და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, საკმაოდ დიდი ტვირთია. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, რაც თბოსადგურების მაქსიმალურ დატვირთვას ნიშნავს, ბუნებრივია, აქაც საკმაოდ დიდი პრობლემები წარმოიშვება. ერთი მხრივ, თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია საკმაოდ ძვირადღირებულია და მეორე მხრივ, აქაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების პრობლემა დგება, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე.

ზემოთ ნახსენები საკითხების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ჰესების მშენებლობის თემა ცივი გონებით შეფასდეს. ენერგეტიკის დარგის განვითარება, რასაკვირველია გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ. თუ გადავავლებთ თვალს საქართველოს საბალანსო ელექტროენერგიის ფასებს ვნახავთ, რომ ფასები ყოველწლიურად იზრდება და მითუმეტეს, ზამთრის, პიკურ თვეებში ყველაზე მაღალ წერტილს უახლოვდება. აქედან გამოსავალი რა თქმა უნდა ერთია, საქართველოს შიგნით უნდა მოხდეს შიდა რესურსების ათვისება. შესაბამისად, საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იქნება ტარიფების სტაბილურობის გარანტი.

ნათია წიკლაური

Share