Home » ბიზნესი » ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – რეგულაციები ევოლუციის პროცესია, მაგრამ თანაზომიერი უნდა იყოს
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – რეგულაციები ევოლუციის პროცესია, მაგრამ თანაზომიერი უნდა იყოს

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – რეგულაციები ევოლუციის პროცესია, მაგრამ თანაზომიერი უნდა იყოს

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი რეგულაციების დანერგვა ევოლუციის პროცესია და საქართველოს ეკონომიკას სამომავლოდ დიდ სიკეთეს მოუტანს, მაგრამ თანაზომიერი უნდა იყოს, ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში ახალი მთავრობის მიმართ ბიზნესის მოლოდინი საკითხი განიხილეს.

გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი მკვეთრად შემცირდა. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიზნესის ნაწილი და თავად ბიზნესომბუდსმენიც ბოლო პერიოდში უხვად შემოღებულ ახალ რეგულაციებს განიხილავს, რაც ბიზნესს ტვირთად დააწვა.

ხუნძაკიშვილის თქმით, რეგულაციების ეფექტი ინვესტიციებზე მოკლევადიანია და ის სამომავლოდ იმაზე ბევრად მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე დღეს იკარგება, თუმცა მათი დანერგვა ადეკვატურად უნდა მოხდეს.

„რეგულაციები ევოლუციის პროცესია. ან უნდა გავხდეთ ევროპა, ან დავრჩეთ სადაც ვიყავით. რეგულაციების ტვირთი შეიძლება, მოკლევადიანი იყოს, მაგრამ ზოგადად ჩვენი ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია მომავალში იმაზე მეტ სარგებელს მოიტანს, რაც შეიძლება დღეს გადავიხადოთ. გაცილებით მეტად მოახდენს იმ ხარჯის კომპენსაციას. თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესები. დიდ ბიზნესს ამ ტიპის პრობლემები არ უდგას. ჩვენ მეტი რესურსი გვაქვს. მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც პრაქტიკულად ეკონომიკის ხერხემალია, იმას უჭირს. ამიტომ თანაზომადი რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, როდესაც რომელიმე მეწარმე აწარმოებს საკვებს, რომელიც ვრცელდება რეგიონში ადგილობრივ ბაზარზე, სადაც მხოლოდ ათასი კაცია, მასზე არ უნდა გაავრცელო ისეთი რეგულაცია, რომელიც ვრცელდება მაგალითად ჩემზე, რომელიც მთელი საქართველოს და ევროპის მასშტაბით ექსპორტს ვაწარმოებ“, – განუმარტა ხუნძაკიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

„ბიზნესპარტნიორი“

Share