Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი – საწვავს საქართველოში გააძვირებს არა აშშ-ირანის დაპირისპირება, არამედ გაუფასურებული ვალუტა
პაატა ბაირახტარი - საწვავს საქართველოში გააძვირებს არა აშშ-ირანის დაპირისპირება, არამედ გაუფასურებული ვალუტა

პაატა ბაირახტარი – საწვავს საქართველოში გააძვირებს არა აშშ-ირანის დაპირისპირება, არამედ გაუფასურებული ვალუტა

ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები ბოლო ორ დღეში განსაკუთრებით დაიძაბა. მხარეებს შორის აქამდე მიღწეული შეთანხმებები ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ევროპის ქვეყნები ორივე მხარეს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს, თუმცა ნავთობის  ტანკერები, სამხედრო მობილიზაცია და მხარეთა ლიდერების მიერ გაკეთებული ხისტი მუქარები საპირისპიროზე მეტყველებს.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო ნავთობის ფასები იზრდება. ბარელის ფასმა ლობდონის ბირჟაზე 1.9%-ით უკვე მოიმატა.  რა გავლენას მოახდენს ეს დაპირისპირება საწვავის ფასებზე გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში?

 დარგის სპეციალისტები ერთ რამეზე თანხმდებიან – მნიშვნელოვანია ეს დაპირისპირება გრძელვადიანი არ გახდეს და ძალიან მალე დასრულდეს.

ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი უახლოეს მომავალში საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას გამორიცხავს:

„მთავარია, მხარეები კვლავ შეთანხმდნენ და ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. რაც შეეხება დღეს მიმდინარე მოვლენებს, ნავთობის ფასთან მიმართებაში ურთიერთსაპირისპირო მოვლენები ხდება, რაც ჯერჯერობით მდგომარეობას აბალანსებს.   მაგალითად, ფასები გაზრდილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მაგრამ ბოლო ერთი თვეა რაც დაბალ იწევს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე. ფასების ბალანსი ამერიკის მხრიდან ნავთობის მოპოვების ზრდის შედეგია“.

რადგან ბოლო კვირებში აშშ-მ მეტი ნავთობი მოიპოვა და აწარმოა, ამ მიზეზით კი საერთაშორისო ბაზარზე საწავავის ფასები მკვეთრად არ გაზრდილა, ბაირახტარი დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ვითარებაზე ჯერჯერობით ვერ მოახდენს. ის, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავს გააძვირებს, ეს გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა.

„თუ გლობალურ ბაზარზე უფრო არ დაიძაბა ვითარება და ეს დაპირისპირება არ გაგრძელდა უფრო დიდხანს, მანამდე ჩვენთან გავლენას არ მოახდენს. აქ, დღეს სხვა რამეა უფრო პრობლემა – გაუფასურებული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში. ბოლო 7-8 დღეში 4 პუნქტით გაუფასურდა ლარი, რაც სერიოზული პრობლემაა. ნავთობკომპანიები კი, როგორც წესი, მსგავს შანსებს არ უშვებენ ხელიდან და მასინვე აძვირებენ პროდუქტებს“, – ამბობს ბაირახტარი.

უახლოეს მომავალში „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის 3-დან 5 თეთრამდე გაძვირებას პროგნოზირებს:

„ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არაჯანსაღი კონკურენტული გარემოა და კომპანიები ისევ ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში არიან. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარტელი ისევ არის… ამიტომ  ნავთობკომპანიები თავიანთი სურვილისამებრ მოქმედებენ და ახლაც, ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. საწვავს 5 თეთრამდე გააძვირებენ, როგორც კი ინდივიდუალური მარაგები ამოეწურებათ. თუმცა, ამ უკანასკნელსაც, სათავისოდ იყენებენ. მალევე იტყვიან, რომ მარაგები ამოეწურათ და მორჩა“.

commersant.ge

Share