Home » მსოფლიო » ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური პირველი პასპორტი გაიცა
ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური პირველი პასპორტი გაიცა

ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური პირველი პასპორტი გაიცა

ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური პირველი პასპორტი გასცეს. როგორც BBC იუწყება, პირველი მსგავსი პასპორტის მფლობელი 57 წლის ლეონ ზეეგერსია, რომელიც საკუთარ თავს ინტერსექსუალად მიიჩნევს.

ბიოლოგიურ მამაკაცად დაბადებულმა ზეეგერიმ 2001 წელს სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. მან სასამართლოს გზით მიიღო უფლება, პასპორტში სქესის გრაფაში X ყოფილიყო აღნიშნული.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქისთვის გენდერულად ნეიტრალური პასპორტის გაცემაზე უარი მისი პირადი ცხოვრების, თვითგამორკვევისა და პიროვნული თავისუფლების უფლებას ლახავს.

პრეცედენტის მიუხედავად, ნიდერლანდებში გენდერულად ნეიტრალური პასპორტის მიღება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

BBC-ის მონაცემებით, ნიდერლანდების მოქალაქეების დაახლოებით 4 პროცენტი საკუთარ თავს ინტერსექსუალად მიიჩნევს.

გენდერულად ნეიტრალური პასპორტის მიღება ამ დროისთვის  მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშია შესაძლებელი – არგენტინა, ავსტრალია, კანადა, დანია, გერმანია, ინდოეთი, მალტა, ნეპალი, ახალი ზელანდია და პაკისტანი.

1tv.ge

Share