Home » მსოფლიო » ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა
ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა

ნავთობის ბაზარი ჩამოიშალა, 1 დღეში ფასი ელვისებურად დაეცა

“საქართველოში საწვავის ღირებულება კიდევ უნდა შემცირდეს, საახალწლოდ ეს საჩუქარი გაუკეთონ მოსახლეობას”

ბოლო 2 თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი იაფდება, მაგრამ გუშინ ბაზარი ერთბაშად ჩამოიშალა. ერთ დღე-ღამეში ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით დაეცა და ამ ეტაპზე “შავი ოქრო” 49 დოლარს ჩამოსცდა. გაიაფების ტალღა იმდენად მძლავრია, რომ ოპეკ-ი და ნავთობის ექსპორტიორები ფასების დაბალანსებას ვერაფრით ახერხებენ.

ფასების ვარდნის ფაქტორები კვლავ გაძლიერდება. როგორც უცხოელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პირველ რიგში ეს უკავშირდება ფიქლის ნავთობის ბუმს. ამ მიმართულებით 2018 წელს მოპოვება თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიზარდა და პირველ ადგილზე გადავიდა. გარდა ამისა, სახეზეა გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება და, შესაბამისად, საწვავზე მოთხოვნის ვარდნა.

მართალია, 2-3 კვირის წინ ოპეკ-ისა და მასთან შეთანხმებულად მოქმედი ქვეყნების გადაწყვეტილებამ ნავთობმოპოვების შემცირების თაობაზე დროებით შეუწყო ხელი ფასების ზრდას, თუმცა ნავთობის ფასი მხოლოდ ცოტა ხნით გაიზარდა 60 დოლარამდე, შემდეგ კი დაღმავალი ტრენდი განახლდა. განსაკუთრებით დიდი ვარდნა აღინიშნა სამშაბათ დილით, როდესაც “შავი ოქრო” ერთბაშად 10%-ით გაიაფდა და 1 ბარელის ფასი 47 დოლარამდე დაეცა. მოგვინებით იგი 49 დოლარის ფარგლებში გაჩერდა.

ნავთობმომპოვებლებისათვის ვითარება მეტად არასახარბიელოა, ამიტომ “ოპეკი პლუსმა” შესაძლოა, გააგრძელოს შეთანხმება მოპოვების შემცირების თაობაზე. ერაყის ნავთობის მინისტრმა თამერ ალ-გადბანმა განაცხადა, რომ გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს 2019 წლის პირველ ნახევარში ნავთობის მოპოვების შემცირებას, შესაძლებელია, გახანგრძლივდეს წლის ბოლომდე. მინისტრი დაეთანხმა საუდის არაბეთის პოზიციას, რომ შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უნდა გაგრძელდეს მთელი მომავალი წელი.

ქართველი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უცხოურ ბაზრებზე მიმდინარე ტრენდი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლოაბში შენარჩუნდება, თუმცა სიტუაციის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია. ანალიტიკოსი ბექა კემულარია ელოდება, რომ ფასების კლების ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზეც გაგრძელდება.

“საწვავის ფასი არ არის მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებაზე დამოკიდებული. სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს მას, მათ შორისაა პოლიტიკური ვითარება. პოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურდება ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში, პარალელურად არ მცირდება მიწოდება. ამჯერად გამოკვეთილად დადებით ტენდენციასთან გვაქვს საქმე, რადგან ფასი დიდი ხანია, ეცემა. უცხოელი ექსპერტები ამ პროცესს მეტ-ნაკლებად გლობალური ეკონომიკის ზრდის შემცირებას უკავშირებენ.

არსებული ტენდენცია ქართული ბაზრისათვის აშკარად ხელსაყრელია და ამით მომხმარებელმაც უნდა იხეიროს. ცხადია, მომხმარებლებისათვის ცვლილება ვერ იქნება მყისიერი, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ საწვავი გაიაფდეს. კლების ტრენდი შეინიშნება და უნდა ველოდოთ ამ პროცესის გაგრძელებას შემდეგშიც. ბოლო პერიოდში დაახლოებით 10 თეთრით შემცირდა ფასი და ერთი ამდენით კიდევ უნდა გაიაფდეს”, – ამბობს კემულარია.

კომპანია “სენტას” დამფუძნებელი, იმპორტიორი ზაალ იაკობიძე ვარაუდობს, რომ კომპანიები საახალწლოდ ფასს კიდევ ერთხელ შეამცირებენ.

“საერთაშორისო ბაზრებზე ფასების კლების ტემპი ბოლო პერიოდში ფაქტობრივად არ შენელებულა. ველოდები, რომ რამდენიმე დღეში ადგილობრივი ბაზარი ამ ტენდენციას გაითვალისწინებს და ფასების კორექტირებას მოახდენს. 3-4 დღის წინ 540 დოლარი ღირდა 1 ტონა ბენზინი და დღეს 450 დოლარია.

დიდი ვარდნაა და იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისათვის ეს საგრძნობი შეღავათია. მით უმეტეს, ლარი სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს და ამანაც უნდა მოახდინოს საწვავის ფასზე ზეგავლენა. ორივე ფაქტორი მომხმარებლის სასიკეთოდაა და ქმნის პირობას, რომ ავტოგასამართ სადგურებზე ფასი კიდევ შემცირდეს. საახალწლოდ ეს საჩუქარი უნდა გაუკეთონ მოსახლეობას, ნამდვილად არის ეს შესაძლებლობა”, – ამბობს იაკობიძე.

წყარო: “რეზონანსი”

Share