Home » ეკონომიკა » ოთარ დანელია: სოფლის მეურნეობის პროგრამებით ქართული ბიზნესი ნაკლებად ინტერესდება
ოთარ დანელია: სოფლის მეურნეობის პროგრამებით ქართული ბიზნესი ნაკლებად ინტერესდება

ოთარ დანელია: სოფლის მეურნეობის პროგრამებით ქართული ბიზნესი ნაკლებად ინტერესდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქართულ ბიზნესს სოფლის მეურნეობის პროგრამებით მეტი დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მინისტრმა ტექნოპარკში კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ განაცხადა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფოს მიერ წამოწყებულ პროგრამებზე ქართული ბიზნესის მხრიდან პროაქტიური რეაქცია არ არის.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროგრამებით ქართული ბიზნესი ნაკლებად ინტერესდება და ხშირად მათ უცხოელი ბიზნესმენების ძიება უწევთ.

ოთარ დანელიამ კერძო სექტორს მოუწოდა, აიღონ მაგალითი იმ ბიზნესმენებისგან, რომლებიც ეროვნულ საქმეს ემსახურებიან და ხშირ შემთხვევაში მათ მიერ ჩადებული ინვესტიცია არა მოგებაზე ორიენტირებული, არამედ საქველმოქმედოც კი არის.

მინისტრმა მოუწოდა ბიზნესის წარმომადგენლებს, გამოიყენონ ის რესურსი, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, რადგანაც ამ პროგრამებს ხელისუფლება მუდმივად ვერ განახორციელებს.

 „გამოგვიყენეთ, გამოიყენეთ სახელმწიფოს რესურსი“,- განაცხადა მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს ერთი და იგივე ადამიანების დებენ და ძალიან ცოტაა ამ სფეროში ახალი პიროვნება, რომელიც ფულის ჩასადებად მზადაა.

მისივე თქმით, ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა ასეთ საკითხებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

კონფერენციის ფარგლებში მინისტრმა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების მოკლე ანგარიში წარადგინა. ოთარ დანელიამ მელიორაციის მიმართულებით ინოვაციური პროექტების, აგროდაზღვევის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის პროექტის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, საექსტენციო მომსახურების გაძლიერების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სასურსათო უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული დარგის განვითარებისთვის სამინისტროს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად, ბორდოში 2017 წელი საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოსა და უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წლად გამოცხადდება.

კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2016 წელს“ მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
Share