Home » ეკონომიკა » “ნენსკრა ჰესი” საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დამატებითი გარანტია იქნება
"ნენსკრა ჰესი” საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დამატებითი გარანტია იქნება

“ნენსკრა ჰესი” საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის დამატებითი გარანტია იქნება

“ნენსკრა ჰესი” – ჰიდროენერგეტიკული მეგაპროექტი, რომელმაც საქართველოს ენერგოსისტემას წლიურად დამატებით 1,2 მილიარდი კილოვატსაათი უნდა შეჰმატოს, მშენებლობის აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტი ხორციელდება კომპანია “ნენსკრა ჰიდროს”მეშვეობით, რომელიც სპეციალური დანიშნულების კომპანიაა და 2015 წელს წყლის რესურსების კორეული კორპორაცია “K-Water” -ისა და საქართველოს “საპარტნიორო ფონდის”თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

“ნენსკრა ჰიდრომ” სვანეთში, კერძოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ჰიდროელექტროსადგური უნდა ააგოს და შეთანხმებული ვადით (36 წლით) მისი შემდგომი ექსპლუატაცია გასწიოს.

მთავარი აქ ის არის, რომ განსხვავებით სხვა პროექტებისგან ენერგეტიკის სფეროში, ნენსკრა ჰესის პროექტი ე.წ BOT- წესს ექვემდებარება (Built Operate Transfer), რაც ნიშნავს, რომ მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ობიექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა. ამ 36 წლიან პერიოდში გამომუშავებულ რესურსს კი მთლიანად სახელმწიფო განკარგავს და პირველ რიგში შიდა მოხმარებისთვის იყენებს.

საქართველო, სამწუხაროდ, კვლავ ენერგოდამოკიდებულ ქვეყნად რჩება. ზამთრის პერიოდში, როდესაც მდინარეებში წყლის დონე იკლებს, ქვეყნის ელექტროენერგიით უწყვეტად უზრუნველსაყოფად ხორციელდება, როგორც ელექტროენერგიის, ისე თბოელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის იმპორტი. ამდენად, ჰიდროგენერაციის ზრდა, გარდა პირდაპირი საჭიროებისა, ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის ზრდასაც განსაზღვრავს.

“ნენსკრა ჰესის” მშენებლობის პროცესისა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე “ბანკები და ფინანსები” “ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორს თეიმურაზ კოპაძეს ესაუბრა.

– ბატონო თეიმურაზ, ფაქტია, ნენსკრა ჰესის მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ფაქტია. კონკრეტულად რა მახასიათებლები გამოარჩევს პროექტს სხვა ენერგოპროექტებისგან და რა გარემოებების გამო უნდა ჩაითვალოს “ნენსკრა ჰესის” პროექტი ქართული ჰიდროენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისად?

– “ნენსკრა ჰესის” პროექტი თავისი მასშტაბიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, მართლაც გახდება ქართული ჰიდროენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპი – ამაში დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ განვითარების ეს ეტაპი იქნება სრულ შესაბამისობაში ჰიდროენერგეტიკაში მსოფლიოში აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკასთან. ანუ, მივიღებთ მაქსიმალურ ეფექტს მინიმალური ზიანის ფონზე. ამის საშუალებას იძლევა ის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რომელთაც პრაქტიკაში ვიყენებთ.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კორეულ კორპორაცია  “K-Water” -ს პროფილური მიმართულების 50 წლიანი გამოცდილება აქვს.

კომპანიას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-Water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს.

K-Water-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობა და მართვა; წყლის რესურსების გამოყენებისა და განვითარებისათვის განკუთვნილი ნაგებობების მშენებლობა და მართვა; წყალდიდობებისა და გვალვების პრევენცია და სხვა.

ახლა უფრო კონკრეტულად “ნენსკრა ჰესის” პროექტის მიმდინარეობის თაობაზე. 280 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

პროექტის ფინანსური პარტნიორები არიან “ევროპის განვითარებისა და რეკოსტრუქციის ბანკი”, “ევროპის საინვესტიციო ბანკი” და “აზიის განვითარების ბანკი”. ამ სამი უმსხვილესი საფინანსო გაერთიანების პარტნიორება თავისთავადაა იმის გარანტი, რომ პროექტი მსოფლიოში დღეს არსებული ყველაზე მაღალი სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ეს სტანდარტები ეხება ყველა მიმართულებას იქნება ეს მშენებლობის პროცესი, ფინანსური მართვა, გარემოზე ზემოქმედების ნორმების დაცვა თუ ადგილობრივი მოსახლეობისა და პროექტში დასაქმებულთა სოციალური გარანტიების შექმნა.

ჰესის უმთავრესი პლუსი ის არის, რომ ელექტროენერგიას ზამთრის პერიოდშიც სტაბილურად გამოიმუშვებს და ადაპტირებულია ქვეყნის მოთხოვნებზე. ზოგადად, მოგეხსენებათ, ჰესები მეტ ელექტროენერგიას ზაფხულის პერიოდში აგენერირებენ. მაღალკაშხლიანი ჰესის მშენებლობა კი იმიტომ ხდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეზერვუარი, სადაც დაგროვდება წყალი და შემდგომ ამ წყლის გამოყენება ზამთრის პერიოდში მოხდება. ამდენად, “ნენსკრა ჰესი” სტაბილურად მოახდენს ელექტროენერგიის გენერირებას წლის ნებისმიერ სეზონზე. ამავდროულად, შედარებისთვის, ენგურჰესთან მიმართებით, ნენსკრა ჰესის რეზერვუარის მოცულობა 10–ჯერ ნაკლებია. წყლის სარკის ზედაპირიც, ენგურთან შედარებით, მცირეა – 2.7 კვ.კმ, ენგურის კი 13.5 კვ.კმ. კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი იქნება, თუმცა ტურბინები კაშხლიდან მოშორებით, მდინარის ქვედა დინებაში იქნება განთავსებული და გვირაბით დაკავშირებული, რაც წნევის შექმნას და ტურბინების მაღალეფექტურობას უზრუნველყოფს.

ვფიქრობ, სწორედ ზემოთჩამოთვლილი გარემოებების ერთობლიობა განსაზღვრავს, რომ ნენსკრა ჰესის პროექტი მართლაც გახდება ქართული ჰიდროენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი.

– თქვენ ახსენეთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალური გარანტიების შექმნა. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მიმართულება?

– ჩვენი, როგორც ინვესტორი კომპანიის ამოცანაა, რომ ადგილზე შევქმნათ კეთილმყოფელი მიკროსოციალური გარემო. ეს გულისხმობს ჰესის მშენებლობის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის პროექტში მაქსიმალურად ჩართვას. მათ მომზადებასა და გადამზადებას პროექტისთვის საჭირო სპეციალობების მიხედვით.

როცა პროექტი შევა ექსპლუატაციაში, ჯამში მუდმივი 80 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ამ ეტაპზე, მშენებლობის პროცესში დასაქმებულების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს. მესტიის ადგილობრივ ბიუჯეტში კომპანიის მიერ გადახდილი ქონების გადასახადი მხოლოდ მშენებლობის პერიოდში 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. რეგიონული განვითარებისთვის ეს ასევე საკმაოდ სერიოზული ბიძგის მიმცემი იქნება. შედარებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი ყოველწლიური ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს აღწევს.

კომპანიაში მოქმედებს სოციალური პასუხისმგებლობის მძლავრი მიმართულება, რომლის მიზანიც არის ნენსკრასა და ნაკრაში მცხოვრები მოსახლეობისთვის თანამედროვე ბიზნესგარემოსთან ადაპტირებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებაში დახმარება. საამისოდ კომპანია სხვადასხვა ტიპის პროფესიული გადამზადების ტრენინგებს დააფინანსებს. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან. სამომავლოდ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთანაც იგეგმება. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შედეგად უნდა მოიტანოს ხეობების მაცხოვრებელთა კეთილდღეობის მდგრადი ზრდა და მათი უკეთ ინტეგრირება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში.

– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც მასშტაბური ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით იჩენს ხოლმე თავს, ეს არის გარემოზე ზემოქმედების პრობლემა. რა ვითარებაა ამ მხრივ ნენსკრა ჰესის შემთხვევაში. რამდენად დააზიანებს პროექტი ენდემურ გარემოს?

-იმის თქმა, რომ პროექტი განხორციელდება და გარემო დარჩება პირვანდელ მდგომარეობაში, ცხადია, არ იქნება მართებული. მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ პროექტში გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კრიტერიუმები სრულად არის დაცული. უფრო მეტიც, დაცულია იმაზე მეტად, ვიდრე ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს. ეს ხდება იმიტომ და იმდენად, რამდენადაც ჩვენი პარტნიორები – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, გარემოზე ზემოქმედების კუთხით არიან უაღრესად სენსიტიურები.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ჰესის ინფრასტრუქტურაში შემავალი ყველა შენობა-ნაგებობის სეისმომედეგობა. შემიძლია გითხრათ, რომ “ნენსკრა ჰესის” ასაშენებლად ხდება იგივე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება, რაც სხვა სეისმოაქტიურ ქვეყნებში გამოიყენება, როგორიცაა, მაგალითად, იაპონია. ცხადია, ეს მიმართულებაც სტანდარტიზებულია და მკაცრად კონტროლდება როგორც საკუთრივ “ნენსკრა ჰიდროს” მენეჯმენტის, ისე პარტნიორების მხრიდან.

დღითი დღე ადგილობრივი მოსახლეობაც რწმუნდება იმაში, რომ ნენსკრა ჰესი არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას და საკუთრივ ენერგოსექტორს შემატებს ახალ ძალას, არამედ სწორედ მათი ხეობების და კონკრეტულად მათი საცხოვრებელი და ეკონომიკური გარემოს განვითარების განმაპიროებებელი ხდება.

ესაუბრა ბაჩანა ჯინჭარაძე

Share