Home » საზოგადოება » „ოლიგოპოლიური გარიგებებით მოსახლეობის ძარცვა კიდევ უფრო ზრდის სიღარიბეს და აქ ნავთობპროდუქტების, ფარმაციის, კვების პროდუქტების ბიზნესები გამოირჩევიან, თქვენ კი ინკლუზიურ განვითარებაზე მეკითხებით“
„ოლიგოპოლიური გარიგებებით მოსახლეობის ძარცვა კიდევ უფრო ზრდის სიღარიბეს და აქ ნავთობპროდუქტების, ფარმაციის, კვების პროდუქტების ბიზნესები გამოირჩევიან, თქვენ კი ინკლუზიურ განვითარებაზე მეკითხებით“

„ოლიგოპოლიური გარიგებებით მოსახლეობის ძარცვა კიდევ უფრო ზრდის სიღარიბეს და აქ ნავთობპროდუქტების, ფარმაციის, კვების პროდუქტების ბიზნესები გამოირჩევიან, თქვენ კი ინკლუზიურ განვითარებაზე მეკითხებით“

„ოლიგოპოლიური გარიგებებით მოსახლეობის ძარცვა კიდევ უფრო ზრდის სიღარიბეს და აქ ნავთობპროდუქტების, ფარმაციის, კვების პროდუქტების ბიზნესები გამოირჩევიან, თქვენ კი ინკლუზიურ განვითარებაზე მეკითხებით“

მოსახლეობის სიღარიბის მაღალი დონის გამოწვევ მიზეზებზე BFM.GE-ს ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

– ეკონომიკა თითქოს იზრდება, მაგრამ სიღარიბე არსებითად არ მცირდება. არადა, „სტრატეგია 2020“–ში მთავრობამ ინკლუზიური განვითარება დასახა მიზნად. რატომ არის სიღარიბე ისევ მასშტაბური ქვეყანაში?

– ინკლუზიური განვითარება საქართველოშ მანამდე იქნება მითი, ვიდრე კარტელების პარპაში არ აილაგმება. თითქოს აქ პირდაპირი ბმა არ ჩანს, მაგრამ ვიდრე ეკონომიკური ზრდის შედეგებით ადამიანთა მცირე ჯგუფი სარგებლობს, გადანაწილების პოლიტიკა სიღარიბეს ეფექტურად ვერ შეამცირებს, უფრო მეტი აქცენტის გაკეთებაა საჭირო ეკონომიკურ აქტივობაში ადამიანების ჩართულობის გაზრდაზე. ამასთან, ეკონომიკური ზრდის 10%–ზე მეტის მიღწევამდე, ამ ზრდის სიკეთეს თითოეული მოქალაქე ვერ იგრძნობს.

თითქოს ბიზნეს–გარემო ქვეყანაში კარგია, ტურიზმი იზრდება, არის ინვესტიციებიც. რატომ არ უმჯობესდება ვითარება?

– ბევრი ფაქტორია გადამწყვეტი. ტურისტების ნაკადი დიდი რუსეთიდან, არადა, ამ დამოკიდებულებისგან განთავისუფლებაზე მოგვიწოდებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ. თუ ასე მოვიქცევით, სულ სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები გვექნება ტურიზმის მიმართულებით. რუსული ბიზნესი ისედაც სერიოზულ პოზიციებს ფლობს საქართველოში – „რაო აესი“, „თელასი“, „საქართველოს წყლის კომპანია“ და ა.შ. ამ მხრივ, ჩვენ რუსული ეკონომიკის ნაწილი ვართ და გულუბრყვილობაა იმაზე საუბარი, რომ კაპიტალს ეროვნება არ აქვს. სავაჭრო ბრუნვა დიდია თურქეთთან. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ თურქეთის ეკონომიკის ნაწილი ვართ. რუსეთი და თურქეთი თავიანთ შორის პარტნიორულ თანამშრომლობას აძლიერებენ – ეს ჩვენთვის ერთობ არასახარბიელო ვითარებაა, აშშ კი ჩვენგან შორსაა და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ხელს ეფექტურად ვერ უწყობს. თავისუფალ ვაჭრობაზე ამერიკასთან ჯერ მხოლოდ საუბრებია. აი, ჩინეთთან კი გვაქვს ასეთი სავაჭრო რეჟიმი, მაგრამ სულ ახლახანს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ გვითხრა, რომ ჩინური გავლენის გაძლიერება ჩვენს ეკონომიკაში სახიფათოა. მოკლედ, ვითარება ურთულესია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინკლუზიურ ეკონომიკაზე საუბარი ნაადრევი და სასაცილოა.

– სამაგიეროდ, ბიუჯეტი ივსება, ლარიც დავიჭირეთ, ბიზნესი გამართულად ფუნქციონირებს.

– ეს მხოლოდ ზედაპირია. პირდაპირი კერძო ინვესტიციების მოცულობა შორს დგას სასურველისგან. კონკურენცია სხვადასხვა სფეროში ფაქტობრივად არ არსებობს, განსაკუთრებით შემოსავლიან და მომგებიან დარგებში. იქ საერთოდ განუკითხაობაა და მოსახლეობის ძარცვა წლებია გრძელდება.

კერძოდ, რომელ სფეროებს გულისხმობთ?

– ყველას. მაგალითად, ნავთობპროდუქტების და კვების პროდუქტების იმპორტიორების საქმიანობას, ფარმაციის ბაზარს და ა.შ. აქ ყველგან სახეზეა ოლიგოპოლიური შეთანხმებები და ამას ანტიმონოპოლიური უწყების დასკვნაც კი ადასტურებს. მსოფლიო ბაზარზე ფასების აწევა მყისიერად და არა ადეკვატური მოცულობით აისახება ჩვენთან ბენზინის და დიზელის ფასზე, შემცირება კი აგვიანებს ასახვას და გაცილებით ნაკლებია შესაბამის დონეზე. ეს ყველაფერი ნავთობის მსოფლიო ბაზრის ფასების ცვლილების და ეროვნული ვალუტის კურსის აწევა–დაწევის ფაქტორების გათვალისწინებით შეუსაბამოა და ოლიგოპოლიური გარიგებების დანახვა აქ ძნელი არ არის. განმკითხავი კი არავინაა. სახელმწიფო გულგრილად შესცქერის ჩვენი შეჭირვებული თანამოქალაქეების ძარცვას დღისით–მზისით და ღამითაც, როცა პენსიონერი მისთვის საჭირო მედიკამენტს მთელი მკურნალობის კურსისთვის საკმარისს კი არა, 2–3 აბს ყიდულობს ბოლო ლარებით. გლეხს კი მოწეული ჭირნახული ბაზრამდე ვერ მიაქვს – ბენზინს ვერ ასხამს ადამ–პაპას დროინდელ „ჟიგულში“. ამ სფეროების ბიზნეს–სტრუქტურების მიერ ოლიგოპოლიური, ანუ შეთანხმებული ფასებით ოპერირება ბაზარზე წლებია გრძელდება. საწვავის ხარისხი ჩვენთან დაბალია, წამლების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, ინდოეთში, სხვა „მესამე სამყაროს“ ქვეყნებიდან საეჭვო ხარისხის მედიკამენტები ევროპული სტანდარტის წამლების ფასებით იყიდება. ჩვენთან კი ერთი და იმავე წამლების ფასები მაღალია ვიდრე თურქეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში. ამაზე ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ქალბატონმა ტიკარაძემაც ისაუბრა დანიშვნისას და თავის მთავარ პრიორიტეტად დასახა აქ ვითარების გამოსწორება. თუმცა, საუბარს იქით წავა თუ არა, ძნელი სათქმელია. ბიძინა ივანიშვილმა 2 წლის წინ ამაზე უსაყვედურა ბიზნესმენებს და მათთან შეხვედრაზე. იმათ თქვეს, არაო, ჩვენთან წამლების რამდენიმე ათეული შემომტანია და ბაზარი მონოპოლიზებული არ არისო. თვითონ მე მინდოდა წამლების შემოტანა და კარგად ვიცი, რაც ხდება, ვერ მომატყუებთო, მიუგო ბიძინამ (სავარაუდოდ, „ფარმა–დეპოს“ გულისხმობდა, რომელსაც ადრე მის სახელთან აკავშირებდნენ). განუკითხაობა იქამდეც მივიდა, რომ ეს კომპანიები ფლობენ აფთიაქებს, წამლების წარმოებას და საავადმყოფოებს, ანუ, მთელ ციკლს და არავინ ამაზე პასუხს არ ითხოვს.

თქვენ კი ინკლუზიურ განვითარებაზე მეკითხებით…

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share