Home » ეკონომიკა » OMV Petrom-მა შავი ზღვის რეგიონში ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა

OMV Petrom-მა შავი ზღვის რეგიონში ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება OMV Group-ში შემავალი OMV Petrom-მა 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა.

OMV Petrom-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პიტერ ცაილინგერის განცხადებით, კომპანია ადასტურებს მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელებას შავი ზღვის რეგიონში.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც შედის Han Asparuh (ჰან ასპარუჰის) საძიებო ლიცენზიაში ბულგარეთის ოფშორში. ეს რუმინეთის შავი ზღვის წყლებში ჩვენი 40-წლიანი გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა“, – განაცხადა პიტერ ცეილინგერმა.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რუმინეთის კონტინენტურ შელფზე კვლევა 1969 წელს დაიწყო. ნახშირწყალბადების პირველი მარაგი შელფზე აღმოაჩინეს 1980 წელს, ხოლო მოპოვება – 1987 წელს.

ამჟამად OMV Petrom, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, აწარმოებს საძიებო, განვითარებისა და წარმოების საქმიანობას წყალმარჩხ ადგილებში (ისტრიას ბლოკი) და ExxonMobil-თან თანამშრომლობით საძიებო სამუშაოებს ღრმაწყლოვან ზონებში (ნეპტუნის ღრმა წყლები).

Share