Home » ფინანსები » „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიისთვის ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება
ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიისთვის ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება

„ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიისთვის ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება

„ოქროს სიასთან“ დაკავშირებულ ცვლილებებზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.

ამავე ინფორმაციაში უწყება განმარტავს, რომ ხორბალზე იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა შენარჩუნდება.

„გაცნობებთ, რომ 2019 წლის 31 მაისს, ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში.

ცვლილების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის ხუთდღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა.

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს, 2019 წლის 12 ივნისს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ბრძანების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, 2019 წლის 2 ივლისს.

ამასთანავე, ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share