Home » ეკონომიკა » ნავთობზე ფასების ვარდნის მიუხედავად, საქართველოში საწვავი არ იაფდება
ნავთობზე ფასების ვარდნის მიუხედავად, საქართველოში საწვავი არ იაფდება

ნავთობზე ფასების ვარდნის მიუხედავად, საქართველოში საწვავი არ იაფდება

უკვე 2 თვეა რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები იზრდება, საერთო ჯამში ფასები 14 -15 თეთრით გაიზარდა და დღეს ერთი ლიტრი პრემიუმის შეძენა, საშუალოდ 2.45 ლარად არის შესაძლებელი. ფასების მატება მნიშვნელოვან წილად უკავშირდებოდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდას, თუ მაისის თვის დასაწყისში ბარელის ფასი 67 დოლარს არ აღემატებოდა, მაისის შუა რიცხვებში ერთი ბარელის ფასმა 72 დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული პროცესები მთლიანად ფსიქოლოგიური და მოკლევადიანი ფაქტორებით იყო გამოწვეული და მნიშვნელოვანწილად უკავშირდებოდა სხვადასხვა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განცხადებებს.

უფრო კონკრეტულად კი ნავთობის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებამ მოახდინა, რომლის მიხედვითაც, ამერიკა ირანს უპრეცენდენტო სანქციებს დაწესებით დაემუქრა, რომელიც უფრო ხისტი იქნებოდა, ვიდრე 2012 – 2015 წლების დროს მოქმედი სანქციები. შეგახსენებთ, რომ ირანი დღეს ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია, სხვადასხვა მონაცემებით, დღეს ირანი 24 საათის განმავლობაში 1-დან 3 მილიონ ბარელამდე ნავთობის ექსპორტს ახორციელებს, რაც გლობალური ბაზრებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობაა, ამ მოცულობის ნავთობის მიწოდების შეწყვეტა მის ღირებულებაზე, სერიოზული გავლენას იქონიებს.

ბირჟებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ოპეკის აპრილის შეთანხმებამაც, აპრილის თვეში ოპეკმა შეამცირა ნავთობის მოპოვება 2016 წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 2,03 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, რითაც 172%-ით შეასრულა ვენის შეთანხმება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სწორედ აღნიშნულმა გარემოებებმა გამოწვია მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება, რომელიც თითქმის მყისიერად აისახა ადგილობრივ ბაზარზეც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ნავთობის ფასზე მოქმედი ფაქტორები ფსიქოლოგიური იყო, ხოლო ოპეკმა გარკვეულწილად უარი თქვა, მოპოვების შემცირების, შეთანხმების გაგრძელებაზე და რუსეთთან მოპოვების გაზრდაზე მოლაპარაკებები დაიწყო. საუბარია დღეში 1 მლნ ბარელამდე მოპოვების გაზრდაზე. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ინფორმაციამ მყისეიერი ზეგავლენა იქონია ბირჟებზე და ბარელის ფასი უკვე კვირაზე მეტია მცირდება.

თუმცა, თუ ფასების მატების ფონზე, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი სწრაფად იზრდებოდა, განსხვავებული მდგომარეობაა ფასების შემცირების შემთხვევაში. უკვე კვირაზე მეტია ნავთობზე ფასები ვარდება, მაგრამ მას ქართულ ბაზარზე ასახვა ჯერ არ ჰქონია. უფრო კონკრეტულად კი თუ აპრილის დასაწყისში (მანამ ადგილობრივ ბაზარზე ფასების მატება დაიწყებოდა) ერთი ბარელი 68 დოლარად ივაჭრებოდა, დღეს ერთი ბარელის ფასი 65 დოლარზეა ჩამოსული,  თუმცა ფასების მკვეთრი შემცირების პირობებშიც კი არ მოუღწევია ქართულ ბაზრამდე მსოფლიო ტენდენციებს.

არსებულ სიტუაციას ბაზარზე არაჯანსაღ გარემოს უკავშირებენ ეკონომისტები, როგორც აფბას ვიცე – პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, ნედლ ნავთობზე ფასების მატებამ, მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა კომპანიებმა საერთაშორისო ტენდენციებს ამჯერადაც დაასწრეს.

„ცხადია, მსოფლიო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენციებმა მოახდინა გავლენა ქართულ ბაზარზე იმდენად, რამდენადაც მაგალითად, ჭთI მარკის ნავთობის ფასმა 72 დოლარს გადააჭარბა გასულ თვეს, რაც ბოლო წლების მაქსიმუმია. შესაბამისად, შეუძლებელია ეს არ ასახულიყო ჩვენს ბაზარზეც, თუმცა თუ ქრონოლოგიურად გავყვებით პროცესებს დავინახავთ, რომ თითქმის მსოფლიო ბაზრების პარალელურად იცვლებოდა ჩვენს ბაზარზე ფასები, რაც ნამდვილად არ არის ჯანსაღი პროცესი. ასევე ჩვენ შეგვიძლია არსებულ მდგომარეობასაც შევხედოთ და დავინახავთ, რომ ბირჟებზე, ბოლო პერიოდში ფასების ვარდნის ტენდენცია გვაქვს და თუ წინა თვეში 72 დოლარად ივაჭრებოდა ბარელი, დღეს 65 დოლარზეა ჩამოსული. შესაბამისად, უნდა ველოდოთ ადგილობრივ ბაზარზეც ფასების შემცირებას, ვინაიდან შეუძლებელია მსოფლიო ბაზარზე ფასთა მსგავსი სხვაობა ადგილობრივ ბაზარზე არ აისახოს, მაგრამ ეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. ჩვენს რეალობაში კი რა სურათს მივიღებთ ამის პროგნოზირება ძნელია“, – ამბობს ბაირახტარი.

ბაირახტარმა, ასევე, არსებულ ფასზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულ რეალობაშიც საკმაოდ მაღალი მარჟებით ოპერირებენ ქართული ნავთობკომპანიები.

„ვინც ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს აკვირდება, უცხო არავისთვისაა, რომ კომპანიები მსოფლიოში ფასების მატების დროს უფრო მაღალი მარჟებით ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე, ვიდრე სტაბილური პროცესების დროს. ამის ნათელი მაგალითია კომპანიების საფასო პოლიტიკა, კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში. არსებული კონტრაქტების პირობებში მაგალითად კომპანია „რომპეტროლი“ სახელმწიფოს 0.36 ლარით, უფრო იაფად აძლევს ერთ ლიტრ საწვავს, ვიდრე საცალო ქსელში ყიდის მოსახლეობაზე. გასაგებია, რომ საბითუმო შესყიდვების დროს მცირედი შეღავათები მოქმედებს მაგრამ კომპანია ვერც საბითუმო შესყიდვების დროს იმუშავებს წაგებაზე, შესაბამისად გამოდის, რომ საცალო ქსელში კომპანიები 36 თეთრიანი მარჟებით ოპერირებენ, ასევე გასათვალსიწინებელია, რომ რიგ კომპანიებს უფრო მაღალი ფასიც აქვთ საცალო ქსელში, ვიდრე ზემოთ ხსენებულ კომპანიას“, – აცხადებს ბაირახტარი.

ნათია წიკლაური

Share