Home » საზოგადოება » პაატა ბაირახტარი – ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს და უნდა ჩაერიოს დაუყოვნებლივ
პაატა ბაირახტარი - ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს და უნდა ჩაერიოს დაუყოვნებლივ

პაატა ბაირახტარი – ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს და უნდა ჩაერიოს დაუყოვნებლივ

მოწოდებები, რომლებიც ეროვნული ბანკის მიმართ ისმის, სავსებით საფუძვლიანია, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმაგანაცხადა.

მისი თქმით, არც ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრი არ არის გაუარესებული, გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა. შესაბამისად, წინა პლანზე იწევს გარკვეული საშინაო და ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა კურსის ცვალებადობაზე.

„სწორედ ასეთ დროს უნდა ჩაერიოს ცენტრალური ბანკი. ამიტომ სწორად მოუწოდებენ, როგორც მთავრობა, ისე ეკონომისტები და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ცენტრალურ ბანკს მოქმედებისკენ. ბოლო თვეებია, ყველა კურსის არაადეკვატურ გაუფასურებაზე საუბრობს, ერთადერთი, ვინც ამაში პრობლემას ვერ ხედავს, არის ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი. ამ რეალობაში აუცილებელია ცენტრალურმა ბანკმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები“, – განაცხადა ბაირახტარმა.

როგორც მან განმარტა, ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ინტერვენცია, არამედ ეროვნულ ბანკს გააჩნია საშუალოვადიან პერსპექტივებზე მოქმედი სხვა ინსტრუმენტები, მაგალითად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა.

„წინა სხდომაზე რომ გაზრდილიყო რეფინანსირების განაკვეთი, დარწმუნებული ვარ, არ გვექნებოდა დღეს ეს სურათი, რომელიც სავალუტო ბაზარზეა. დღეს სწორი მონეტარული პოლიტიკის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს და უნდა ჩაერიოს დაუყოვნებლივ“, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

Share