Home » ბიზნესი » ნავთობპროდუქტებზე ფასები 25,1%-ით გაიზარდა – გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში
ნავთობპროდუქტებზე ფასები 25,1%-ით გაიზარდა - გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში

ნავთობპროდუქტებზე ფასები 25,1%-ით გაიზარდა – გაძვირდება თუ არა საწვავი საქართველოში

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება, საქართველოში დოლარის კურსი 2,6727-დან  2,6912 ლარამდე  აიწია, როგორ აისახება ეს მოვლენები საქართველოს ბაზარზე  – აღნიშნულთან დაკავშირებით  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა განცხადება გაავრცელა.

“მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 14,4  დოლარით/ბარელზე ანუ 25,1%-ით და დღეისათვის შეადგენს 71,73 დოლარს/ბარელზე.  განსაკუთრებით ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდება აპრილის თვის დასაწყისიდან.

ფასების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამოდენიმე ფაქტორი. მათ შორის, შეერთებული შტატების მიერ ირანისა და ვენესუელის მიმართ დაწესებული სანქციები, რამაც კონკრტული შედეგები უკვე გამოიღო კერძოდ, ირანში შემცირებულია ნავთობის ყოველდღიური მოპოვება  3,33 მლნ/ბარელიდან (ოქტომბრის თვე) – 2,71 მლნ/ბარელამდე (მარტის თვე), ხოლო ვენესუელაში 1,19 მლნ/ბარელიდან (ოქტომბრის თვე) – 890 ათასი/ბარელამდე (მარტის თვეში). ასევე ბოლო პერიოდში ლიბიაში არსებული კონფლიქტური სიტუაცია და  „ოპეკი +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტების  შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც  საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებლით სრულდება.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე  S&P Global Platts ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის  ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად  იზრდება. კერძოდ, ბენზინის  ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 214,75$-ით/ტონაზე ანუ 45,4%-ით 688,0 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით 114,5$-ით/ტონაზე ანუ 22,6%-ით 620,50 დოლარამდე/ტონაზე.

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის — ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი.  კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6727 ერთეულს და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,6912ერთეულს.

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, წლის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 15-20 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს  ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი – 2,22-2,32 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი – 2,32-2,42 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი – 2,43-2,52 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი – 2,49-2,62 ლარი/ლიტრაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

Share