Home » ახალი ამბები » პაატა იმნაძე – დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია, ფრთხილად ვიყოთ წყალთან
პაატა იმნაძე - დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია, ფრთხილად ვიყოთ წყალთან

პაატა იმნაძე – დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია, ფრთხილად ვიყოთ წყალთან

“დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია, ფრთხილად ვიყოთ წყალთან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ „ზაფხულის დაავადებების“ თავიდან ასაცილებლად საჭირო რამდენიმე ფაქტორი გამოჰყო, მათ შორის აღნიშნა, რომ წყალთან სიფრთხილე უპირველესია.

“პირველი და ძირითადია, რომ ფრთხილად ვიყოთ წყალთან. ბევრს ჰგონია, რომ ნებისმიერი წყარო სუფთაა, სამწუხაროდ, ასე არ არის და თუ არ ვართ დარწმუნებულები წყლის უსაფრთხოებაში, გადადუღებული წყალია საჭირო, 1 წუთი დუღილი ნებისმიერ წყალს უვნებელს გახდის – საბანაოს, სარეკრეაციოს თუ დასალევს. ფრთხილად უნდა ვიყოთ ასევე პატარა წყალსაცავებში ბანაობასთან დაკავშირებით. ასევე, თუ სადმე წყვეტილად მოდის წყალი, წამოსვლის შემდეგ 10 წუთი მაინც უნდა იდინოს, სანამ სასმელად ან საკვების გასარეცხად გამოვიყენებთ. ზაფხულში ყველაზე ხშირი ნაწლავების ინფექციებია, ამიტომ საკვებთანაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით, როცა ბუნებაში გავდივართ. ასევე გვახსოვდეს, რომ პროდუქტების შენახვა დიდი ხანი მაცივრის გარეშე საშიშია. პროდუქტში მოხვედრილი 1-2 მიკრობი არაფერს დაგვიშავებს, მაგრამ თუ ამ ტემპერატურაზე მისთვის ხელსაყრელ გარემოში მოხვდა, მაშინ უცებ გამრავლდება და რამდენიმე საათში უკვე სახიფათო გახდება. მაგალითად, თუ ის სალათის ფურცლებზე მოხვდა, საშიში არ არის, ხოლო თუ არაჟანში ან რძის სხვა პროდუქტში, იქ უკვე სახიფათო ხდება”, – განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე ისაუბრა მწერების შესახებ და აღნიშნა, რომ მათგან თავდაცვა დამაფრთხობლებით, რეპელანტებით არის შესაძლებელი.

“კოღოების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ შეგვაწუხებს, მაგრამ როგორც დაავადების გადამტანი, ამისთვის ორი პირობა უნდა იყოს: დაავადებული ადამიანი, რომლისგანაც კოღო გადაიტანს რაიმე დაავადებას და უნდა იყოს კოღოს ის სახეობა, რომელსაც შეუძლია ამ დაავადების გადატანა. ჩვენთან არის მალარიის გადამტანი კოღო. თბილისში არ არის, მაგრამ მის გარეთ ბევრია. ეს ყველა მწერს ეხება, რომ თუ გავდივართ ბუნებაში, შეგვიძლია თავი დავიცვათ რეპელენტებით, დამაფრთხობლებით, რომელთაც სხეულის ღია ნაწილებზე თუ წავისვამთ, მწერები აღარ მოგვეკარებიან. დაავადების გადამტანი მწერები საღამოობით გამოფრინდებიან ხოლმე, ამიტომ შებინდების მერე ძალიან პატარა ბავშვებს თუ გარეთ გამოვიყვანთ, ჯობს, იყვნენ გრძელსახელოებიანი ტანსაცმლით“, – განაცხადა იმნაძემ.

Share